რეალ მადრიდის მეგავარსკვლავი, კილიან მბაპე, ესპანეთში გუშინ დაბრუნდა და რეაბილიტაციის დასკვნით ფაზას იწყებს. მისი მთავარი მიზანი ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ თამაშია.
მბაპეს მოედანზე გასვლა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, როგორ „უპასუხებს“ მისი მარცხენა მუხლი დატვირთვებს უახლოეს დღეებში. ფრანგმა ფორვარდმა აღდგენითი პროცესის ნაწილი პარიზში გაიარა, სადაც მუხლის სპეციალისტთან, დამატებითი კონსულტაცია გაიარა.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს ტკივილები ჯერ კიდევ 7 დეკემბერს მიღებული ტრავმის გამო აწუხებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მოედანს რამდენჯერმე დაუბრუნდა, დაზიანება ბოლომდე არ მორჩენილა. სწორედ ამ მიზეზით მან რეალ მადრიდის ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა ბენფიკას, ხეტაფესა და სელტას წინააღმდეგ.
გადამწყვეტი გამოკვლევა
გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მბაპე დღეს დილიდანვე ვალდებებასის ბაზაზე გამოცხადდება, სადაც ახალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ტესტების შედეგად გაირკვევა, შეძლებს თუ არა ის გუნდთან ერთად ვარჯიშს, თუ კვლავ სპორტდარბაზში მუშაობა მოუწევს.
რეალის მთავარი მწვრთნელი, ალვარო არბელოა, ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას დღეს, 11:00 საათზე მიიღებს. კლუბის პოზიცია ცალსახაა: მბაპე მოედანს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, როცა 100%-ით მზად იქნება. მადრიდელებს არ სურთ 2026 წელს უკვე დაშვებული შეცდომის გამეორება, როდესაც ფეხბურთელმა ნაადრევი დაბრუნების გამო მატჩები შეზღუდული შესაძლებლობებით ჩაატარა.