18 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
19 იანვარს მერაბ დვალიშვილი ქამარს, პირველად, რუსი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს. ქამრის მცველი პირველი სატიტულო დაცვის, ხოლო გულშემატკივარი კიდევ ერთი ქართული გამარჯვების მოლოდინშია.
გარდა სპორტულისა, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირებას სხვა პრინციპული მნიშვნელობაც აქვს. საჩემპიონო ქამრისთვის ქართველი რუსეთის წარმომადგენელს შეერკინება.
ქართულ სპორტში რუსების წინააღმდეგ გამარჯვებები ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნებოდა. ამ სტატიაში კი გავიხსენებთ 5 გამორჩეულ ქართულ ტრიუმფს რუსებთან.
საქართველო 1-0 რუსეთი
ევრო 2004-ის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები 2002 წლის 12 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ისტორიულ მოსისხლე მტერს, რუსეთს დაუპირისპირდა.
სტადიონზე მატჩის მე-40 წუთზე შუქი ჩაქრა. შემდეგ მოვიდა, თუმცა საბოლოოდ, მატჩის გადადება გადაწყდა და თამაში 2003 წლის 30 აპრილს დაინიშნა.
მატჩის ერთადერთი გოლი მალხაზ ასათიანმა, დემეტრაძის ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით გაიტანა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა და რუსეთთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. უმნიშვნელოვანესი არა იმდენად სატურნირო, არამედ ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე.
"რუსი გაკრულია ბეჭებზე"
2008 წლის აგვისტოში საქართველოდან შორს სხვა ქართულ-რუსული დაპირისპირებაც გაიმართა. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს -90 კგ. წონითი კატეგორიის 1/2 ფინალში ირაკლი ცირეკიძე რუს ივან პერშინს შეხვდა.
ქართველმა მეტოქე ბეჭებზე გააკრა და სუფთად მოუგო. ალბათ, გახსოვთ კომენტატორის სიტყვებიც: "პერშინი მიხვდა, რომ დამარცხებულია. რუსი გაკრულია ბეჭებზე".
აგვისტოს მძიმე დღეებში ცირეკიძის ეს გამარჯვება რუსზე ქართველი გულშემატკივრებისთვის მცირე შვება იყო. თავად ირაკლი კი ამ გამარჯვებით ოლიმპიადის ფინალში გავიდა, სადაც ალჟირელი მეტოქეც დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
დათვების განადგურება
საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებთა დაპირისპირება წლების განმავლობაში ქართველი გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება იყო, რადგან ჩვენები რუს დათვებს ყოველთვის ამარცხებდნენ.
გუნდები 1993-დან 2021 წლამდე 26-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, რუსებმა მხოლოდ პირველი დაპირისპირება მოიგეს, დანარჩენი 25-დან კი მხოლოდ 1 დასრულდა ფრედ, 24 შემთხვევაში ბორჯღალოსნებმა იმარჯვეს.
ამ 24 მოგებიდან ყველაზე დიდი ანგარიშით ქართველებმა 2012 წლის მარტში გაიმარჯვეს, როცა რუსეთის ნაკრებს 46-0 მოუგეს. შეხვედრა თბილისში გაიმართა. ლელოები გორგოძემ, ჩხაიძემ, მაჩხანელმა (2), დათუნაშვილმა და ნემსაძემ დადეს, გარდასახვები კი კვირიკაშვილმა შეასრულა ზუსტად.
"რუსი გაკრულია ბეჭებზე" - ნაწილი 2
2016 წლის 8 აგვისტოს რიოს ოლიმპიადაზე ძიუდოს -73 კგ. წონითი კატეგორიის რეპეშაჟში ლაშა შავდათუაშვილი რუს დენის იარცევს დაუპირისპირდა.
2008 წლის აგვისტოდან 8 წლისთავზე ქართველმა რუსი იპონით დაამარცხა და ისტორიას ბრწყინვალე კადრიც დაუტოვა, რომელიც ლაშა კუპრაშვილმა შემოგვინახა.
იარცევის დამარცხების შემდეგ შავდათუაშვილმა ისრაელის წარმომადგენელსაც მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
The Machine
2023 წლის მარტში UFC-ის Fight Night-ის მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდა.
ქართველმა რუსის წინააღმდეგ 5-რაუნდიან ბრძოლაში სრული დომინაცია აჩვენა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიამარჯვა.
პიოტრ იანი კი ასეთი უსუსური არასდროს ყოფილა. მან თავის თავზე იწვნია თუ რას ნიშნავს ქართველ მანქანასთან დაპირისპირება.
თითქმის 2 წლის შემდეგ მერაბ დვალიშვილი უკვე სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია, ამჯერად ის ქამარს დაიცავს, მეტოქე კი კვლავ რუსეთის წარმომადგენელი, უმარ ნურმაგომედოვი იქნება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები