არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
29 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბავშვობაში, ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო მჯდარიყო და ვაშლების მომწიფებისთვის ეყურებინა. პატარაობას ძირითადად წალენჯიხაში ატარებდა - თავისი ოჯახის მშობლიურ ადგილას, რომელიც კავკასიის მთებით არის გარშემორტყმული.
მის სახლსა და მდინარეს ერთი პატარა მწვანე მინდორი ჰყოფდა, რაც იდეალური საფეხბურთო მოედნის როლს ასრულებდა, რომ არა ერთი პატარა დეტალი - კარი დეკორატიული ორნამენტებით იყო გალამაზებული და ბადრი კვარაცხელიამ, რომელიც თავადაც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, ამ ბასრ მეტალზე არაერთი ბურთი გაგლიჯა და 30 წლის შემდეგ, თავისი მეორე შვილი - ხვიჩა გააფრთხილა ამის შესახებ.
შვილის გაფრთხილებიდან მალევე, ბადრის გარედან ამ კარზე ბურთის მოხვედრის ხმა მოესმა და გავიდა სანახავად, რამდენად გაითვალისწინა შვილმა მისი ნათქვამი, თუმცა სულ სხვა სურათი დახვდა - ხვიჩას თითოეულ ორნამენტზე ვაშლი წამოუცვამს იმისთვის, რომ მოხვედრის შემთხვევაში ბურთი არ დაეზიანებინა. ყოველ ზაფხულს, პატარა ხვიჩა ამ რიტუალს იმეორებდა და საბოლოოდ, მამაზე ბევრად ნაკლები ბურთი გააფუჭა.
თუმცა, სულ მალე ბადრის ახალი პრობლემა გაუჩნდა: "ეზოში ბალახი ვეღარ გაიხარებს, იმიტომ რომ მთელი დღე და ღამე მასზე ხვიჩა ბურთს თამაშობს."
მისი წარმომავლობის გამო, ხვიჩას გონივრულობაც მოსალოდნელი იყო. "მეგრელი ხალხი - ჭკვიანი ხალხია. ძალიან ჭკვიანი და კრეატიული. ჩვენ მთის ხალხი ვართ და შესაბამისადაც ვიქცევით. თუ ხელი ჩამოვართვით, საბუთი საჭირო აღარ არის. სწორედ ასეა გაზრდილი ხვიჩაც - ეს არის კულტურა, რომელმაც ის აღზარდა." - იხსენებდა ბადრი კვარაცხელია.
მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხის მოსახლეობა სულ რაღაც 25 ათას ადამიანს შეადგენს, მისმა მკვიდრებმა საქართველოს ისტორიაზე უზარმაზარი გავლენა იქონიეს. ტერენტი გრანელი 80 წლის მანძილზე საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტი იყო. მელიტონ ქანთარია კი - ჯარისკაცი, რომელმაც რეიჰსტაგზე 1945 წელს საბჭოთა დროშა აღმართა.
თუმცა, ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენთან ერთად გასვლამდეც კი, 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, შესაძლოა, ცნობადობით ნებისმიერი მათგანი დაჯაბნა.
ევროპული საკლუბო სეზონის მთავარ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, გამოცემა The Athletic-ი თბილისში ჩამოვიდა, რათა გაერკვია, როგორ და რა პირობებში იზრდებოდა ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს დედაქალაქში, სად დაიბადა მისი შეუდარებელი დრიბლინგი და რა ცხოვრებისებული ძალა აქვს დინამო თბილისის აკადემიას.
კვარაცხელიას თბილისურ სახლში ვიდეოკასეტა მოიპოვება, რომელიც ხვიჩას დედამ, მაკამ გააკეთა. გამომდინარე იქიდან, რომ ბადრი თავისი კარიერის გამო ხშირად სახლში არ იმყოფებოდა, მაკას ოჯახის მუდმივ კავშირზე შენარჩუნება სურდა. სხვათაშორის, ბადრი კვარაცხელიამ კარიერის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში გაატარა და იქ ეროვნულ ნაკრებში სამი თამაშის ჩატარებაც მოასწრო.
ამ კასეტაზე ბადრი აზერბაიჯანულ კლუბ "შამქირში" თამაშობს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს, რომელშიც ჰეთ-ტრიკი შეასრულა. მოგვიანებით, ხვიჩა მამას საჯარიმო დარტყმების გამეორებაზე საათობით ვარჯიშობდა.
დაახლოებით ათ წელიწადში, კვარაცხელიამ მამას შთაგონებისთვის მადლობა გადაუხადა.
აზერბაიჯანში მწვრთნელად მუშაობის პერიოდში, როცა ხვიჩა ფეხბურთში თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა, ბადრის გულის პრობლემები შეექმნა. ექიმების თქმით, მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა, რომლის საშუალებაც ოჯახს არ ჰქონდა.
18 წლის ასაკში კვარაცხელიას საქართველოს დატოვება არ სურდა. თუმცა, მალევე გაიგო, რომ რუსთავიდან ლოკომოტივში უწევს იჯარით წასვლა. ახალ სათამაშო ადგილას მისი პირველი ხელფასი საკმარისი აღმოჩნდა მამისთვის ოპერაციის გასაკეთებლად.
„მისთვის ეს საკითხი ეჭვქვეშაც არ დამდგარა, მან დაუყოვნებლივ მოგვცა მთელი თავისი პირველი ხელფასი." - თქვა ბადრიმ.
ბადრი ინტერთან ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც დაესწრება. თავისი გულის მოფრთხილების გამო, მას ზოგჯერ საოჯახო ლოჯაში უწევს დარჩენა. თუმცა, ის იანვარში კვარას პარიზული კარიერის ამ დრომდე ყველაზე მნიშვნელოვან მომენტსაც დაესწრო, როცა მისმა შვილმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ასტონ ვილას კარი აიღო.
თავის საუკეთესო ფორმაში კვარაცხელია კი არ მირბის, არამედ მისრიალებს და მოძრაობას წყალივით იცვლის. ვილას ცენტრალური მცველი აქსელ დისასი დინებამ წაიღო, მისი დარტყმა კი შეტყობინება იყო ყველასთვის, რომ კვარაცხელიასთან ერთად ეს პსჟ - სულ სხვა სიძლიერის გუნდია.
მის მშობლებს მსგავსი რამ იქამდეც არაერთხელ უნახავთ.
„ჩვენი უფროსი შვილი ხუთი წლით დიდია და ხვიჩას სულ მასთან ერთად უნდოდა ყოფნა. თუმცა, ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში შევნიშნეთ მისი ნიჭი - ხვიჩა წარმოუდგენელი სისწრაფით მიიწევდა წინ და ტემპის დაგდების გარეშე 90 გრადუსით შეეძლო მიმართულების შეცვლა." - იხსენებდა მაკა.
„ერთხელ ხვიჩას კიმანო აჩუქეს და უთხრეს, ძალები ძიუდოში მოესინჯა - ეს ისეთი სპორტის სახეობაა, სადაც წამითაც რომ მოადუნო ყურადღება, უკვე ტატამზე ხარ. მწვრთნელმა მისი რეფლექსები დაინახა და ეგრევე შეამჩნია, რომ ის მომავალი სპორტსმენია." - დაამატა ბადრიმ.
ჩემპიონთა ლიგის დონეზე დრიბლინგი არის ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა. მისი პირველი მწვრთნელები აღტაცებულები იყვნენ მისი სწრაფი, მაგრამ რბილი შეხებებისგან, რომელიც ხშირად უფრო ფარიკაობის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე ფეხბურთის. ამბობენ, რომ დიდ ტექნიკოსებს ჯერ ბურთი უყვარდებათ, შემდეგ კი სპორტი. კვარაცხელიაც არ იყო გამონაკლისი.
„მან სიარულიც ბურთთან ერთად დაიწყო და ძილითაც ბურთთან ერთად იძინებდა. ჩვენს რაიონში ბევრი პატარა ბეტონის მოედანი იყო. საღამოობით, ბადრის არყოფნაში, მას ყველა მოედანზე სათითაოდ ვეძებდი და ბოლოს ასი მეტრის მოშორებით, ერთ-ერთზე ვპოულოდი.
