საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართა.
ბელფასტში ჩატარებული მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა. მატჩის გმირი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც 84-ე წუთზე 11-მეტრიანი დარტყმის მოგერიება შეძლო.
მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდის მეკარემ კომენტარი გააკეთა:
"ფიზიკური თამაში იყო, თუმცა გვქონდა მომენტები, რაც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა. ჩვენი ოცნება და მიზანი არის, რომ კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე.
რაც შეეხება ჩემს თამაშს, ყოველთვის ვცდილობ, რომ გავაკეთო ჩემი საუკეთესო, რაც შემიძლია, გუნდში თუ ნაკრებში.
ვცდილობ, რომ თავდაჯერებულობა გადავცე მთლიან გუნდს. ძალიან ვემზადებოდი ამ 4 თამაშისთვის. ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის ნაკრებში თამაში და ასევე იმიტომ, რომ დიდი სათამაშო დრო არ მეძლევა ჯერ კლუბში.
ჩემი აზრით, ცუდად არ მითამაშია არცერთ შეხვედრაში, გუნდსაც დავეხმარე რამდენიმე ეპიზოდში და, როგორც ვთქვი, ყოველთვის გრძელდება ბრძოლა ჩემთვისაც, ყველა ფეხბურთელისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დღეს მოსულ ქართველ გულშემატკივარს". - მამარდაშვილის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ციტირებს.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ორ შეხვედრას ნოემბერში ჩაატარებს. 14 ნოემბერს, გუნდი უნგრეთს უმასპინძლებს, 20 ნოემბერს კი, სლოვაკეთში, უკრაინის წინააღმდეგ იასპარეზებს.
,,ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის" - სვანაძე ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის შემდეგ