-
Aa
+
ფონტის ზომა
,,ვამაყობთ, რომ USA Boxing-ის სამწვრთნელო შტაბის ახალ წევრს, ზაურ ანთიას, მივესალმებით!
ზაურ ანთია USA Boxing-ს ტექნიკური მწვრთნელის რანგში შეუერთდა. მანამდე მან 20 წელზე მეტი ირლანდიის კრივის ნაკრებში გაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდს 10 ოლიმპიური მედლის მოპოვებაში გაუძღვა." - წერია ამერიკელთა განცხადებაში.
62 წლის ანთიამ ნოემბრის შუა რიცხვებში ირლანდიის სამოყვარულო კრივის ასოციაციის (IABA) მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა და ორ ათწლეულზე მეტი ხნის მოღვაწეობა დაასრულა, რომლის განმავლობაშიც ირლანდიელმა მოკრივეებმა 10 ოლიმპიური მედალი და არაერთი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
მისი ხელმძღვანელობით ირლანდიელმა სპორტსმენებმა 4 ოლიმპიური ციკლის განმავლობაში ელიტურ ტურნირებზე 154 მედალი მოიპოვეს.
ანთიას წასვლა ირლანდიელებისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებამდე 2 წელზე ნაკლები რჩება.
ამის შემდეგ IABA-მ ანთიას კონსულტანტის თანამდებობა შესთავაზა, თავად ქართველმა სპეციალისტმა კი განაცხადა, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ახალი წლის დასაწყისში მიიღებდა.
თუმცა, ახლა ცნობილი გახდა, რომ ანთია აშშ-ში კვლავ შეუერთდება ბილი უოლშს, სპეციალისტს, რომელთან ერთადაც მან ირლანდიური სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამწვრთნელო პარტნიორობა ჩამოაყალიბა.
ანთია ირლანდიის ნაკრებს ტექნიკური მწვრთნელის რანგში 2002 წლის ბოლოს, უოლშის IABA-ს მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან მალევე შეუერთდა.
იმ პერიოდში ანთია ინგლისურად არ საუბრობდა და ძირითადად დემონსტრირების, სხეულის ენისა და საკუთარი ტექნიკური ცოდნის საშუალებით მუშაობდა.
2 მწვრთნელი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მხარდამხარ მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ირლანდიის ჩამოყალიბება ოლიმპიურ და მსოფლიო ასპარეზზე ერთ-ერთ სტაბილურად წარმატებულ ძალად.
როდესაც უოლშმა 2015 წელს ირლანდია დატოვა და USA Boxing ჩაიბარა, მისი ადგილი ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანთიამ დაიკავა.
მათ ახლო ურთიერთობა შეინარჩუნეს. უოლში ანთიას მხარს უჭერდა 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების დროს ირლანდიურ კრივში მომხდარი დოპინგ-სკანდალის პერიოდშიც.
უოლშს არაერთხელ უსაუბრია ირლანდიის წარმატებაში ანთიას გავლენაზე. მან ქართველი სპეციალისტი „ფენომენალურ შენაძენად“ დაახასიათა და აღნიშნა, რომ მისმა ტექნიკურმა მიდგომამ ხელი შეუწყო ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდა.
ახლა, როდესაც ანთია მას აშშ-ში შეუერთდება, წყვილი ამერიკული კრივის გაძლიერებას და ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავის დამატებას შეეცდება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

