-
Aa
+
ფონტის ზომა
ლაუტარო მარტინესი ინტერის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად რჩება, თუმცა მისი გული კვლავ მშობლიური რასინგ კლუბისთვის ძგერს. თავდამსხმელმა, რომელმაც არგენტინა 2018 წელს ნერაძურის გამო დატოვა, დაადასტურა, რომ მისი გრძელვადიანი მიზანი სამშობლოში დაბრუნებაა და ახლა ამაში მეუღლის დარწმუნებას ცდილობს.
მარტინესმა კარიერა სწორედ არგენტინულ კლუბში დაიწყო, სადაც 62 მატჩში 27 გოლი გაიტანა და გულშემატკივრების საყვარელ ფეხბურთელად იქცა. 26 წლის ფორვარდი სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ერთად 18 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მისი წინამძღოლობით ინტერი სატურნირო ცხრილში მილანს 8 ქულით უსწრებს და ლიდერობს. მიუხედავად იტალიაში არსებული ბრწყინვალე ფორმისა, ლაუტაროს კავშირი საკუთარ ფესვებთან მაინც უწყვეტია.
არგენტინაში დაბრუნება მხოლოდ ფეხბურთელის სურვილზე არ არის დამოკიდებული. Racing Radio-სთან ინტერვიუში მარტინესმა ხუმრობით ისაუბრა იმ ოჯახურ დინამიკაზე, რომელიც ამ ტრანსფერზე მოახდენს გავლენას, რადგან მისი ოჯახი მილანში უკვე მყარადაა დამკვიდრებული.
„რასინგ კლუბში დაბრუნება ჩემი ოცნებაა. ვცდილობ მეუღლე დავარწმუნო და ისიც მხარს მიჭერს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული ოჯახურ გარემოებებზე და ჩემს ფიზიკურ კონდიციებზე. თუმცა, ნამდვილად მინდა, რომ მინიმუმ ერთი წლით მაინც დავბრუნდე რასინგში, უბრალოდ ჯერ არ ვიცი, ეს როდის მოხდება“, - აღნიშნა თავდამსხმელმა.
ლაუტაროს ინტერთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ამ ეტაპზე ის კლუბის მიმართ სრულ ერთგულებას ადასტურებს.
„ინტერთან ხელშეკრულება კიდევ სამი წლით მაკავშირებს. მინდა, რომ მაღალ დონეზე კიდევ დიდხანს ვითამაშო. თავს კარგად ვგრძნობ და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ მომავალში ძალიან მინდა ჩემს შვილებს ვუჩვენო ის დიდი სიყვარული, რასაც რასინგის გულშემატკივრები ჩემს მიმართ გამოხატავენ“.
მან ასევე თბილად ისაუბრა დიეგო მილიტოსთან ურთიერთობაზე, რომელიც რასინგ კლუბის პრეზიდენტი და ინტერის ლეგენდაა.
„მილიტოს ყოველ კვირა ვესაუბრები. ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, კარიერის დასაწყისიდანვე. ტრავმის შემდეგაც მომწერა. ვისაუბრეთ რასინგზეც, რომელსაც ახლა საუკეთესო პერიოდი არ აქვს, თუმცა მათ ჩემი სრული მხარდაჭერა აქვთ“, - დაასრულა ლაუტარომ.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები