კრივის მოყვარულებს 26 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, საინტერესო საღამო ელოდებათ. 19:00 საათიდან ორი მთავარი ბრძოლა გაიმართება, ღონისძიების სპეციალური სტუმარი კი ლეგენდარული ლენოქს ლუისი იქნება.
წინასწარი ბრძოლების შემდეგ, მთავარი ბრძოლების ეგიდით, ლევან იანქოშვილი აკაკი კაკრიაშვილს დაუპირისპირდება, ხოლო WBF-ის ქამრისთვის გივი თოდუა და ფიმირ ჩონკურია იჩხუბებენ.
თოდუა-ჩონკურს შორის გამარჯვებულს ქამარს გადასცემს სწორედ ლუისი, რომელმაც პრესკონფერენციაზე ტაისონთან სპარინგსა და კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებზე ისაუბრა:
"ტურნირი მოვიგე და მკითხეს, საუკეთესო ამერიკელ მებრძოლს რატომ არ შევხვდი. აბა, სად არის-მეთქი. რატომ არ ჩამოვიდა? თურმე, მის მენეჯერს, თვითმფრინავებით მგზავრობა არ უყვარდა. ჩემს მწვრთნელს ვუთხარი: ეს ბიჭი უნდა ვიპოვოთ - მაიკ ტაისონი. მანქანით წავედით მასთან შესახვედრად.
როცა შევხვდით, ძალიან თავაზიანი იყო. ძალიან-ძალიან თავაზიანი. წამიყვანა, კასეტებზე ძველი ჩანაწერები მაჩვენა. მაგრამ მეორე დღეს, როდესაც სპარინგი დავიწყეთ, თითქმის თავი მომაგლიჯა. დოქტორ ჯეკილი და მისტერ ჰაიდის მიდგომა ჰქონდა: რინგს მიღმა საყვარელი იყო, რინგში კი - ბოროტი. მაშინ მეც მასწავლა, როგორ უნდა ვყოფილიყავი ბოროტი.
კარიერაში ბევრი მიღწევა მქონდა, მაგრამ ყველაზე დიდი ჩემთვის ოლიმპიადაზე მოხვედრა და მოგება იყო. ორჯერ მოვხვდი - 84-შიც და 88-შიც. 84-ში როდესაც ვიყავი, იმიტომ წავაგე, რომ გამოცდილება არ მქონდა. მაშინ სკოლის დამამთავრებელ კლასებში ვიყავი და მივიღე გადაწყვეტილება, რომ 4 წელს დაველოდებოდი და ისევ ოლიმპიადაზე დავბრუნდებოდი. ოლიმპიადაზე რომ დავბრუნდი, საკუთარ თავს ვუთხარი, სახლში არ წამოვალ, თუ არ მოვიგებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოვიგო. საკაცითაც რომ გავეტანე, ამისთვისაც მზად ვიყავი. მზად ვიყავი, ამდენი რამ გამეკეთებინა ოქროს მედლისთვის. მოვიგე ეს მედალიც და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ასე რომ ყველაზე დიდი მიღწევა ეს იყო.
კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ 26 სექტემბრის საღამოს სპორტის სასახლეში განსაკუთრებულია - დაძაბული ბრძოლების გარდა, ლეგენდარულ მებრძოლსაც შევხვდებით.