მექსიკასა და სამხრეთ კორეას მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალის საგზურის ნაადრევად განაღდების შანსი აქვთ, სამხრეთ აფრიკა და ჩეხეთი კი შეეცდებიან, ტურნირს ნაადრევად არ დაემშვიდობონ.
დღეს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები იწყება.
მე-7 სათამაშო დღეს ატლანტაში A ჯგუფის შეხვედრა გახსნის, სადაც ჩეხეთი და სამხრეთ აფრიკა პირველ ტურში განცდილი მარცხების შემდეგ რეაბილიტაციას ეცდებიან.
ამის შემდეგ, ლოს-ანჯელესში, B ჯგუფში, შვეიცარია და ბოსნია და ჰერცეგოვინა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.
ღამის თამაშებში მოედანზე ორი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი გავა: ჯერ კანადა დაუპირისპირდება კატარს ვანკუვერში, ხოლო შემდეგ მექსიკა გვადალახარაში კორეის რესპუბლიკას შეხვდება.
ამ მატჩში გამარჯვებულმა, A ჯგუფის ადრინდელი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, შესაძლოა პლეი-ოფის საგზურიც გაინაღდოს.
ჩეხეთი – სამხრეთ აფრიკა (18 ივნისი, 20:00)
ჩეხეთი და სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
ორივე ნაკრები მეორე ტურში პირველი მატჩების მარცხების შემდეგ გამოდის: ჩეხეთი კორეის რესპუბლიკასთან დამარცხდა, ხოლო სამხრეთ აფრიკა – თანამასპინძელ მექსიკასთან.
მიროსლავ კოუბეკის გუნდს ტურნირიდან ნაადრევად გავარდნის თავიდან აცილება შეუძლია, თუ სამხრეთ აფრიკას დაამარცხებს და ამავდროულად კორეის რესპუბლიკა მექსიკასთან ვერ მოიგებს.
„ბაფანა ბაფანას“ კი აუცილებლად გამარჯვება სჭირდება და იმედი უნდა ჰქონდეს, რომ მექსიკა კორეას ვერ დაამარცხებს.

სავარაუდო შემადგენლობები
ჩეხეთი - კოვარი; ცოუფალი, ჩალოუპეკი, ჰრანაცი, კრეიჩი, ზელენი; სოუჩეკი, პროვოდი; სოიკა, სულცი, შიკი.
სამხრეთ აფრიკა - უილიამსი; მუდაუ, ოკონი, მბოკაზი, სიბისი, მოდიბა; მოკოენა, მბათა, ადამსი; ფოსტერი, რეინერსი.
შვეიცარია – ბოსნია და ჰერცეგოვინა (18 ივნისი, 23:00)
ლოს-ანჯელესში საინტერესო ევროპული დაპირისპირება გაიმართება.
შვეიცარია მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო 3 გათამაშებაში პლეი-ოფში გავიდა და პირველ ტურში კატართან მოულოდნელად გაშვებული გვიანი გოლის შემდეგ ახლა 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.
ბოსნია და ჰერცეგოვინა კი ახალი ისტორიის დაწერას ცდილობს.
მათი ერთადერთი წინა მსოფლიო ჩემპიონატი 2014 წელს ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა, ახლა კი ბოსნიელებს ძლიერი შვეიცარიული დაცვის გადალახვა მოუწევთ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველივე ურთიერთშეხვედრაში.

სავარაუდო შემადგენლობები
შვეიცარია - კობელი; ზაქარია, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი; ებიშერი, ჯაკა, ფროილერი; ნდოიე, ემბოლო, ვარგასი.
ბოსნია და ჰერცეგოვინა - ვასილი; დედიჩი, კატიჩი, მუჰარემოვიჩი, კოლაშინაცი; ბაირაქტარევიჩი, ტაჰიროვიჩი, ბაშიჩი, მემიჩი; დემიროვიჩი, ლუკიჩი.
კანადა – კატარი (19 ივნისი, 02:00)
B ჯგუფის მე-2 ტურში მასპინძელი კანადა კატარს დაუპირისპირდება.
ეს ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.
კანადა პირველ ტურში ბოსნიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატებზე ისტორიაში პირველ გამარჯვებას უმიზნებს.
2022 წლის მასპინძელმა კატარმა კი შვეიცარიასთან გვიან გატანილი გოლით მოულოდნელი ქულა მოიპოვა და ამ იმპულსის გაგრძელებას შეეცდება.
ამ შეხვედრაში არც ერთ გუნდს ჯერ არც პლეი-ოფის საგზურის მოპოვება შეუძლია და არც გამოვარდნა ემუქრება, თუმცა გამარჯვება ორივესთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცევა ისტორიაში პირველად ფლეი-ოფში გასასვლელად.

სავარაუდო შემადგენლობები
კანადა - კრეპო; ჯონსტონი, დე ფუჟეროლი, კორნელიუსი, ლარია; კონე, ეუსტაკიო, ბიუკენანი, აჰმედი; დევიდი, ლარინი.
კატარი - აბუნადა; ალუი, პედრო მიგელი, ხოუხი, ჰომამ აჰმედი; მადიბო, ლაიე, ჯასემ გაბერი; აფიფი, ედმილსონი, აბდურისაგი.
მექსიკა – სამხრეთ კორეა (19 ივნისი, 05:00)
ორივე გუნდი ამ შეხვედრას იმ ცოდნით ხვდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა უკვე პლეი-ოფში გასვლა გაინაღდოს, რაც ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის მატჩის შედეგზეც იქნება დამოკიდებული.
2018 წლის შემდეგ ეს გუნდები ამხანაგურ მატჩებში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მათ შორის 2025 წლის სექტემბერში, როდესაც 2:2 ითამაშეს.
თუმცა ამჯერად ფსონები გაცილებით მაღალია, რადგან მექსიკა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს გვადალახარაში პირველად გამართავს.

სავარაუდო შემადგენლობები
მექსიკა - რანგელი; გალიარდო, ვასკესი, ალვარესი, სანჩესი; მორა, ლირა, ფიდალგო; კინიონესი, ალვარადო, ხიმენესი.
სამხრეთ კორეა - კიმ სუნგ-გიუ; კიმ მინ-ჯე, ლი ჰან-ბეომი, ლი კი-ჰიუკი; სეოლ იონგ-ვუ, ლი ტე-სეოკი, ჰვანგ ინ-ბეომი, პაიკ სეუნგ-ჰო; ლი კანგ-ინი, ლი ჯე-სუნგი; სონ ჰინ-მინი.
მექსიკა და სამხრეთ კორეა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ.
პირველი დაპირისპირება საფრანგეთი 1998-ის ჯგუფურ ეტაპზე შედგა.
კორეელები მსოფლიო ჩემპიონატის ;ირველ გამარჯვებას უმიზნებდნენ და შესვენებაზე ჰა სეოკ-ჯუს გოლით 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მექსიკამ შთამბეჭდავი ქამბექი შემოგვთავაზა.
რიკარდო პელაესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ლუის ერნანდესმა დუბლი შეასრულა და მექსიკამ 3:1 მოიგო.
20 წლის შემდეგ, გერმანიასთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, მექსიკელებმა კორეასთანაც სწრაფად მოიპოვეს ორბურთიანი უპირატესობა კარლოს ველასა და ხავიერ ერნანდესის გოლებით.
სონ ჰინ-მინმა მატჩის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა საბოლოოდ „ელ ტრი“ 2:1 გამარჯვებული დარჩა.