apeople-ს ოფისში ვიზიტის დროს, ფაბრიციო რომანოს 2024 წელს ტონი კროოსის კარიერის მოულოდნელ დასრულებაზე ვკითხეთ.
- 2024 წლის მარტში ტონი კროოსის რეალთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაწერეთ, თუმცა აქედან ორ თვეში ფეხბურთელმა მოულოდნელად კარიერა დაასრულა. რა მოხდა აქ?
„როცა საქმე კლუბების მოლაპარაკებას ეხება, სიტუაციაში გარკვევა და ინფორმაციის მოძიება ბევრად მარტივია. განსხვავებული სიტუაციაა, როცა საქმე კლუბსა და ფეხბურთელს ეხება.
შეიძლება, ფეხბურთელმა ერთ დღესაც გაიღვიძოს და დარჩენა გადაიფიქროს, ან პირიქით. ანალოგიური სიტუაცია იყო კროოსის შემთხვევაშიც - კი, ის თავიდან რეალში დარჩენას დათანხმდა, თუმცა როცა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე შორს გავიდა და გაჩნდა შესაძლებლობა, კარიერა ასეთ დიდ ნოტაზე დაესრულებინა, მაშინ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიფიქრა და წასვლა გადაწყვიტა.
სიმართლე გითხრათ, კროოსის წასვლის შესახებ აპრილის შუა რიცხვებიდან ვიცოდი, თუმცა ტონისადმი პატივისცემის გამო არაფერი ვთქვი.
ტონი კროოსი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ. დიდი პატივისცემა მას, ასეთ მაღალ დონეზე ყოფნისას კარიერის დასრულებისთვის." - აღნიშნა ფაბრიციომ.