საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართა.
ბელფასტში ჩატარებული მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა. მატჩის გმირი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც 84-ე წუთზე 11-მეტრიანი დარტყმის მოგერიება შეძლო.
მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ, კომენტარი გააკეთა:
"თბილისშიც არ იყო იოლი ამ გუნდთან თამაში. ზოგადად, სანაკრებო დონეზე არ არსებობს თამაში, სადაც იოლად შეძლებ რაიმე მიზნის მიღწევას, თუ ბოლომდე არ დაიხარჯე და არ მოინდომე.
მამარდას ფაქტორს რაც შეეხება, გასახდელშიც და ახლა აქედანაც მადლობას გადავუხდი იმ მოგერიებული პენალტისთვის, იმიტომ რომ ქულა მოვიპოვეთ.
წინ კიდევ ორი თამაში გვაქვს, რისთვისაც დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ხვალიდან, როცა ფეხბურთელები კლუბში დაბრუნდებიან, დაიწყებენ ფიქრს და მომზადებას.
დაცვის მხრივ ვიტყოდი, რომ ძალიან მოუმატა გუნდმა, იმიტომ რომ როდესაც გურამ კაშიას მსგავსი ლიდერი ტოვებს ნაკრებს, არ არის მარტივი ასეთი დანაკლისის შევსება.
თუმცა ამ 4 თამაშში, ვფიქრობ, რომ რამდენიმე ეპიზოდის გარდა, დაცვამ ძალიან კარგად ითამაშა.
ამ ნაკრების მჯერა. საქართველოს ნაკრებს არასდროს მიუღწევია რამისთვის მარტივად. ახლაც რთულ სიტუაციაში ვართ, თუმცა ვფიქრობ, რომ ნოემბერში სხვანაირი სიტუაცია იქნება ნაკრებში.
შევეცდებით ყველანაირად, რომ დადებითი შედეგები დავაფიქსიროთ დარჩენილ ორ შეხვედრაში". - ბუდუს სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ციტირებს.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ორ შეხვედრას ნოემბერში ჩაატარებს. 14 ნოემბერს, გუნდი უნგრეთს უმასპინძლებს, 20 ნოემბერს კი, სლოვაკეთში, უკრაინის წინააღმდეგ იასპარეზებს.
მამარდაშვილი: ,,ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო"