რეალის და საფრანგეთის ნაკრების შემტევმა, კილიან მბაპემ, ყოფილ კლუბ პსჟ-ს ხელფასის დავალიანების საკითხზე სასამართლო დავა მოუგო.
2024 წლის სექტემბერში საფრანგეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ (LFP) პარიზულ კლუბს დაავალა, რომ რეალში უფასოდ გადასულ მბაპეს თავისი კუთვნილი ხელფასი და ბონუსები — 55 მილიონი ევროს ოდენობით, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ უხდიდნენ, სრულად გადაუხადოს.
მოგვიანებით, მბაპემ აღნიშნული საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტს ამ თანხის გადაუხდელობის თაობაზე მიმართა, თუმცა საჩივარზე უარი მიიღო, რადგან პსჟ-მ უშუალოდ LFP-ს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი სასამართლოში.
ფინანსურ მოთხონვებთან ერთად, მბაპემ კლუბის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც და პსჟ დაადანაშაულა იმაში, რომ 2023-ში მას კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აიძულებდნენ — სწორედ ამ პერიოდში, 2023/24 სეზონისთვის მზადების პროცესში, მბაპე პირველ გუნდს ჩამოშორებული იყო იქამდე, სანამ მისი ხელშეკრულების ამბები გაირკვეოდა.
თავის მხრივ, მბაპეს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა საჩივარი პსჟ-მაც, რომელიც თავისი ყოფილი ფეხბურთელისგან 440 მილიონ ევროს ითხოვდა.
RMC Sport-ის ინფორმაციით, დღეს პარიზის შრომითმა სასამართლომ გადაწყვეტილება ერთხმად, მბაპეს სასარგებლოდ მიიღო და პსჟ დაავალდებულა, რომ ფეხბურთელს სრული დავალიანება — შვებულების ანაზღაურების გათვალისწინებით 61 მილიონი ევრო, სრულად გადაუხადოს. თავის პხრივ, პსჟ-ს ყველა სარჩელი მბაპეს წინააღმდეგ სრულად იყო უარყოფილი.
კლუბს დაევალა, სასამართლოს სრული გადაწყვეტილება საკუთარ ვებ-გვერდზე ერთი თვის ვადაში გამოაქვეყნოს. თუმცა, პარიზელებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ.