3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა და მწვრთნელმა, ჩავიმ, ესპანურ გამოცემა La Vanguardia-ს ვრცელი, დატვირთული და დეტალური ინტერვიუ მისცა, რომელმაც ეს ინტერვიუ ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოქვეყნდა.
თქვენთვის მთავარი და ყველაზე საინტერესო გამოვარჩიეთ.
ჩავიმ თქვა, რომ ლიონელ მესი ბარსელონაში 2023 წლის ზაფხულში მხოლოდ ჟოან ლაპორტას უარის გამო არ დაბრუნდა. პრობლემები არ ყოფილა არც ლა ლიგასთან და არც მის მამასთან და აგენტთან, ხორხე მესისთან.
„მე კარგი ურთიერთობა მაქვს ლეოსთან.
ვის უჭერს ის მხარს? ეს პირადი საუბრების ამბავია. არ მინდა მესი ამაში ჩავრიო. მაგრამ, მგონი, ისედაც ყველას ესმის, რას ფიქრობს ლეო. ყველაფრის ჩაშლის შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე არ ვსაუბრობდით. მას ეგონა, რომ პრეზიდენტის უცნაური სქემის ნაწილი ვიყავი. ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ურთიერთობაზე ლეოსთან, მაგრამ ახლა ის ისევ გამოსწორდა.
მესის შეეძლო ბარსაში დაბრუნება. ლაპორტას ყველა სიტყვა ლეოს შესახებ — ტყუილია. მე და მესი დაბრუნებისთვის ვემზადებოდით: მე — მისი ბარსას სისტემაში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ის — ფინანსურად. ჩვენ 2023 წლის ზამთარში, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დავუკავშირდით ერთმანეთს. ის ბარსაში კვლავ თამაშის სურვილს გამოთქვამდა და ვხედავდი — ეს მხოლოდ სიტყვები არ იყო. მარტამდე ვსაუბრობდით. საბოლოოდ ვუპასუხე: „როდესაც საბოლოო „კი“-ს მეტყვი, ლაპორტასთან მივალ“.
პრეზიდენტი ლეოს მამას ელაპარაკა. ლა ლიგამ მწვანე შუქი აანთო, მაგრამ ლაპორტამ საბოლოოდ ყველაფერი ჩაშალა“.
ეს ეწინააღმდეგება ვერსიას იმის შესახებ, თითქოს მესის რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. ლეოს სახლში დაბრუნება უნდოდა, მამამისს, ხორხეს კი ფინანსური პირობები არ წამოუყენებია.
რატომ არ გამოვიდა მაშინ არაფერი? ჩავის ვერსია:
ლაპორტამ მითხრა: „თუ ლეო დაბრუნდება, ჩემს წინააღმდეგ ნამდვილი ომი დაიწყება. ამის დაშვება არ შემიძლია“. მერე კი მოულოდნელად ლეომ ჩემს ზარებზე პასუხი შეწყვიტა. ის ფაქტის წინაშე დააყენეს: „შენ ვერ დაბრუნდები“. ხორხეს დავურეკე და მიპასუხა, პრეზიდენტს დაელაპარაკეო. დაველაპარაკე და ლაპორტამ ჩემი ყველა არგუმენტი დააიგნორა.
დაბრუნდება თუ არა მესი ოდესმე? ჩავის ეჭვი ეპარება:
ჩვენ ეს გვინდოდა. მესიმ ეს იცის, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებდი — მინდოდა მისთვის ბოდიში მომეხადა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი ბრალი არ არის. ეს იმათი ბრალია, ვინც ახლა ბარსელონას მართავს.
ჩავიმ პირდაპირ თქვა: ბარსაში მთავარი ჟოან ლაპორტა არ არის. გავეცნოთ ალეხანდრო ეჩევარიას, რომელსაც ბარსელონაში საერთოდ არანაირი თანამდებობა არ აქვს.
ის ლაპორტას პირველი ცოლის, კონსტანცია ეჩევარიას ძმაა. არსებობს ვერსიაც, რომ ჟოანმა მასზე დიდწილად მისი ოჯახის კავშირებისა და გავლენის გამო იქორწინა. ეს ერთ-ერთი ძველი კატალონიური დინასტიაა, ელიტა ჯერ კიდევ ფრანკოს დროიდან. ქორწინება ლაპორტას ელიტაში შეღწევასა და კატალონიის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად გახდომაში დაეხმარა.
