27 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იუვენტუსმა ლაციოსთან მატჩი (0:1) წააგო, ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-3 შეხვედრაში იგემა მარცხი და მოუგებელი სერია 8 მატჩამდე გაზარდა, რის შედეგადაც სერია ა-ში მე-8 პოზიციაზე ჩავარდა და მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი გაათავისუფლა.
მთავარი მწვრთნელის მოვალეობების დროებით შემსრულებლად მასიმო ბრამბილა დაინიშნა - სარეზერვო გუნდის (ნექსტ გენის) მწვრთნელი.
ტუდორმა იუვე მარტში, ტიაგო მოტას წასვლის შემდეგ ჩაიბარა. იმ დროს გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მეხუთე ადგილს იკავებდა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 1 ქულით ჩამორჩებოდა.
დარჩენილ ცხრა მატჩში იუვე ერთხელ დამარცხდა (პარმასთან), 5 გამარჯვება მოიპოვა და მეოთხე ადგილით ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. მაისში კონტეს შესაძლო დაბრუნებაზე იშვა საუბრები, თუმცა ანტონიო ნეაპოლში დარჩა, იუვენტუსმა კი ტუდორს კონტრაქტი 2027-მდე, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით გაუხანგრძლივა.
ხორვატ სპეციალისტთან ერთად კლუბი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც რეალთან მინიმალურად დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ახალი სეზონი პარმასთან და ჯენოასთან გამარჯვებებით და ინტერთან უხვგოლიანი დაპირისპირებით (4:3) დაიწყო, სადაც იუვენტუსი 82-ე წუთისთვის ჯერ კიდევ მარცხდებოდა. 9 ქულა სამი ტურის შემდეგ და სეზონის უდანაკარგო დასაწყისი.
შემდეგ ყველაფერი ქვემოთ წამოვიდა - ვერ მოუგეს ვერონას (1:1), ატალანტასთან მარცხს ბოლოსკენ გადაურჩნენ (1:1), ვერ გაუტანეს მილანს (0:0), წააგეს კომოსთან (0:2). ლაციოსთან მარცხი - ზედიზედ მეხუთე მოუგებელი მატჩია ჩემპიონატში და ამავე პერიოდში, გუნდმა მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და ორი გოლი გაიტანა. შედეგად, მერვე ადგილი და მხოლოდ 9 გატანილი გოლი 8 ტურში.
ტუდორის იუვენტუსი ძალიან ცუდად იწყებს თამაშებს: გუნდი შესვენებაზე უპირატესობით ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ გავიდა, ამაზე ცუდად პირველ ტაიმებში მხოლოდ სამი გუნდი თამაშობს. სამაგიეროდ მეორეებს იუვეზე ეფექტურად მხოლოდ ჩემპიონი ნაპოლი ატარებს. თუმცა, ეს გუნდს ცუდი სერიების შეწყვეტაში ვერ დაეხმარა: ტურინელებს ერთი თვეა გამარჯვების გემო აქვთ დავიწყებული. იუვეს პრობლემები ჩემპიონთა ლიგაზეც გადაუვიდა: გიჟური გოლების გაცვლა დორტმუნდთან (4:4) სადაც 90+2 წუთისთვის გუნდი 2 ბურთით აგებდა, შემდეგ ვილიარეალთან უკვე მეტოქემ გადაარჩინა ქულა მატჩის მიწურულს (2:2) მესამე წრეში კი რეალთან მარცხი იყო (ისევ მინიმალური ანგარიშით, როგორც ზაფხულში).
ორი ქულა და იუვე პლეი-ინის პოზიციის მიღმაა (25-ზეა). კი, წინ კიდევ ხუთი ტურია, გრანდები კი დამთავრდნენ, ხუთიდან ოთხი მეტოქე ევროპის ტოპ 5 ლიგის წარმომადგენელი არ არის (სპორტინგი, ბოდო გლიმტი, პაფოსი და ბენფიკა). მონაკოც კი დაძლევადი მეტოქეა. თუმცა, წინსვლისთვის გოლების გატანაა საჭირო, რაშიც გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს - ამას ბოლო ოთხი უგოლო მატჩი მოწმობს.
