მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მოახლოვდა 2024 წლის დასასრული, რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში ნამდვილად გამორჩეული იყო. წელს გულშემატკივრებმა ვიხილეთ და განვიცადეთ ისეთი რაღაცები, რაც აქამდე არ გვინახავს.
ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ყველაფერი იანვარში დაიწყო. საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ტურნირზე ისტორიული პირველი გამარჯვებაც მოიპოვა, სადაც ბოსნიის ნაკრები 22-19 დაამარცხა.
საბოლოოდ ხელბურთის ეროვნულმა გუნდმა 24 გუნდს შორის მე-18 ადგილი დაიკავა და შემდეგ გუნდებს აჯობა: სერბეთი, ფარერის კუნძულები, შვეიცარია, რუმინეთი, საბერძნეთი და ბოსნია.
თებერვალში ქართული MMA-ს ისტორია დაიწერა. UFC 298-ზე ერთდროულად ორი ქართველი მებრძოლის დაპირისპირება შედგა. მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დომინანტურ სტილში დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარზე ბრძოლის უფლება მიიღო.
ღონისძიების მთავარ დაპირისპირებაში კი ილია თოფურიამ ქართული სპორტის ისტორია დაწერა. მატადორმა ლეგენდარული ალექს ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და ქვემსუბუქი წონის ქამრის მოპოვებით UFC-ის ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.
მარტში საქართველოს ნაკრები მორიგ ჯერზე გახდა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. ბორჯღალოსნებმა ფინალურ მატჩში პორტუგალია დაამარცხეს 36-10.
აი, ამის შემდეგ კი ქართულ სპორტში ნამდვილად უნიკალური რამ მოხდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 2 მატჩი აშორებდა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გასასვლელად.
21 მარტს პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში დინამო არენაზე ლუქსემბურგს დავუპირისპირდით. მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, რომ გულშემატკივრებს თავისი საჩემპიონო ქამარი ილია თოფურიამ წარუდგინა.
ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგი 2-0 დავამარცხეთ და პლეიოფის ფინალში გავედით, სადაც ჩვენი მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო.
26 მარტი კი როგორც ქართული სპორტის, ისევე მთლიანი საქართველოს ისტორიაში შევიდა. დაძაბული ძირითადი დროისა და დამატებითი ტაიმების შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, სადაც ქართველების პულსი ცოტა ხნით გაჩერდა.
გიორგი ქოჩორაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ლაშა დვალი, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი მამარდაშვილი თერთმეტმეტრიანების სერიის გმირები გახდნენ და საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიყვანეს, ამ ყველაფერს კი როგორი ზეიმი მოჰყვა, ეს არასდროს დაგვავიწყდება.
აპრილსა და მაისში თავისი სიტყვა ძიუდოს ნაკრებმაც თქვა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ.
მაისის მსოფლიო ჩემპიონატზე კი გუნდმა 4 მედალი დაიმსახურა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. მსოფლიო ჩემპიონობა გიორგი სარდალაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა შეძლეს.
საფეხბურთო საკლუბო სეზონის დასასრული წარმატებული აღმოჩნდა ოთარ კიტეიშვილისთვის, რომელიც შტურმთან ერთად ავსტრიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, თავად კი ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ივნისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის გერმანული თავგადასავალი დაიწყო. ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, ქალაქ დორტმუნდში თურქეთს დავუპირისპირდით, სადაც მორიგი ისტორია დაიწერა.
გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების ისტორიული პირველი გოლი ევროპის ჩემპიონატზე სწორედ თურქეთს გაუტანა, ის მატჩი კი ჩვენებმა 1-3 დათმეს, თუმცა პირველივე შეხვედრაში ევროპელ გულშემატკივრებს თავისი ბრძოლისუნარიანობით თავი დაამახსოვრეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მეორე მატჩში დაფიქსირდა. ვილი სანიოლის გუნდმა ევროზე პირველი ქულა ჩეხეთთან (1-1) მოიპოვა, იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც 11 ბურთი მოიგერია. გოლი კვლავ გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.
და დადგა ჯგუფური ეტაპის მე-3 მატჩიც, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტის, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრებს პლეიოფში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, რაც ნამდვილი სენსაცია იქნებოდა.
26 ივნისი ქართული სპორტის ისტორიაში კიდევ ერთ ოქროს თარიღად ჩაიწერა. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით ჩვენებმა კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალია დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციის ავტორებიც გახდნენ.
