8-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ტურინის იუვენტუსმა იგორ ტუდორი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი ლუჩიანო სპალეტია.
Sky Sport Italia-ს ცნობით, იუვენტუსის წარმომადგენლები 66 წლის სპეციალისტს დღეს პირისპირ შეხვდებიან და მასთან კონტრაქტის კონკრეტულ დეტალებზე დაილაპარაკებენ.
როგორც ირკვევა, ისინი სპალეტისთვის სეზონის ბოლომდე გათვლილი ხელშეკრების შეთავაზებას აპირებენ იმ პუნქტით, რომ თუ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს, თანამშრომლობა კიდევ 1 ან 2 წლით გახანგრძლივდება.
იმავე Sky Sport Italia-ს ინსაიდერი, ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ სპალეტი თანახმაა როგორც ფუნდამენტურ პირობაზე, რაც ვეკია სინიორას ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანას ეხება, ასევე შემდგომი გახანგრძლივების დროზე - 1-წლიანიც მისაღებია და 2-წლიანიც.
გამოცემის მიხედვით, სპალეტიმ ბოლო თვეებში უარი უთხრა თურქულ ფენერბაჰჩესა და რამდენიმე ყატარულ გუნდს, რადგან სერია A-ში დაბრუნებაზეა ორიენტირებული.
სპალეტიმ ნაპოლი დატოვა 2023 წლის ივნისში, იქიდან 3 თვეში კი იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს - სკუადრა აძურადან მიმდინარე წლის ივნისში გაათავისუფლეს.
32-წლიანი სამწვრთნელო კარიერისას, სხვა გუნდებთან ერთად, რომა, ინტერი და ნაპოლი გაუწვრთნია, თუმცა იუვენტუსთან შეხება ამ დრომდე არ ჰქონია.