ეროვნული ლიგა 2-ში მე-6 ტური დასრულდა და ლიდერი კვლავ შეიცვალა - თუ წინა ტურის შემდეგ, მარტვილის მერანი ერთპიროვნულად ლიდერობდა, ახლა ცხრილის სათავეში ორი კახური გუნდი მოექცა.
ტურის მთავარი მატჩი საგარეჯოში გაიმართა, სადაც დაუმარცხებელი, უჩა სოსიაშვილის სიონი ჩავიდა და სეზონში პირველად წააგო - კახელებს გამარჯვება ბექა გუგბერიძისა და ნიკა ჩოხელის გოლებმა მოუტანა.
შედეგად, გარეჯმა 10 ქულა მოაგროვა და გალიდერდა თანარეგიონელ სართიჭალის შტურმთან ერთად, რომელმაც გასვლით შეხვედრაში დუშეთის არაგვს 2:0 აჯობა - გოლები ირაკლი ლეკვთაძისა და გიორგი ომარაშვილის ანგარიშზეა.
შტურმი და გარეჯი, 10-10 ქულით, პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ, თუმცა საგარეჯოელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და ეს სტატუს-ქვო შაბათს, 11 აპრილს, აღდგება, როცა 1-ელი ტურის გადადებული 3 შეხვედრა ჩატარდება. საერთო ჯამში, ცხრილი ასე გამოიყურება:
1. შტურმი (სართიჭალა) - 10 ქულა;
2. გარეჯი (საგარეჯო) - 10 ქულა;
3. ოდიში (ზუგდიდი) - 8 ქულა;
4. თელავი (თელავი) - 8 ქულა;
5. მერანი (მარტვილი) - 8 ქულა;
6. კოლხეთი 1913 (ფოთი) - 7 ქულა;
7. ბოლნისი (ბოლნისი) - 6 ქულა;
8. არაგვი (დუშეთი) - 6 ქულა;
9. სამტრედია (სამტრედია) - 4 ქულა;
10. გორი (გორი) - 4 ქულა.
ჩემპიონატს, შტურმის სახით, ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი შემორჩა (2 მოგება, 4 ფრე), ხოლო ლიგის დებიუტანტი გორის გორი ასევე ერთადერთია, რომელსაც ჯერჯერობით თამაში არ მოუგია - 4 ფრე, 2 წაგება.
ბომბარდირთა დავაში, 4 გოლით, ოდიშის ოთარ კვერნაძეა საუკეთესო, მას კოლხეთის შემტევები, გრემ მეტუკი და ნიკოლას კაპანაძე მიჰყვებიან - 3-3 გოლი.
როგორც გითხარით, 11 აპრილს, 1-ელი ტურის გადადებული თამაშები ჩატარდება: სიონი სამტრედიას მიიღებს, გარეჯი - ოდიშს, ხოლო თელავი - არაგვს.
ცნობისთვის, ეროვნული ლიგა 2-დან უმაღლესი დივიზიონის საგზურს ჩემპიონი მიიღებს, მეორე-მესამე ადგილოსნები კი პლეი-ოფში ითამაშებენ.
ფოტო: FC Gareji