საქართველოს 15, 17 და 19-წლამდელ ფეხბურთელთა მთავარი ლიგის, ოქროს ლიგის გამარჯვებული დინამო თბილისის გუნდები გახდნენ.
თბილისელთა 15-წლამდე გუნდმა ჩემპიონატი საერთოდ დაუმარცხებლად მოიგო - 26 შეხვედრიდან 22 მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს. ლაშა გიორგობიანის შეგირდებმა მე-2 ადგილზე გასულ იბერია 1999-ს 24 ქულით გაუსწრეს.
დინამო თბილისის 17-წლამდელებს ზვიად კვარაცხელია წვრთნიდა - 28-დან 22 თამაში მოიგეს, 4-ჯერ ფრედ ითამაშეს და 2-ჯერ დამარცხდნენ. 70 ქულა მოაგროვეს და მეორეადგილოსან იბერია 1999-ს 11 ქულით აჯობეს.
რაც შეეხება 19-წლამდე ოქროს ლიგას, დინამოელებმა იქ 26 ტურში 66 ქულა მოაგროვეს, რაც მეორეადგილოსან იბერია 1999-ის მონაგარზე 6 ქულით მეტი გახლდათ. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა 21 შეხვედრა მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 2-ჯერ დამარცხდა.
19-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებული დინამო თბილისი მომდევნო წლის უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.