სულ რაღაც ხუთ დღეში, პარი სენ ჟერმენი ბუდაპეშტში, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში არსენალს დაუპირისპირდება. პარიზელები გასულ სეზონში მოპოვებული ტიტულის დაცვას შეეცდებიან. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის თასზე პარიზის საფეხბურთო კლუბთან მოულოდნელი მარცხის გამო ისტორიული ტრებლის გამეორება უკვე შეუძლებელია, ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის მოგება გუნდისთვის მაინც უდიდესი მიღწევა იქნებოდა.
ლუის ენრიკეს დავალება ფინალის წინ საგრძნობლად გართულდა. ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ინფორმაციით, მარჯვენა მცველი აშრაფ ჰაკიმი ტრავმის გამო, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში არ იქნება. მის ნაცვლად დაცვის მარჯვენა ფლანგზე უორენ ზაირ-ემერი ითამაშებს, ნახევარდაცვის ხაზს კი ფაბიან რუისი, ჟოაო ნევეში და ვიტინია გაამაგრებენ.
ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფაბიან რუისის ბოლოდროინდელი ბრწყინვალე ფორმა და დაცვიდან შეტევაში გადასვლისას მარცხენა ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელიასთან იდეალური ურთიერთგაგება პსჟ-სთვის უდიდესი იარაღია. ნახევარფინალში მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ სწორედ კვარაცხელიასა და რუისის ეფექტურმა კომბინაციამ დაუდო საფუძველი პარიზელთა საგოლე შეტევებს.
ამავდროულად, კლუბში იმედოვნებენ, რომ უსმან დემბელე ფინალისთვის მზად იქნება, მაგრამ, თუ ფრანგმა შემტევმა სამშაბათამდე ვარჯიში ვერ დაიწყო, პარიზელებს სერიოზული თავსატეხი გაუჩნდებათ.
თუ დემბელე მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს, ლუის ენრიკეს საინტერესო გადაადგილებები მოუწევს. ფრანგული მედიის ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელი ნომინალურ თავდამსხმელ გონსალო რამოსს არ ათამაშებს და აქცენტს კვლავ ცრუ ცხრიანის ტაქტიკაზე გააკეთებს, ამ პოზიციაზე შესაძლოა სწორედ ხვიჩა კვარაცხელია ვიხილოთ. ასეთ სცენარში, კვარაცხელია ცენტრში გადაინაცვლებს, ხოლო ფლანგებს ბრედლი ბარკოლა და დეზირე დუე გადაინაწილებენ.
ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც მიმდინარე ევროპულ კამპანიაში ბაიერნთან, ჩელსისთან და ლივერპულთან მატჩებში ფენომენალური თამაშით ჩემპიონთა ლიგის ისტორიული რეკორდიც კი დაამყარა (გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში პლეი-ოფის ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა ან საგოლე გადაცემა შეასრულა), არსენალის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი მისია დაეკისრება, იქნება ეს მის მშობლიურ მარცხენა ფლანგზე, თუ მოედანზე ახალი, ცენტრალური როლით.