საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართა.
ბელფასტში ჩატარებული მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა. მატჩის გმირი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც 84-ე წუთზე 11-მეტრიანი დარტყმის მოგერიება შეძლო.
მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, მედიასთან ისაუბრა:
"ხარისხობრივად არ იყო ის, რაც უნდა გვეჩვენებინა. მეორე ტაიმში ბურთით ბევრად უკეთ ვითამაშეთ და მეტჯერ შევძელით მეტოქის პრესინგის ხაზის გადალახვა.
მატჩის ბოლო მონაკვეთში კი იძულებითმა ცვლილებებმა, რომლებიც ტრავმებითა და ყვითელი ბარათებით იყო გამოწვეული, ძალიან იმოქმედა ჩვენს თამაშზე.
არავისთვის არის მარტივი ის ფაქტი, რომ უკვე მე-4 თამაშია, გოლი არ გაგვიტანია. ამავე დროს, პოზიტიურია ის, რომ 4 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გავუშვით.
ოთხივე თამაშში უნდა აღინიშნოს ჩვენი დაცვის ხაზისა და მეკარის თამაში. ზოგადად, დაცვითი ფაზა ჩვენთვის მხოლოდ მცველებისა და მეკარის საქმე არ არის და ფორვარდებიდან იწყება.
ამ მხრივ მინიმალური რაოდენობის შეცდომა დავუშვით. დაცვითი თვალსაზრისით, ეს თამაშები პოზიტიური და სასიამოვნო სანახავი იყო.
დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ყველაფერი კიდევ უფრო დალაგდება. რა თქმა უნდა, სირთულეები გვაქვს და მომავალშიც გვექნება, თუმცა ჩვენი მიზანი არანაირად არ შეიცვლება.
მხოლოდ ერთა ლიგაზე არ ვართ დამოკიდებული და წინ კლასიკური შესარჩევი ეტაპიც გვაქვს.
ერთა ლიგაში და ყველა მომდევნო შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება იქნება.
მთავარი მიზანი კი, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა.
დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი კეთდება და მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მაყურებლისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე სულ სხვა სახით წარვდგეთ.
დარჩენილი დრო კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ". - სვანაძის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ციტირებს.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ორ შეხვედრას ნოემბერში ჩაატარებს. 14 ნოემბერს, გუნდი უნგრეთს უმასპინძლებს, 20 ნოემბერს კი, სლოვაკეთში, უკრაინის წინააღმდეგ იასპარეზებს.