2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის დასასრული მოახლოვდა. ბოლო, მე-8 ტურში პარალელურად 18 მატჩი გაიმართება და გაირკვევა თუ რომელ ადგილზე გავლენ გუნდები სატურნირო ცხრილში.
სპორტინგი - ბოლონია
სპორტინგი 10 ქულით 23-ე ადგილზეა და კვლავ შეუძლია პლეიოფში მოხვედრა, ბოლონია კი 5 ქულით 28-ე პოზიციაზეა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აღარ აქვს.
პსვ - ლივერპული
პსვ 11 ქულით მე-19 ადგილს იკავებს და პლეიოფში გასასვლელად იბრძვის, ლივერპული კი 21 ქულით ცხრილს ლიდერობს და 1/8 ფინალში თამაში განაღდებული აქვს.
იანგ ბოიზი - ცრვენა ზვეზდა
იანგ ბოიზი 0 ქულით ბოლო, 36-ე ადგილზეა, ცრვენა ზვეზდა კი 3 ქულით 32-ე პოზიციას იკავებს. ორივე გუნდი უშანსოდაა და ეს მატჩი მხოლოდ ფორმალობა იქნება.
შტუტგარტი - პსჟ
ცხრილის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი შტუტგარტსა და პსჟ-ს შორის უნდა გამოდგეს. ორივე გუნდს 10 ქულა აქვს, ამ მომენტისთვის გერმანელები 24-ე ადგილზე არიან, პარიზელები კი - 22-ეზე. როგორც ერთი, ისე მეორე პლეიოფში მოსახვედრად იბრძვის. საინტერესოა, რომ ფრე ორივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გაიყვანს.
პარი სენ-ჟერმენს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. ქართველი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პარიზელთა მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ითამაშებს.
შტურმი - ლაიფციგი
იანგ ბოიზისა და ცრვენა ზვეზდას მსგავსად ამ მატჩში მონაწილე გუნდებიც ვეღარაფერს შეცვლიან, ორივე მათგანს 3-3 ქულა აქვს და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აღარ აქვს.
მან. სიტი - ბრიუგე
მოსაგები მატჩი აქვს მანჩესტერ სიტის, რომელიც 8 ქულით 25-ე ადგილზეა, ბრიუგე კი 11 ქულით მე-20 პოზიციას იკავებს. გვარდიოლას გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდება.
ბაიერნი - სლოვანი
ბაიერნს, რომელიც 12 ქულით მე-15 ადგილზეა, პლეიოფში ადგილი გარანტირებული აქვს, სლოვანი კი ამ ბრძოლას გამოთიშულია, თუმცა ეს გერმანელების მოტივაციას არ ცვლის, მათ უკეთესი ადგილის დასაკავებლად მოგება დაეხმარებათ.
ინტერი - მონაკო
ინტერს 16 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს, მონაკო კი 13 ქულით მე-10 პოზიციაზეა. ორივე გუნდს პლეიოფში ადგილი განაღდებული აქვს, თუმცა ჯუზეპე მეაცაზე მაინც საინტერსო თამაში უნდა ვიხილოთ.
დორტმუნდი - შახტარი
დორტმუნდი პლეიოფში გარანტირებულად ითამაშებს, ქართველი ფეხბურთელებიდან კი მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ ირაკლი აზაროვს აქვს დარჩენილი, თუმცა ამისთვის უკრაინელებმა გერმანიაში აუცილებლად უნდა იმარჯვონ.
ბარსელონა - ატალანტა
ბარსელონას, რომელიც 18 ქულით მე-2 ადგილზეა, პირდაპირ 1/8 ფინალის საგზური აქვს მოპოვებული, 14 ქულით მე-7 ადგილზე მყოფ ატალანტასაც პლეიოფში თამაში განაღდებული აქვს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია რომელ ეტაპზე გააგრძელებენ ისინი ასპარეზობას.
ლევერკუზენი - სპარტა პრაღა
ჩაბი ალონსოს გუნდი, რომელიც 13 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს, შეეცდება გაიმარჯვოს და ტოპ 8-ში ადგილი გაინაღდოს, რათა პირდაპირ 1/8 ფინალში იასპარეზოს. 4-ქულიანი სპარტა პრაღა კი ბრძოლას უკვე გამოთიშულია.
იუვენტუსი - ბენფიკა
12 ქულით მე-17 ადგილზე მყოფი იუვენტუსი უკვე შემდეგ ეტაპზეა, 10-ქულიან ბენფიკას კი პლეიოფის საგზური განაღდებული არ აქვს, ასე რომ ლისაბონელები ბარსელონასთან დასანანი მარცხის შემდეგ ტურინში საბრძოლველად ჩადიან.
დინამო ზაგრები - მილანი
ხორვატები 8 ქულით 26-ე ადგილზე არიან, თუმცა იმედი გადაწურული ჯერ არ აქვთ, მილანი კი, რომელსაც 15 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს, ვიცით, რომ ლიგაზე ასპარეზობას გააგრძელებს.
ზალცბურგი - ატლეტიკო
დიეგო სიმეონეს გუნდი, რომელსაც 15 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, ტოპ 8-ში ადგილის გასანაღდებლად ავსტრიაში მოგებას შეეცდება, ზალცბურგი თავის მხრივ ტურნირს უკვე გამოთიშულია.
ლილი - ფეიენოორდი
ეს გუნდები ცხრილში მეზობლები არიან და 13 ქულით მე-12 და მე-13 ადგილებს იყოფენ. ისინი ლიგაზე ასპარეზობას გააგრძელებენ, ერთმანეთში კი გაარკვევენ თუ ვინ რომელ ადგილს დაიკავებს ცხრილში.
ასტონ ვილა - სელტიკი
ბრიტანულ გუნდებს პლეიოფის საგზური განაღდებული აქვთ, მათ შორის სხვაობა 1 ქულაა, თუმცა ასტონ ვილა მე-9 ადგილზეა და სელტიკი მე-18-ზე, ამიტომ თითოეული ქულა ცხრილში დაკავებულ ადგილს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.
ჟირონა - არსენალი
16 ქულით მე-3 ადგილზე მყოფი არსენალი, რომელსაც სურს, რომ პირდაპირ 1/8 ფინალში ითამაშოს, ჟირონას ეწვევა, რომელსაც მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აღარ აქვს.
ბრესტი - რეალი
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული საფრანგეთს ეწვევა, რათა ცხრილში არსებული მდგომარეობა გაიუმჯობესოს და რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს, რათა პლეიოფში გზა გაიადვილოს. ბრესტი 13 ქულით მე-13 ადგილზეა, რეალი კი 12 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.
მატჩები ერთდროულად 29 იანვარს, 23:59 საათზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები