მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთისა და ესპანეთის ოლიმპიური ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.
ანგარიში მე-11 წუთზე ენცო მილომ გახსნა, თუმცა ესპანელებმა თამაშის შემოტრიალება პირველივე ტაიმში მოახერხეს. მე-18 და 25-ე წუთზე გატანილი გოლებით ფერმინ ლოპესმა დუბლი შეასრულა, 28-ე წუთზე კი ალექს ბაენამ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა და პირველი ტაიმის ანგარიშიც დააფიქსირა, 1-3.
შეხვედრის მეორე ნახევარში ამჯერად ქამბექი საფრანგეთისგან ვიხილეთ. 79-ე წუთზე მანე აკლიუშემ სხვაობა შეამცირა, 93-ე წუთზე კი პენალტის დახმარებით ჟან-ფილიპ მატეტამ ანგარიში გაათანაბრა (3-3) და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.
ფრანგების ფსიქოლოგიური უპირატესობის მიუხედავად, ესპანელებმა თამაშში გადამწყვეტი გარდატეხა შეძლეს. მე-100 წუთზე სერხიო კამელომ ფურია როხა წინ გაიყვანა 121-ე წუთზე კი კამელომ დუბლი შეასრულა და მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა, 3-5.
მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები საკუთარ კედლებში დამარცხდა, ესპანეთი კი ევრო 2024-ის შემდეგ ოლიმპიადის გამარჯვებულიც გახდა.
ჩემპიონებმა ოქროს მედლისკენ შემდეგი გზა გაიარეს. ჯგუფურ ეტაპზე ესპანელები უზბეკეთის, დომინიკის რესპუბლიკისა და ეგვიპტის ნაკრებებთან მოხვდნენ და 6 ქულით მე-2 ადგილი დაიკავეს. 1/4 ფინალში მეტოქე იაპონია იყო, რომელიც 3-0 დაამარცხეს, 1/2 ფინალში კი მაროკოსთან იმარჯვეს 2-1.
ასე და ამგვარად, ოლიმპიური ოქრო ესპანეთისაა, ვერხლის მედალს მასპინძელი საფრანგეთი დასჯერდა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი მაროკოს ნაკრებია, რომელმაც ეგვიპტე 6-0 დაამარცხა.
ტურნირის ბომბარდირი 8 გოლით მაროკოელი სოფიან რაჰიმი გახდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები