მონტე კარლოს 1000-ქულიან მასტერსზე ფინალური მატჩი გაიმართა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები, კარლოს ალკარასი და იანიკ სინერი დაუპირისპირდნენ. მატჩი 2 საათი და 15 წუთი გაგრძელდა და იტალიელის გამარჯვებით 2 სეტში (7-6, 6-3) დასრულდა.
სინერმა ალკარასი ზედიზედ მე-2 მატჩში დაამარცხა და თანაც სეტის წაუგებლად, ეს იტალიელის მოგებული ზედიზედ მე-4 მასტერსია. ჯამში კი სინერმა მასტერსის ტურნირებზე ზედიზედ 22-ე მატჩი მოიგო და ბოლო 45 სეტიდან 44 მის ანგარიშზე მიითვალა.
იანიკმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-17 მატჩი მოიგო და ჯამში ბოლო 41 შეხვედრიდან 39 მოგებული აქვს. იტალიელის კარიერაში ეს მე-8 მასტერსის, ხოლო ჯამში 27-ე კარიერული ტიტულია, რაც შეეხება მონტე კარლოს ტურნირს, ეს აქ მისი პირველი ტიტულია.
ასევე აღსანიშნავია, რომ სინერი გახდა მე-2 კაცი ჩოგბურთელი ღია ერაში, რომელმაც ინდიან უელსი, მაიამისა და მონტე კარლოს მასტერსები ერთ სეზონში მოიგო. პირველად ეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2015 წელს შეძლო.
ამ გამარჯვებით იანიკ სინერმა კარლოს ალკარასს რეიტინგის ლიდერობა წაართვა და განახლებულ სიაში პირველ ადგილს სწორედ ის დაიკავებს.