თუმცა იცით, ის პატარაობიდანვე არ თამაშობდა სიამოვნებისთვის. როგორც კი ბურთს დაკარგავდა, ეგრევე უკან მორბოდა საკუთარი კარის დასაცავად, მეკარის დასახმარებლად. ვფიქრობ, ამიტომაც ვიცოდი, რომ მას ნაპოლიში ყველაფერი მშვენივრად გამოუვიდოდა." - აღნიშნავდა მაკა საუბარში.
სწორედ იტალიაში, სადაც კვარა 2022 წელს გადავიდა, მისმა დრიბლინგმა კონტინენტალური რეპუტაცია მოიპოვა. ნაპოლის ქომაგებმა მალევე შეიყვარეს ეს მოხრილი ახალგაზრდა შეკრული წარბებით, რომელიც ბურთთან პატარა, მაგრამ იდეალურ შეხებებს აკეთებდა, თითქოს ბურთს კი არ ეხებოდა, არამედ ვიოლინოზე უკრავდა. ჯერ კვარადონა შეარქვეს, შემდეგ - კვარავაჯო. მისი ხელოვნება თბილისის ბრუტალიზმის ფონზე შეიქმნა.
„ძალიან პატარა მოედნები იყო და სულ 6-7 კაცი გეხვია გარშემო, ამიტომ მანევრირება რთული იყო და ბურთის ასე ტარება გიწევდა. თანაც, როცა ასფალტზე თამაშობ, საკუთარი თავის მოფრთხილება გიწევს. ამის გამო ფეხზე მყარად უნდა იდგე, რადგან თუ დავარდი - ტრავმას მიიღებ." - ამბობდა ბადრი.
თბილისი ჭრელი შუქის ქალაქია. დაბზარული ბეტონიდან მწვანე შუქი ანათებს, მისი სილამაზე კი კიდეებიდან ბრწყინავს. კვარაცხელიას სახე ქვეყნის უდიდესი და ყველაზე ცნობილი საკათედრო ტაძრის, სამებისაკენ მიმავალ გზაზეც არის გამოსახული. ეს არის ქართული წყლის რეკლამა, რომელიც ახლა პსჟ-ს სპონსორია. პოლიტიკური ორთაბრძოლის ცენტრში მყოფი ქვეყნისთვის, ხვიჩა არის ადამიანი, რომელსაც მოსახლეობის გაერთიანება შეუძლია.
კვარაცხელია დინამო თბილისის მთავარმა სკაუტმა თემურ უგრეხელიძემ 10 წლის ასაკში შენიშნა, როცა ის მეზობელ ბავშვებთან ერთად თამაშობდა. უგრეხელიძემ ბევრ წარმატებულ ქართველ ფეხბურთელს გადაადგმევინა პირველი ნაბიჯები - დაწყებული გიორგი მამარდაშვილით, გაგრძელებული ზურიკო დავითაშვილით და დამთავრებული გიორგი ჩაკვეტაძით - სამივე ეს ფეხბურთელი დღეს ნაკრების განუყოფელი წევრია. დინამოს აკადემიაში თავის ოფისში ჯდომის დროს, კვარაცხელიას გახსენებაზე ის კეპს იხურავს და ლაპარაკს იწყებს:
„მისმა სიმამაცემ მიმიზიდა. ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად იკვეთებოდა. ყოველთვის, როცა ბურთი ჰქონდა, ის წინ ცდილობდა წასვლას. ბევრი ფეხბურთელია, ვინც ერთხელ რაღაცას სცდის, ბურთს დაკარგავს და მეორედ ამის გაკეთება შეეშინდება. თუმცა, კვარამ ბურთი ხუთჯერაც რომ დაკარგოს, მაინც შეეცდება წინ წასვლას და ფეხბურთელის მოტყუებას."
კვარაცხელიას პირველი დღე დინამოში კლუბის ახალი აკადემიის გახსნას დაემთხვა, რომელსაც რეალის იმდროინდელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუც დაესწრო.
წლების შემდეგ, როცა საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია დაამარცხა, იმდროინდელი სურათი ამოტივტივდა ინტერნეტში, რომელზეც პატარა კვარაცხელია თავის კუმირთან ერთად სურათში გამოჩენას ცდილობს.
მაშინ, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გუნდის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების აღსანიშნავად გარბოდნენ, კვარაცხელია შუა გზაზე გაჩერდა, რათა თავის კუმირთან მისულიყო და გამოლაპარაკებოდა.
ხვიჩამ რონალდუს უთხრა: "ძალიან ვწუხვარ, რომ მოგიგეთ." - იხსენებდა მაკა. "უნდოდა დარწმუნება, რომ ყველაფერი კარგად არის და მათ შორის უსიამოვნებას არ აქვს ადგილი, რონალდუმ კი უპასუხა: "წარმატებები, შენსკენ ვარ." მოგვიანებით, კრიშტიანუ თავად შევიდა საქართველოს ნაკრების გასახდელში, რათა ხვიჩასთვის თავისი მაისური გადაეცა."
თუმცა, დინამოს აკადემიის მთავარ ვარსკვლავად იმდროს სულ სხვა ფეხბურთელი ითვლებოდა.
„კვარა იმ დროს ჩვენი უძლიერესი ფეხბურთელი არ ყოფილა. ზურიკო დავითაშვილი ბევრად მაგარი იყო. ხვიჩას ყოველთვის ჰქონდა საჭირო თვისებები, მაგრამ გამხდარი და სუსტი იყო, რის გამოც სირთულეებს აწყდებოდა." - იხსენებდა აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე.
„ზოგჯერ, 2001 წლიან ბავშვებს 2000-ანებთან ერთად ვათამაშებდით ხოლმე, თუმცა ხვიჩა სულ თავისი ასაკის ბავშვებთან ერთად თამაშობდა, უფროსებთან ერთად ვერა."
თავისი ძმებისგან განსხვავებით, ხვიჩა ბევრად ნელა იზრდებოდა - მისი ოჯახის აზრით, სწორედ ამის ხარჯზე გახდა ის უფრო გამძლე ტრავმების მიმართ, რადგან მისი სხეული უკეთ ეგუებოდა მის მოყვანილობას.
ის თავის ასაკობრივ ჯგუფებში უფრო მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე თამაშობდა, ვიდრე დღეისთვის თავის საყვარელ მარცხენაზე. გამომდინარე იქიდან, რომ დინამოს პატარების გუნდებში ფლანგის მცველების ნაკლებობა იყო, შემტევებს უკან ჩამოსვლაც ევალებოდათ, რაც საბოლოოდ მათ შრომისუნარიანობას ზრდიდა. გვანცელაძეს მიაჩნია, რომ მარჯვნივ თამაშმა მას მარცხენა ფეხზე ბურთის გადატანის განვითარებაში შეუწყო ხელი, დაცვაში ჩამოსვლა კი ლუის ენრიკეს სისტემასთან ადაპტაციაში დაეხმარა.
„კიდევ ერთი რამ, რაც მას ბავშვობიდან დღემდე ეხმარება არის ის, რომ იმდროისთვის ჩვენ საქართველოს ყველაზე ძლიერი გუნდი ვიყავით. მეტოქეები ძალიან დაბალი დაცვით იცავდნენ თავს და მოედნის ბოლო მესამედში სივრცეები თითქმის არ იყო. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა დაგხმარებოდა იყო შენი კრეატიულობა და აგრესიულობა მცველთან ერთი ერთზე თამაშისას - ეს მას დღემდე პსჟ-შიც მიჰყვება." - ამბობს გვანცელაძე.
„მის ბავშვობაში იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როცა მას ძალიან ძლიერი ვირუსი შეხვდა და 1 თვე ვერ ვარჯიშობდა, რაც 14 წლის ბავშვისთვის საშინელებაა. ამ დროს მათ მთავარ მეტოქესთან, საბურთალოსთან ჰქონდათ თამაში და კვარას მოთხოვნით, ის სათადარიგოთა სკამზე მაინც დასვეს. პირველი ტაიმის ბოლოს დინამოს მეკარე გაუგდეს, შემდეგ ხვიჩა შემოვიდა მოედანზე და უცებ: 3-0 დინამოს სასარგებლოდ, სამივე გოლი ხვიჩამ გაიტანა." - იხსენებდა ბადრი კვარაცხელია.
კვარაცხელიას ოჯახი სირთულეებს წააწყდა, როცა ხვიჩა გარდატეხის ასაკის შუა პერიოდში შედიოდა. ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა - ბადრის აზერბაიჯანში მოუწია დარჩენა და სამსახურის ძიება, მაკა კი დროებით წალენჯიხაში დაბრუნდა.
„როცა პატარა ვიყავი, ჩემი ცხოვრება ბევრად რთული იყო." - წერდა ხვიჩა შარშან The Players' Tribune-ში. "ზოგჯერ ნაკლებად. დეტალების გარეშე. მაგრამ ყოველთვის მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, ხომ ხვდებით?"
მაკა მას ტურნირებზე ცოტაოდენ ფულს ატანდა, საკუთარი თავისთვის რომ მიეხედა. "ხო, მაგრამ არასდროს არ ხარჯავდა. თავისთვის იტოვებდა, შემდეგ კი ბრუნდებოდა და ან ძმებს ახარჯავდა, ან მეგობრებს, ან გაჭირვებულს მაკდონალდსზე პატიჟებდა. სულ სხვისთვის ცდილობდა გაყოფას." - იხსენებდა მაკა.
კვარაცხელიას სირთულეებთან გამკლავებაზე ნერვიულობის ფონზე, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა, ვლადიმერ (ლადო) კაკაშვილმა აკადემიის დირექტორს თხოვნით მიმართა.
„წესი იყო, რომ აკადემიაში ცხოვრება მხოლოდ თბილისს გარეთ მცხოვრებ ბავშვებს შეეძლოთ. თუმცა, გვანცელაძეს ვთხოვე, გამონაკლისი დაეშვა და ხვიჩასთვის მიეცა იქ ცხოვრების უფლება. ეს მას ძალიან დაეხმარა."
„ბიჭები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, დღეში ორჯერ ვარჯიშობენ. ინდივიდუალური ვარჯიშები დილის 7-ზე აქვთ, საღამოსკენ კი გუნდთან ერთად მუშაობენ. მას შეეძლო გაეღვიძა, ინდივიდუალურად ევარჯიშა და სკოლაში წასულიყო. ეს ყველაფერი მის ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდიდა და ბევრ დროს უზოგავდა." - აღნიშნა გვანცელაძემ.
ყველა ოთახი მარტივია, ორი ერთადგილიანი საწოლით და ორი კარადით. კვარაცხელიას ძველ ოთახში დღეს მეორე გუნდის ფეხბურთელი რაულ ბარათელია ცხოვრობს, ასევე ვინგერი და ასევე სამეგრელოდან.
„კვარამდე ეს შეუძლებელი ჩანდა. ევროპის ტოპ ლიგებში არცერთი ფეხბურთელი არ გვყოლია. ახლა კი მან ყველათვის გახსნა კარი. ქართველებს უმაღლეს დონეზე შეუძლიათ თამაში, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა და შესაძლოა, მისი მოგებაც კი." - ამბობს ბარათელია.
გვერდს მას უმშვენებს ჯულიეტა ფიფია - ბაზაზე მცხოვრები ფეხბურთელების საერთო დედა. "ჩვენ განსაკუთრებული კავშირი გვქონდა, იმიტომ რომ იმ დროს ხვიჩა ერთადერთი მეგრელი იყო. ერთმანეთს მეგრულად ველაპარაკებოდით, ის მეგრულ საჭმელს მთხოვდა და სულ ელარჯის ჭამა უნდოდა."
2016 წელს დინამოს აკადემიაში პირველად ჩატარდა ვიტალი დარასელიას თასი - საერთაშორისო ტურნირი 16 წლამდელთა გუნდებისვის. 15 წლის კვარას იმ ტურნირზე მონაწილეობა არ უნდა მიეღო.
„ბოლო მომენტში ერთმა გუნდმა მონაწილეობაზე უარი თქვა. ფორმატის შეცვლა ძალიან გვიანი იყო. იმ დროს 2000-იანების გუნდში უკვე იყო რამდენიმე 2001-წლიანი ფეხურთელი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ დარჩენილი ფეხბურთელებისგან "ბ" გუნდი შეგვექმნა." - იხსენებდა გვანცელაძე.
„ეს ხვიჩას პირველი დიდი გამოწვევა იყო სხვა ქვეყნის გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც, ყველაფერთან ერთად, მასზე ერთი წლით დიდებიც იყვნენ. თუმცა, მან იმდენად კარგად ითამაშა, რომ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული კლუბები მხოლოდ მასზე ლაპარაკობდნენ.
ის ტურნირის ნამდვილ აღმოჩენად იქცა." - იხსენებდა ლადო კაკაშვილი.
შოთა რუსთაველის მიერ ვეფხისტყაოსნის დაწერიდან 800 წლის შემდეგ, რომელიც საქართველოს ლიტერატურისთვის საკვანძო და გადამწყვეტ ნაწარმოებად იქცა, საქართველომ თავისთვის ახალი რაინდი და გმირი აღმოაჩინა. მოედნის ფარგლებს მიღმა კვარაცხელია იყო კეთილი, თვითგანვითარების იდეით შეპყრობილი და ძალიან ზრდილობიანი. მოედანზე კი აგრესიას ასხივებდა.
„ის ზუსტად ამ პერსონაჟივით არის. ვერცერთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ, რომ ის შარში გახვეულიყო, თუმცა ზუსტად მისი თვისებების შერწყმა ხდის მას ასეთ დიდ ფეხბურთელად: მისი სიმამაცე, ფიზიკური ფორმა და ტექნიკური შესაძლებლობები." - ამბობს უგრეხელიძე.
სულ მალე, კვარას უფრო დიდი ამბები ელოდა. ვიტალი დარასელიას თასზე დებიუტიდან არასრულ ერთ წელიწადში, ხვიჩას დინამოს პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი.
“არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!” - წერდა რუსთაველი.
"იცით, რომ ნეაპოლი საქართველოს ჰგავს? ორივეგან ემოციური ხალხი ცხოვრობს, ძალიან ემოციური. ფეხბურთზე ვგიჟდებით. ეს ცხოვრების ნაწილი კი არა, ჩვენი ცხოვრებაა." - ამბობს ბადრი კვარაცხელია.
ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ კვარაცხელიას პროგრესი ნაპოლიში ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით მოხდა. 12 გოლითა და 13 საგოლე პასით სწორედ კვარა გახდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც კლუბს 33 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო მოაგებინა.
ნაპოლის მიერ სკუდეტოს წელსაც მოგების შემდეგ, კვარაცხელიას, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი იტალიაში გაატარა, უპრეცენდენტო მიღწევის შანსი აქვს: ერთ სეზონში მოიგოს სერია ა, ლიგა 1 და ჩემპიონთა ლიგა.
„დინამო ბათუმის დატოვებისას ხვიჩა ძალიან დაინტრიგებული იყო, თუმცა ვუთხარი, რომ არც ბონუსებზე ეფიქრა და არც ხელფასზე. "იქ უნდა ითამაშო, სადაც მარადონა თამაშობდა, იგივე სტადიონზე, იგივე გასახდელში. უბრალოდ წადი და კონტრაქტი გააფორმე." - ამბობს ბადრი.
მისი მამის კუმირისგან განსხვავებით, კვარადონა გაცილებით მეტად მორცხვი და ჩაკეტილია. მისი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა - მისი მეუღლე, რომელიც სამედიცინოზე სწავლობს და პატარა შვილი.
ერთხელ, 2022 წლის სექტემბერში ლივერპულთან მატჩის შემდეგ, ბადრიმ შვილს ვირჯილ ვან დაიკის მაისური სთხოვა.
„მატჩის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მაისურის თხოვნა ძალიან მოერიდა. ლივერპულში გამართული მეორე მატჩის შემდეგ, ვირჯილმა მას თავად დაუძახა და ჰკითხა, მაისურები ხომ არ გავცვალოთო."
„სიმართლე გითხრათ, მისთვის ფეხბურთის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს." - ამბობს მაკა.
გუნდური მგზავრობების დროს კვარაცხელიას ყოველთვის კუთხეში, წიგნით ხელში იპოვით, რომელსაც ის კონცენტრირებული და წარბებშეკრული კითხულობს. მისი საყვარელი ჟანრი დეტექტივებია, საყვარელი მწერალი კი - აგათა კრისტი.
ესკაპიზმს თავისი მნიშვნელობა აქვს. მის არსებობას თან ახლავს ნაკრების მთავარი სახის და ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბის ვარსკვლავის ტვირთი.
