ალისონ ბეკერი – დატოვებს ბრაზილიელი მეკარე ლივერპულს ახალი კონტრაქტის მიუხედავად?
ლივერპულის მეკარე ალისონ ბეკერი ექვსკვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება, თუმცა მისი მომავალი მერსისაიდულ კლუბში კვლავ ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოიყენა და ხელშეკრულება 12 თვით გაახანგრძლივა, ეს ტრანსფერზე საუბრებს არ აჩერებს.
ბრაზილიელით იუვენტუსი ინტერესდება, რომელსაც ალისონის ყოფილი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი ხელმძღვანელობს. ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა კი ამ თემაზე საუბრისას ეჭვები უფრო გაამძაფრა:
ადამიანები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, ყველაფერს ითვალისწინებენ. ისინი ცდილობენ მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილება კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე
აი, რატომ შეიძლება დადგეს ალისონის წასვლის საკითხი დღის წესრიგში:
ტრავმები და ასაკი
მიუხედავად იმისა, რომ 33 წელი მეკარისთვის ბევრი არ არის, ალისონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვის ნიშნებს აჩენს. პირველ ხუთ სეზონში მან ტრავმების გამო მხოლოდ 19 მატჩი გამოტოვა, ბოლო სამ სეზონში კი ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. კლუბის მფლობელები (FSG), როგორც წესი, 30 წელს გადაცილებულ მოთამაშეებს გრძელვადიან კონტრაქტებს არ სთავაზობენ (გამონაკლისი მხოლოდ სალაჰი და ვან დაიკი იყვნენ). ის, რომ ლივერპულმა ახალი ხელშეკრულების ნაცვლად მხოლოდ არსებული პუნქტი გამოიყენა, მიანიშნებს, რომ ისინი მომავალს ალისონის გარეშე გეგმავენ.
გიორგი მამარდაშვილის ფაქტორი
2024 წელს ლივერპულმა ვალენსიას გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტი გადაუხადა. აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე ენფილდზე სათადარიგო სკამზე დასაჯდომად არ მიდის. მამარდაშვილი ალისონზე 8 წლით უმცროსია და მისი ხელფასი ბრაზილიელისაზე თითქმის ორჯერ ნაკლები იქნება, რაც კლუბს სხვა პოზიციებზე ინვესტირების საშუალებას მისცემს.
გუნდის გაახალგაზრდავება
თუ ალისონი ამ ზაფხულს სალაჰისა და რობერტსონის გზას გაჰყვება, ლივერპულის შემადგენლობის საშუალო ასაკი 25 წელს ქვემოთ ჩამოვა. კლუბი აშკარად ცდილობს ძველი გვარდიის ახალი, ახალგაზრდა ტალანტებით ჩანაცვლებას.