ცინცინატის მასტერსის მამაკაცთა თანრიგში კლასიკად ქცეული ფინალი არ გამოვიდა ისეთი, როგორსაც მივეჩვიეთ.
1000-ქულიანი ტურნირის ფინალში ერთმანეთს რეიტინგის ლიდერები, იანიკ სინერი და კარლოს ალკარასი შეხვდნენ - იტალიელი ცინცინატის მოქმედი გამარჯვებული იყო და შანსი ჰქონდა, როჯერ ფედერერის შემდეგ პირველი ჩოგბურთელი გამხდარიყო, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე ტიტულს დაიცავდა.
თუმცა, მაყურებელმა სინერი და ალკარასი კორტზე მხოლოდ 23 წუთით იხილა - ესპანელმა პირველი 5 გეიმი მოიგო, რის შემდეგაც სინერმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა და მატჩი ნაადრევად დასრულდა.
ამრიგად, ალკარასმა ცინცინატის ტურნირი პირველად, მასტერსი კი მერვედ მოიგო. აღნიშნული გამარჯვება ესპანელისთვის ამ სეზონში უკვე მეექვსეა - ამდენი ტიტული ერთ კალენდარულ წელიწადში კარლიტოსს აქამდე არასდროს არ მოუგია.
შემდეგი ტურნირი ამერიკის ღია პირველობა იქნება, რომელიც დღეს, 18 აგვისტოს დაიწყო და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. თუმცა, რამდენად შეძლებს სინერი აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას და შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვას, ამ ეტაპზე უცნობია.