როგორც კი წარუმატებლობებმა იმატა, მწვრთნელის ინტერვიუები უფრო და უფრო გაცხელდა. ვერონასთან (1:1) მატჩში იუვეს კარში ხელით თამაშისთვის დანიშნულმა პენალტმა ხორვატი ძალიან გააბრაზა: "სამარცხვინო პენალტი დაგვიდეს. როგორ შეიძლება... თუ ბურთს ვერ ხედავ, რა უნდა ქნა? ეს არარსებული პენალტი იყო. მისი დანიშვნა შეეძლო მხოლოდ ადამიანს, რომელსაც ფეხბურთი არასდროს არ უთამაშია. სამარცხვინო წესია." და დაამატა, რომ ამ მატჩში ვერონას ფეხბურთელი იყო გასაგდები.
სამსაჯო კორპუსის მმართველმა ჯანლუკა როკიმ აღიარა, რომ პენალტი დასადები არ იყო, წითელი ბარათი კი სამართლიანი იქნებოდა. თუმცა იქვე დაამატა, რომ ბევრად რბილი ტონით ლაპარაკი არის საჭირო: "ვითხოვ თანამშრომლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ბაზრობას დაემსგავსება."
ამის შემდეგ ტუდორს ცხელ გულზე ხელში კალენდარი მოხვდა: "შვიდ დღეში 3 მატჩს ვატარებთ და საბოლოოდ ქულებს ვკარგავთ. ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს - უნდა დაფიქრდეს. მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვთამაშობდი და ვიცი, რომ სხვაობა მე-4 და მე-5 დღეს თამაშებს შორის არის სწორედ ის სხვაობა, რომელიც არის ქულების დაკარგვასა და გამარჯვებას შორის."
ამას მოჰყვა შედეგების გაუარესება, მწვრთნელი კი პრესკონფერენციებზე ჟურნალისტების შეცდომებს ეძებდა და უსწორებდა. ოქტომბრის ბოლოს იტალიური პრესა წერდა, რომ კლუბში ხორვატის საჯარო წუწუნი და მუდმივი სხვებისადმი პრეტენზიები არ მოსწონთ. იუვეს მენეჯერები აპირებდნენ ტუდორთან დალაპარაკებას, რომ საკუთარი მოსაზრება ბევრად რბილად გამოთქვას.
ეს ყველაფერი საჭირო აღარ არის. ლაციოსთან მარცხის მეორე დღეს ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ტუდორს გაშვების შესახებ შეატყობინეს ,მასიმო ბრამბილა კი დროებით მწვრთნელად ინიშნება. მალევე, ეს ინფო კლუბმაც დაადასტურა.
ოქტომბრის დასაწყისში Calciomercato წერდა, რომ იუვენტუსის ტექნიკური დირექტორი ფრანსუა მოდესტო რაფაელე პალადინოს შეხვდა. მათ ერთად მონცაში აქვთ ნამუშევარი, რის შემდეგაც პალადინო ფიორენტინას წვრთნიდა.
ჯანლუკა დი მარციო ამბობს, რომ ახლა მთავარი კანდიდატი ლუჩანო სპალეტია. ნიკოლო სკირა, მაგალითად, ლორან ბლანს ახსენებს. ასევე იტალიურ მედიაში წააწყდებით ედინ ტერზიჩის და რობერტო მანჩინის სახელებსაც.
თუმცა, ჯერჯერობით ბრამბილა იმუშავებს, თანაც, საკმაოდ მალევე - უდინეზესთან ოთხშაბათის საშინაო მატჩზე გუნდს სწორედ ის გაიყვანს.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები