ოთარ კიტეიშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - ამჯერად ჩემპიონატში, ალტახის წინააღმდეგ სტუმრად შეაგდო და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
დაეხმარა, რადგან 85-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო, როცა კიტემ პენალტი ზუსტად შეასრულა. რამდენიმე წუთში შეცვალეს, მისმა გუნდმა კი მეორე გოლიც გაიტანა.
გრაცელთა ქართველ ლიდერს ბოლო პერიოდში ტრავმა ჰქონდა - დაბრუნების შემდეგ მე-2 მატჩში იყო ძირითადში და ორივეჯერ გოლი შეაგდო (რეინჯერსთან, ევროპა ლიგაზე).
მისთვის ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მე-6 მატჩში გატანილი მე-5 გოლია. გოლების პირადი რეკორდი გასულ სეზონში ჰქონდა, როცა 12 მოაგროვა, წელს კი ამ შედეგს მაღალი ტემპით უტევს.
დღევანდელი გამარჯვებით, შტურმმა 8 ტურში 18 ქულა დააგროვა და ლიდერ რაპიდს 1 ქულით გადაასწრო - ვენელები ზალცბურგთან სტუმრად ოდნავ მოგვიანებით ითამაშებენ, თუმცა გრაცელებზე 1 მატჩით მეტი ექნებათ ჩატარებული.
კიტეიშვილის გუნდი მომდევნო ტურში კარგ ფორმაში შესულ ლინცს ესტუმრება - ბოლო 4 მატჩში 9 ქულა აიღო.