-
Aa
+
ფონტის ზომა
კანადისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მატჩი 1:1 დასრულდა.
ტორონტოს სტადიონზე გამართული განსაკუთრებული დღის კულმინაცია 78-ე წუთზე კაილ ლარინის გოლი გახდა, რომელმაც კანადელი გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა.
კანადა, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა, რამდენიმე გამოუყენებელ შანსს ინანებს, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა, რომელიც შესაძლოა ძალიან ფასეული აღმოჩნდეს პლეი-ოფში პირველად გასვლისთვის ბრძოლაში.
დაძაბული დასაწყისის შემდეგ, პირველი რეალური საგოლე მომენტი ჯესი მარშის გუნდს ჰქონდა, როდესაც ბურთი საჯარიმოში ჯონათან დევიდთან აღმოჩნდა, მაგრამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის დაბალი დარტყმა ბოსნიელმა მეკარემ ნიკოლა ვასილიმ მოიგერია.
4 წუთში ბოსნიამ კუთხური მოიპოვა. სტანდარტული მდგომარეობები მატჩამდე ერთ-ერთ მთავარ თემად მიიჩნეოდა, რადგან ბოსნიელები ჰაერში თამაშით განსაკუთრებულად ძლიერები არიან, რაც მათ მალევე დაამტკიცეს.
ჩაწოდებული ბურთი თავდამსხმელმა იოვო ლუკიჩმა თავური დარტყმით ბადეში გადაგზავნა.
გოლის შემდეგ დანიშნული წყლის შესვენება კანადისთვის დროული აღმოჩნდა და გუნდს მდგომარეობის დასამშვიდებლად დაეხმარა. მასპინძლებმა შეტევები განაგრძეს და მეტოქის ნახევარზე ბურთის კონტროლი შეინარჩუნეს.
პირველ ტაიმში კანადამ 9 კუთხური ჩააწოდა, ასევე რამდენიმე სახიფათო საჯარიმო და აუტი მოიპოვა, თუმცა სტანდარტულების თვალსაზრისით მასპინძლები მეტოქეზე ნაკლებად ეფექტურები აღმოჩნდნენ. მხოლოდ 1 კუთხურისა და ბურთის ფლობის 32 პროცენტის მიუხედავად, ბოსნია შესვენებაზე 1:0-ს იგებდა.
მეორე ტაიმიც თანამასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, განსაკუთრებით კი ოლუვასეიმ, რომელიც ბოსნიელთა დაცვის ხაზს რამდენჯერმე გასცდა.
54-ე წუთზე კანადა ანგარიშის გათანაბრებასთან ძალიან ახლოს იყო. ლამაზი კომბინაციის შემდეგ რიჩი ლარიეა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მისი დარტყმა მეკარემ ვეღარ მოიგერია, მაგრამ ბოსნიელმა მცველმა ბურთი ხაზიდან გამოიტანა, შემდეგ კი ის საკუთარ ხარიხასაც მოხვდა.
ბოსნიას თითქმის მეორე გოლიც გაჰქონდა, როდესაც გადაცემა რიკოშეტით ბოსნიელ ფეხბურთელთან აღმოჩნდა, თუმცა მაქს კრეპომ შესანიშნავად ითამაშა და კუთხე ეფექტურად შეამცირა.
61-ე წუთზე ჯესი მარშმა მოულოდნელი სამმაგი ცვლილება განახორციელა. მოედანი ჯონათან დევიდმა, ტეიონ ბიუკენენმა და ლიამ მილარმა დატოვეს, მათ ნაცვლად კი პრომის დევიდი, ალი აჰმედი და ჯეიკობ შაფელბურგი შევიდნენ.
66-ე წუთზე ოლუვასეის კიდევ ერთი კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი თავური კვლავ ხაზიდან გამოიტანეს.
კანადის მუდმივმა ზეწოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო. ისმაელ კონემ ცენტრიდან ბურთი პრომის დევიდს გადააწოდა, რომელმაც შეტევა ერთი შეხებით კაილ ლარინის მიმართულებით გააგრძელა. კანადელმა შემტევმა შესანიშნავად მიიღო ბურთი, შემობრუნებისას კონტროლი შეინარჩუნა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის მიწურულს მასპინძლებმა გამარჯვების გოლის ძიება განაგრძეს. ლარინს დამატებულ დროში კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ახლოდან შესრულებული მისი დარტყმა მცველებმა დაბლოკეს.
კანადა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას 19 ივნისს ვანკუვერის სტადიონზე კატარის წინააღმდეგ გააგრძელებს, ბოსნია და ჰერცეგოვინა კი შვეიცარიას დაუპირისპირდება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

