ჟოან ლაპორტას პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, ბარსელონა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს აანონსებს, რომელიც კლუბის სპორტული პროექტის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
როგორც ირკვევა, სპორტულ დირექტორ დეკოსა და გერმანელ სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ფლიკი ყოველთვის ღიად აცხადებდა, რომ ლაპორტას დარჩენას მხარს უჭერდა, რადგან ეს კლუბის განვითარებისთვის აუცილებელი იყო. ახალი კონტრაქტის დეტალები პრაქტიკულად თებერვალშივე შეთანხმდა, თუმცა მისი გაფორმება სწორედ არჩევნების შედეგებზე იყო დამოკიდებული.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ფლიკი კატალონიურ გრანდში 2028 წლის ივნისამდე დარჩება.
მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო, საბოლოო წერტილი კი თებერვალში, ლაპორტას, ფლიკსა და მის აგენტს, პინი ზაჰავის შორის გამართულ შეხვედრაზე დაისვა. გერმანელმა მწვრთნელმა ოფიციალური განცხადების გაკეთება არჩევნების დასრულებამდე არ ისურვა, რადგან მისი დარჩენა პირდაპირ უკავშირდებოდა ლაპორტას მიერ დაწყებული კურსის გაგრძელებას.
ჰანსი ფლიკის პრინციპია, რომ კონტრაქტი ყოველწლიურად, ეტაპობრივად გაახანგრძლივოს და არა მრავალწლიანი ვალდებულებები აიღოს. გასულ წელს მან ხელშეკრულება 2027 წლამდე გააფორმა, ახლა კი კიდევ ერთი წელი დაამატა.
მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი გრძელვადიან კონტრაქტებს ერიდება, მისი ურთიერთობა კლუბთან და ქალაქთან ნამდვილ სიყვარულის ისტორიას ჰგავს. ფლიკი ძალიან ბედნიერია ბარსელონაში ცხოვრებით და იმ პროექტით, რომელიც დიდწილად ახალგაზრდა ფეხბურთელებზეა აგებული. 61 წლის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ გუნდს ზრდის დიდი რესურსი აქვს და მისი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა იმ თაობასთან ერთად, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ვითარდება.