კონორ მაკგრეგორი UFC-ში დასაბრუნებლად განსაკუთრებული მეთოდებით ემზადება.
მაკგრეგორი 12 ივლისს, ლას-ვეგასის T-Mobile Arena-ზე გასამართ UFC 329-ის მთავარ ბრძოლაში, ქვესაშუალო წონით კატეგორიაში მაქს ჰოლოუეის (27-9) დაუპირისპირდება.
ეს ირლანდიელის პირველი გამოჩენა იქნება ოქტაგონზე 2021 წლის შემდეგ, როდესაც დასტინ პორიესთან ტრილოგიის მე-3 ბრძოლაში ფეხი მოიტეხა.
დაბრუნების წინ მაკგრეგორი მოსამზადებელ პროცესს მაქსიმალური სერიოზულობით ეკიდება.
მაკგრეგორმა გაამხილა, რომ მოახლოებული ბრძოლისთვის მზადების პერიოდში ყველანაირი „ფიზიკური კონტაქტისგან“ თავს იკავებდა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრძოლის წინ მსგავსი თავშეკავების პრაქტიკას მიმართა.
როგორც UFC-ის ორი წონითი კატეგორიის ყოფილმა ჩემპიონმა აღნიშნა, ეს გამოცდილება საკმაოდ ინტენსიური აღმოჩნდა და ახლა ის მოუთმენლად ელის ოქტაგონზე დაგროვილი აგრესიის გამოთავისუფლებას.
„ჩემში ცეცხლი მძვინვარებს და შაბათ საღამოს ის გათავისუფლდება. ამ საწვრთნელ ბანაკში თავშეკავებასაც მივმართე. ეს პირველად გავაკეთე. ყველანაირი ფიზიკური კონტაქტისგან თავს ვიკავებდი, თუ შეიძლება ასე ითქვას.
ეს საკმაოდ ინტენსიური იყო. მოუთმენლად ველი, ვნახო, რა შედეგს მოიტანს ეს შაბათ საღამოს“, - განაცხადა მაკგრეგორმა UFC 329-ის მედია დღეზე.
შეჯიბრებისთვის მზადების პერიოდში სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავებას სპორტსმენები დიდი ხანია მიმართავენ.
თუმცა თანამედროვე კვლევების თანახმად, ამ პრაქტიკას ძირითადად ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს და ფიზიკური სარგებელი უმნიშვნელოა.
მაკგრეგორმა ოქტაგონზე ბოლო გამარჯვება 2020 წელს დონალდ სერონეს წინააღმდეგ მოიპოვა. ჰოლოუეი კი ამ პერიოდში აქტიურად ასპარეზობდა უმაღლესი დონის მეტოქეების წინააღმდეგ, თუმცა ბოლო 3 ბრძოლიდან 2 წააგო და ამ შეხვედრას ჩარლზ ოლივეირასთან მარცხის შემდეგ ხვდება.