"ზეწოლაზე არასდროს არ გველაპარაკება. არ უნდა, რომ ვინერვიულოთ. ბადრიმ ორი ოპერაცია გადაიტანა და ხვიჩამ იცის, რომ მამამისი ძალიან ემოციური ადამიანია. ასე რომ, ამ თემაზე რომ დაელაპარაკოს, იცის, ინერვიულებს." - ამბობს დედა.
ზოგჯერ მაკა ნერვიულობს, რომ კვარაცხელია თავისი მიღწევებით საკმარის სიამოვნებას ვერ იღებს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ, როცა პსჟ-ს სხვა ფეხბურთელები ფინალში გასვლას ზეიმობდნენ, დედამ შენიშნა, რომ მისი შვილი სხვების ფონზე ბევრად დაღვრემილი და ჩაფიქრებულია.
"მინდოდა, რომ უფრო მეტად ეზეიმა. თამაშის შემდეგ ვკითხე: "რატომ არ ხარობდი შენს თანაგუნდელებთან ერთად?", მან კი მიპასუხა: "დედა, ჯერ გასახარებელი არაფერია. წინ ფინალია სათამაშო."
დინამო თბილისის აკადემია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების 74%-ს აქვს გამოვლილი, 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელების 60%, ხოლო 19 წლამდელთა ნაკრების 67% ფეხბურთელებს.
საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე მიღწეული წარმატების შემდეგ, დინამო თბილისის აკადემიაში ჩარიცხვის განაცხადები გასამმაგდა.
... და ჩაწეული გამაშები? ეს კვარას კი არა, დინამოს ფეხბურთელების ნიშაა. 16 წლამდე ყველა ფეხბურთელს გამაშები მაქსიმალურად ჩაწეული აქვს და როცა ძირითადი გუნდიც ასე გადის მოედანზე სათამაშოდ, მეტოქესთან კონტრასტი უფრო თვალშისაცემი ხდება.
ჩაწეული გამაშებით მოთამაშე ფეხბურთელებშიც კი, ერთი მოთამაშე ხვიჩას სხვებზე მეტად ჰგავს. თორნიკე კვარაცხელია 15 წლის მაღალი და გამხდარი ფლანგის თავდამსხმელია, ისევე, როგორც მისი ძმა. ხვიჩას მსგავსად, დინამოში ისიც უგრეხელიძემ მიიყვანა. ძმისგან განსხვავებით, მას ერთი წლით დიდებთან თამაშის პრობლემა არ აქვს.
„ხვიჩა უფრო სწრაფი იყო, თორნიკეს კი დასაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად მეტი დრო სჭირდება." - ამბობს ბადრი.
„ის ძმასავით გამხდარია და ფიზიკურად მასაც მოსამატებელი აქვს. თუმცა, ხასიათი ერთნაირი აქვთ. ახლახანს ტურნირის ფინალი წავაგეთ და ის ჩემს ხელებში ტიროდა. მასაც ისევე ვექცევი, როგორც მის ძმას რვა წლის წინ." - ამბობს უგრეხელიძე.
ამ თვის დასაწყისში თორნიკემ 15 წლამდელთა ნაკრებთან ერთად უეფას განვითარების თასზე სომხეთთან, უზბეკეთთან და ლატვიასთან ითამაშა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მისი პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია.
ლადო კაკაშვილი იმედოვნებს, რომ სულ მალე თორნიკეს პირველ გუნდშიც გამოიძახებენ. დინამოში უკვე არიან ფეხბურთელები, რომლებიც ტოპ გუნდების ყურადღებას იქცევენ - ვახტანგ სალია აგვისტოში ნიუკასლში მიდის, მარცხენა მცველი საბა ხარებაშვილი კი ლივერპულისა და ფეიენოორდის ინტერესთა სფეროში მოექცა.
თუმცა, მისი ფიქრები ახლა მის საყვარელ მოსწავლეზეა მიმართული, რომელიც, თავის დროზე, მისი თხოვნით აკადემიაში საცხოვრებლად დაიტოვეს. კაკაშვილი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ, კვარასთან საუბარს იხსენებს:
„ის დამპირდა, რომ თუ მოიგებს, თასს თბილისში ჩამოიტანს. ჩემს ოფისში დავსხდებით და თასიდან ქართულ ღვინოს დავლევთ."
ნიკა შაქარაშვილი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები
29 ივნ, 2025