ქართული ზღაპარი კი 1/8 ფინალში დასრულდა, სადაც სანიოლის გუნდი მომავალ ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრაში ანგარიში ჩვენებმა გახსნეს, თუმცა ფურია როხამ თამაშის მოტრიალება შეძლო და ჩემპიონობის გზაზე სვლა გააგრძელა.
საბოლოოდ გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა, გიორგი მამარდაშვილმა კი ევრო 2024-ზე ყველაზე მეტი, 29 მოგერიება დააგროვა.
სამშობლოში დაბრუნებულ ეროვნულ გუნდს საოცარი ემოციები დახვდა, რაც ნაკრების წევრების ღირსების ორდენებით დაჯილდოებით დასრულდა.
ივნისის ბოლოს თავი რომან დოლიძემაც გამოიჩინა და UFC-ში ენტონი სმიტი დაამარცხა.
ივლისში კვლავ საქართველოს რაგბის ნაკრები დაუბრუნდა ასპარეზს და იაპონიაში იაპონიის ნაკრები 23-25 დაამარცხა.
ქართული სპორტისთვის ცხელი აღმოჩნდა აგვისტო-სექტემბერის პერიოდი, განსაკუთრებით საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც ოლიმპიადა და პარალიმპიადა გაიმართა.
ოლიმპიადაზე ჩვენმა დელეგაციამ 7 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე გახდნენ.
ვერცხლის მედლები ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ და გივი მაჭარაშვილმა მოპოვეს, ბრინჯაოსმედალოსანი კი ლაშა გურული გახდა.
ასევე ნინო სალუქვაძე გახდა თანარეკორდსმენი და ოლიმპიადაზე კარიერაში მეათედ იასპარეზა.
აგვისტო ისტორიული ტრანსფერით დაიხურა. გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად ლივერპულის მოთამაშე გახდა და ყველაზე ძვირადღირებული ქართული ტრანსფერიც განხორციელდა (30 მილიონი ევრო). ქართველი მეკარე მერსისაიდში 2025 წლის ზაფხულში გადაბარგდება.
აღსანიშნავია გურამ ქუთათელაძის გამარჯვებაც ჯორდან ვუჩენიჩის წინააღმდეგ UFC-ში.
ოლიმპიადის შემდეგ წარმატებული გამოდგა პარალიმპიადაც. საქართველოს დელეგაციის 14 წარმომადგენლიდან ცხრამ მედალი მოიპოვა - 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
ოქროს მედალი გიგა ოჩხიკიძემ დაიმსახურა, ვერცხლის პრიზიორები ვლადიმერ ჭინჭარაული, ზურაბ ზურაბიანი, გიორგი ქალდანი და რევაზ ჩიკოიძე გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ანა ჯაფარიძე, ნინო თიბილაშვილი, ინა ქალდანი და აკაკი ჯინჭარაძე დაეუფლნენ.
სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის შემდგომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება წარმატებით დაიწყო, ჩვენმა გუნდმა ჩეხეთისა (4-1) და ალბანეთის (0-1) ნაკრებები დაამარცხა.
ამავე პერიოდში UFC-ში კიდევ ერთხელ დაიწერა ქართული ისტორია. UFC 306-ზე, რომელიც ლას ვეგასის სფეროში გაიმართა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა.
6 ოქტომბერს რომან დოლიძემ UFC 307-ზე კევინ ჰოლანდი დაამარცხა, 26 ოქტომბერს კი საკუთარი ქამარი დაიცვა ილია თოფურიამ, რომელმაც კიდევ ერთი ლეგენდა, მაქს ჰოლოუეი დააფინიშა, ასე რომ 2025 წელს საქართველო UFC-ის 2 ჩემპიონით ხვდება.
ნოემბერი წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის. ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ჯიკიჩის გუნდმა ფინეთი 2-ჯერ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ გზაზე.
ასევე მოგებით დახურა წელი რაგბის ნაკრებმაც, რომელმაც თბილისში ტონგა 22-7 დაამარცხა.
აღსანიშნავია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატება ფეხბურთშიც. 21-წლამდელთა ნაკრებმა რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით პლეიოფში გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს, რომელიც 2025 წლის ზაფხულში გაიმართება.
ვინ იცის, კიდევ რამდენი წარმატება გამოგვრჩა ამ სტატიაში, თუმცა ეს ფაქტიც იმაზე მეტყველებს, რომ 2024 წელი ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ყველა სპორტის სახეობაში მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. ახალ 2025 წელს კი კიდევ ბევრი წარმატება გველოდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები