მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური სრული სვლით მიმდინარეობს.
დღეს გაირკვევა და საბოლოოდ ისტორიას ჩაბარდება D, E და F ჯგუფები.
E ჯგუფი [23:55]
კიურასაო - კოტ'დიუვარი
ეკვადორი - გერმანია
გერმანიას პირველი ადგილი უკვე განაღდებული აქვს და ბევრი არაფრისთვის იბრძვის, კოტ'დიუვარს კი მეორე ადგილზე გასასვლელად კიურასაოსთან ფრეც ეყოფა, რადგან ასეთ შემთხვევაში 4 ქულა დაუგროვდება და პარალელურ მატჩში ეკვადორმა გერმანიას რომც მოუგოს და ასევე 4 ქულა დაუგროვდეს, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭება, სადაც აფრიკელებმა სამხრეთამერიკელებს 1:0 მოუგეს. შესაბამისად, ერთი კოტ'დიუვარისთვის მეორე ადგილზე გასასვლელად ერთი ქულაც სავსებით საკმარისი იქნება.
შანსები არ დაუკარგავს არც კიურასაოს, რომელსაც კოდ'ტიუვარის დამარცხებით მეორე ადგილზე გასვლაც კი შეუძლია, თუმცა საამისოდ იმედი უნდა ჰქონდეს, რომ პარალელურ მატჩში გერმანია ეკვადორს დაამარცხებს. ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვება და 4 ქულით თუნდაც მე-3 ადგილზე გასვლა თითქმის გარანტირებული პლეიოფია.
F ჯგუფი [03:00]
იაპონია - შვედეთი
ტუნისი - ნიდერლანდები
ეს ის ჯგუფია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და უკვე ოფიციალურად გავარდნილი ტუნისის გარდა, 3-ვე გუნდს შეუძლია როგორც პირველი, ისე მე-3 ადგილების დაკავება.
ამ მომენტისთვის ნიდერლანდები პირველ ადგილს იკავებენ, თუმცა იაპონიასთან თანაბარი აქვთ ურთიერთშეხვედრებიც და ბურთების სხვაობაც (+4), ერთადერთი, რითაც ევროპული ნაკრები ამ მომენტისთვის წინაა, გატანილი გოლებია, რომელიც ნიდერლანდებს 7 აქვთ, იაპონიას კი 6.
ამიტომ, თუ იაპონია შვედეთს იმაზე დიდი სხვაობით დაამარცხებს, ვიდრე ნიდერლანდები ტუნისს, პირველი ადგილიც დაკავებაზეც შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს.
თუმცა, იმედი არ დაუკარგავს თავად შვედეთსაც, რომელიც დღევანდელ მატჩში გამარჯვებით, ან თუნდაც ფრით, პლეი-ოფის თითქმის გარანტირებული მონაწილე გახდება.
D ჯგუფი [06:00]
პარაგვაი - ავსტრალია
თურქეთი - აშშ
ერთ-ერთი ის ჯგუფია, რომელშიც 4 შესაძლოდან 2 პოზიცია უკვე გარკვეულია - აშშ-ს პირველობა აქვს განაღდებული, თურქეთი კი მეოთხე ადგილიდან ურთიერთშეხვედრების ცუდი ბალანსის გამო ვერ ამოაღწევს და უკვე ოფიციალურად გავარდნილია. შესაბამისად, აქ გასარკვევი მხოლოდ ისაა, ვინ გავა მეორე ადგილზე და ვინ მესამეზე. ამ მომენტისთვის ავსტრალიაა მეორე ბურთების უკეთესი სხვაობის გამო (0 და -2), შესაბამისად, ამ მატჩში ფრეც სწორედ ავსტრალიელებს აძლევს ხელს.
აი პარაგვაის კი, პლეი-ოფში პირდაპირ გასასვლელად და მეორე ადგილის დასაკავებლად, გარანტირებულად მოგება სჭირდება.