გიორგი ჩაკვეტაძემ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, მოედანზე დაბრუნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და გუნდთან ერთად სრულყოფილ ვარჯიშს დაუბრუნდა.
26 წლის ჩაკვეტაძე აპრილის დასაწყისიდან აღარ გამოჩენილა მოედანზე, როცა ბრისტოლ სიტისთან 2-1 დამარცხების შემდეგ ფეხში მწვავე და ძლიერი ტკივილი იგრძნო.
Watford Observer-ის ინფორმაციით, ჩაკვეტაძეს ძვალში რეაქცია განუვითარდა, რამაც სხეულის ქსოვილის შეშუპება გამოიწვია, რომელიც სითხის დაგროვებით არის გამოწვეული.
ამ ტიპის დაზიანება, როგორც წესი, გადატვირთვისა და განმეორებითი ზემოქმედებების შედეგად ჩნდება, რომლებიც ძვლის ქსოვილს აზიანებს.
სანაკრებო პაუზამდე საუბრებში უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ აღნიშნა:
"ის ახლა ცალკე ვარჯიშობს, მაგრამ შესაძლოა ერთ ან ორ კვირაში მის შესახებ კარგი ამბავი გვქონდეს. ასე ვიმედოვნებ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება მზად. ის კარგად მუშაობს და სამედიცინო პერსონალი შესანიშნავ საქმეს აკეთებს.
იმედს ვიტოვებ, მომდევნო დღეებში მზად იქნება." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
უოტფორდში ცდილობენ ფეხბურთელს ზედმეტი ზეწოლა და მოლოდინი არ დააკისრონ, განსაკუთრებით მისი ხანგრძლივი აღდგენისა და ტრავმის უნიკალური ხასიათის გამო.