პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ ვინსენტ კომპანიმ უარყო მოსაზრება, თითქოს პეპ გვარდიოლა გადამწყვეტ მატჩებში ტაქტიკას ზედმეტად რთულად ცვლის.
წლების განმავლობაში გვარდიოლას ხშირად აკრიტიკებდნენ მნიშვნელოვანი მატჩების წინ ზედმეტი ანალიზისა და რადიკალური გადაწყვეტილებების გამო.
კომპანიმ, რომელიც გვარდიოლას ხელმძღვანელობით თამაშობდა, აღნიშნა:
ეს არ არის სიმართლე. ეს უბრალოდ მედიის სისულელეა. როცა აგებ, ახსნა გჭირდება, ხოლო როცა იგებ - მართალი ხარ
მიუნხენელთა მწვრთნელი პსჟ-სთან დაპირისპირებისთვის რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს. მისი თქმით, გუნდმა უნდა გააგრძელოს იმ სტილით თამაში, რომელიც აქამდე აჩვენეს.
წარმოიდგინეთ, ახლა მეთქვა, რომ რაღაც სრულიად განსხვავებულის გაკეთება მინდა, ეს ძალიან სულელური იქნება. ბიჭებს უნდა წავახალისოთ იმაში, რასაც აქამდე აკეთებდნენ
ერთადერთი კითხვის ნიშანი ბაიერნის შემადგენლობაში ფლანგის მცველების პოზიციაა. მწვრთნელი კმაყოფილია, რომ აქვს არჩევანი იოსიპ სტანიშიჩს, კონრად ლაიმერსა და ალფონსო დევისს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სტანიშიჩს პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიასთან გაუჭირდა, კომპანი მატჩის წინ მცირე როტაციას არ გამორიცხავს.