კვირას, მექსიკის ქალაქ სალამანკაში შეიარაღებულმა პირებმა საფეხბურთო მოედანზე შეკრებილ ადგილობრივებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული კაცები მოედანზე რამდენიმე ავტომობილით მივიდნენ და იქ შეკრებილ ხალხს, როგორც ჩანს, განურჩევლად ესროლეს.
სროლის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. გუანახუატოს შტატში, სადაც სალამანკა მდებარეობს, გასულ წელს მექსიკის მასშტაბით მკვლელობების ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა.
მეზობლებმა განაცხადეს, რომ შეიარაღებული თავდასხმის დროს სულ მცირე 100 გასროლის ხმა გაიგონეს. სროლა ლომა დე ფლორესის უბანში მდებარე კაბანიასის მოედანზე მოხდა.
ეს თავდასხმა ქალაქში ძალადობრივი მოვლენების სერიის გაგრძელების ფონზე მოხდა, ერთი დღით ადრე იქ ხუთი მამაკაცი მოკლეს და კიდევ ერთი გაიტაცეს.
გუანახუატოში ძალადობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, რაც რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ისინი ნავთობისა და საწვავის ქურდობით არიან დაკავებული, ასევე სხვა დანაშაულებით, როგორიცაა ნარკოტრაფიკი და გამოძალვა.