ჩავის თქმით, სწორედ ეჩევარია იღებს საკვანძო გადაწყვეტილებებს:
არსებობს ადამიანი, რომელიც ლაპორტაზე მაღლა დგას. ბარსას ფაქტობრივად ალეხანდრო ეჩევარია მართავს — სწორედ მან მომიცილა. ჩვენ თბილი მეგობრობა გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ ალეხანდრომ მიღალატა. იმის თქმა, რომ ამან იმედი გამიცრუა, არაფერია.
„2024 წლის იანვარში ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ პოსტს ზაფხულში დავტოვებდი — არა მხოლოდ ბარსას გამო, არამედ საკუთარი თავისთვისაც. მოგებები დავიწყეთ, მერე პსჟ-სთან და რეალთან წავაგეთ, მაგრამ მაინც მეუბნებოდნენ, რომ უნდა დავრჩენილიყავი.
ალეხანდროს შევხვდი. ვიცი, რომ ყველა გადაწყვეტილებას სწორედ ის იღებს. ვკითხე, როგორ უყურებდა ამას. არ დამიმალავს, რომ დარჩენას ეჭვის თვალით ვუყურებდი. თავის მხრივ, ეჩევარიამ მითხრა, რომ ისინი შემდეგი სეზონისთვის ემზადებიან და პრეზიდენტი ჩემზე ამყარებს იმედებს. პსჟ-სთან გამოვვარდით, რის შემდეგაც ალეხანდრომ დამირეკა. სასწრაფოდ თათბირზე დამიბარა. მითხრა: „ბევრს ეჭვი ეპარება შენს პროექტში."
რა ვუპასუხე? ისედაც მივდივარ, არანაირი პრობლემა-მეთქი.
მერე კი მოხდა ის ცნობილი „სუში-ვახშამი“ ლაპორტას სახლში. მან მთხოვა დავრჩენილიყავი. მახსოვს მისი სიტყვები: „ბარსა ჩავის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ახალი კამპ ნოუ ჩავის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ვერ წარმომიდგენია 125 წლის იუბილე შენ გარეშე“. გულწრფელად: ამან შთამაგონა და ნდობა ვიგრძენი“.
მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა: „ერთხელ თათბირზე ჩემი მთელი სამწვრთნელო შტაბი მოვიდა, ასევე ფიზმომზადების ახალი მწვრთნელები, რომელთა დანიშვნაზეც შევთანხმდით. მაგრამ ალეხანდრომ ყვირილი დაიწყო, რომ ჩვენი ფიზიკური მომზადება ნამდვილი კოშმარია. მე სიტყვა გავაწყვეტინე. ჩვენ არასდროს წაგვიგია ფიზიკის გამო. არსებობს სტატისტიკა: 2003 წლიდან ბარსას არცერთ ვერსიას არ ურბენია იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ, საჩემპიონო სეზონში.
საბოლოოდ, ფიზიკური მომზადება გახდა მიზეზი, რომელსაც ისინი ავრცელებდნენ, რათა თავიდან მოვეცილებინე. არამხოლოდ მედიაში. ბარსაში ყველას ეგონა, რომ მატჩებისთვის ცუდად ვემზადებოდით და ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამაში წვლილი შეიტანა, რაულ მარტინესი იყო: ახლო მეგობარი, რომელმაც ალეხანდროს დაუჯერა და ჩემი მოცილება მოინდომა“.
ჩავის მიაჩნია, რომ ის არა ეჩევარიასთან კამათის, არამედ ერთი კითხვის გამო გაათავისუფლეს:
ყველაფერი ერთი მარტივი კითხვის შემდეგ ჩაიშალა: „ალეხანდრო, რა თანამდებობა გაქვს?“ გვერდით დეკუ და ბოიან კრკიჩი ისხდნენ. მათ არაფერი უთქვამთ. მაშინ გადაწყვიტა ეჩევარიამ: ჩემი პერიოდი ბარსაში დასრულებულია. მაგრამ ეს პირში არ უთქვამს. ორი-სამი კვირის შემდეგ დამირეკა და ფაქტის წინაშე დამაყენა: „მისმინე, შენ მიდიხარ“.
ბარსა მედიასა და გასახდელში მანადგურებდა. ძალიან ბევრი ტყუილია. ჩემთვის ყველაზე მძიმე ბარსას მედიაკამპანია იყო. აქაც ეჩევარია ფიგურირებდა:
„რთული იყო. გადადგომამდე ჩემ წინააღმდეგ მედიაკამპანია დაიწყო. ალეხანდრო ელაპარაკა სერხი რობერტოს, რონალდ არაუხოს, პედრის და რაფინიას. ყველას ერთსა და იმავეს ეუბნებოდა: „ჩავიმ შენი მოცილება გადაწყვიტა“.
ეს ტყუილია. ფინანსური ფეირ-პლეი გვზღუდავდა და მხოლოდ ერთი მოთამაშის გაყიდვას ვგეგმავდით. მატეუ ალემანი და იორდი კრუიფი ამას დაადასტურებენ. მოთამაშის სახელს მისი პატივისცემის გამო არ ვიტყვი. მათ დრო არ მომცეს, რომ მას დავლაპარაკებოდი. ლაპორტა და ეჩევარია ორი-სამი კვირა არ მპასუხობდნენ. ჟოანს ვენდობოდი, ალეხანდროსთან კი ვმეგობრობდი და სწორედ მეგობარმა გამაგდო“.
ჩავი რობერტოსთან მძიმე საუბარს იხსენებს:
სერხი მოვიდა და მკითხა: მართლა გინდა ჩემი მოცილება?
„იყო მომენტი, როდესაც სერხი უბრალოდ მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მართლა გინდა ჩემი მოცილება?“ მე კი ვუთხარი, რომ პირიქით იყო — სწორედ იმის გამო მანადგურებდნენ, რომ მის კონტრაქტის გახანგრძლივებას ვიცავდი. სწორედ მან მითხრა, რომ ის ბატონი ალეხანდრო ამას გასახდელში ავრცელებდა.
მე ყოველთვის პირდაპირ ვამბობდი. ასე მოვიქეცი პიკესთან, რომელთანაც ბევრი წელი ვითამაშე, და ალბასთან — ჩემს მეგობართან. ვუთხარი მათ, რომ დრო მოვიდა. სხვებს როგორ არ ვეტყოდი? გასახდელს თავისი წესები აქვს. თუ არღვევ — მას კარგავ. მაგრამ ალეხანდრომ ტყუილების თქმა დაიწყო და ეს დღემდე გრძელდება. სწორედ ამიტომ ვწერ ამ ინტერვიუს.
მიდიოდა სერჯი ბუსკეტსი. მე ვითხოვე მარტინ სუბიმენდის გაფორმება სოსიედადიდან, მაგრამ მითხრეს — ფინანსური მიზეზების გამო ეს შეუძლებელიაო. მერე იორდი კრუიფი წავიდა უპატივცემულობის გამო. თვენახევარში ალემანი გააგდეს. მერე კი მეც. როდესაც მათ დაიწყეს გადაწყვეტილებების მიღება — გუნდმა დაღმასვლა დაიწყო.
ნახევარი შემადგენლობის გაყიდვა არ მითხოვია. თუმცა ლაპორტა ამბობდა: „შენ ჩვენი მოთამაშეების არ გჯერა“. არ ვეთანხმები. ეს ტყუილია. ვუთხარი: „კარგი, ჟოან, არ აქვს მნიშვნელობა. ბარსელონადან სროლით ხომ არ წავალ.
ლაპორტას წინააღმდეგი არ ვარ. დიდწილად სწორედ ჟოანის გამო გავხდი ბარსელონას მწვრთნელი. მაგრამ საბოლოოდ მან იმედი გამიცრუა. ერთი რამ მინდა: სოსიოსებმა (კლუბის წევრებმა) უნდა გაიგონ, რა ხდება ბარსელონაში. სტრუქტურულად სრული გადაწყობა გვჭირდება. ჩემთვის ეს აშკარაა, ხალხი კი ამას ჩემი სიტყვებიდან მიხვდება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული არაკეთილშობილ ადამიანებზე.
ისინი გაიძულებენ იფიქრო, რომ ბარსელონაში მხოლოდ ორი ვარიანტია: „ან ჩემთან ხარ — ან ჩემ წინააღმდეგ“. ეს ლოზუნგი — „ყველაფრის და ყველას წინააღმდეგ“ — მათი მუშაობის მეთოდია. ეს სამწუხაროა ბარსელონიზმისთვის. მე ლაპორტას წინააღმდეგი არ ვარ. მე ბარსელონასა და საღი მიდგომის მომხრე ვარ. უკვე 20 წელია ბარსელონა პრეზიდენტების გარშემო ტრიალებს. მაგრამ ბარსელონა უფრო მეტია და ასეც უნდა იყოს“.
ჩავი მთელი ინტერვიუს განმავლობაში ხაზს უსვამს, რომ ჰანსი ფლიკი არა მხოლოდ შესანიშნავი მწვრთნელი, არამედ ჩინებული ადამიანია:
როდესაც ვკითხე, მართალი იყო თუ არა, რომ ბარსელონა ჩემ ზურგსუკან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ის მოსაბოდიშებლად მოვიდა. ორ საათზე მეტხანს ვისაუბრეთ. საოცარი იყო. ბარსელონამ მას უთხრა, ჩემთვის არაფერი ეთქვა, მაგრამ ის ჩემთან სახლში მოვიდა და ბოდიში მოიხადა. ეს წარმოუდგენელი ჟესტია, რომელიც მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ის შესანიშნავი ადამიანია. გულწრფელად მიხარია ჰანსის გამო.
„მესმის, რატომ შეცვალა ბარსელონამ მწვრთნელი. წყენით არ ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ მწვრთნელის შეცვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ჩვენ ვერ ვიგებდით. როდესაც ბარსელონაში ხარ, ტიტულებზე ხარ დამოკიდებული. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ არაადამიანურად მომექცნენ. მე და ჰანსის მიმოწერა გვაქვს და გამარჯვებებს ყოველთვის ვულოცავ. ტაქტიკაზე ბევრს ვსაუბრობთ. ვიმეორებ, ფლიკი შესანიშნავი ადამიანია.
მომწონს ფლიკის ბარსელონა. ის დომინანტი და შემტევია. როგორც ბარსელონას ფანი, ბედნიერი ვარ და გუნდით ვტკბები. მიმაჩნია, რომ ჰანსის პროექტისთვის კარგი საფუძველი ჩავყარეთ, მაგრამ მისი გავლენა აშკარაა. უბრალოდ, სწორედ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ფსონი ლამინ იამალზე, პედრიზე, ალექსანდრო ბალდეზე, პაუ კუბარსისა თუ ფერმინ ლოპესზე დავდეთ. ეს ის მემკვიდრეობაა, რომლითაც ვამაყობ, ისევე როგორც მოგებული ტიტულებით“.
ზოგიერთ მოთამაშესთან კონტაქტს ინარჩუნებს:
შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ეს მახარებს, ძალიან მახარებს. მათ გაიგეს, რომ ატყუებდნენ. ძალიან მიხარია მოთამაშეების გამო. ჩვენ დავიმატეთ რაფინია, კრისტენსენი, ლევანდოვსკი, კუნდე — ეს ყველაფერი იორდისთან და ალემანისთან ერთად. ახლა კი ყველანი ხედავთ ფერმინს, იამალს, რაფინიას. ეს შესანიშნავია.
რატომ გადაწყვიტა საუბარი?
„რამდენიმე მიზეზის გამო. მთავარი — გადავწყვიტე ჩემი სიმართლე მეთქვა. ბარსელონას პატივისცემის გამო განცხადებებს არ ვაკეთებდი. ხალხმა იცის, რას ნიშნავს ის ჩემთვის, მაგრამ მათ ტყუილებს ეუბნებიან. ეს კი არასწორია.
დიდხანს ვიკავებდი ამას ჩემში. ახლა კი გადავწყვიტე, რომ საუბრის დროა. რა თქმა უნდა, მეც ვცდებოდი. შევიცვალე. კატარიდან რომ ჩამოვედი, პრეზიდენტს ისიც კი ვუთხარი: გარკვეული მოთამაშეების ტრანსფერების გარეშე არ დავრჩები-მეთქი. ის დამეხმარა, მაგრამ მერე მოთხოვნები საკუთარ თავს თავადვე შევუმცირე. მიმაჩნია, რომ ბარსელონამ მწვრთნელი სწორად შეცვალა.
ახლა ვფიქრობ, რომ ბარსელონაში აღარასდროს დავბრუნდები. ჩემი ეტაპი დასრულდა — როგორც მოთამაშის, ისე მწვრთნელის. აი, ვისაუბრეთ. უფრო დავმშვიდდი. გმადლობთ, რომ მომისმინეთ“.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები