ვეტერანმა ესპანელმა ფორვარდმა, ფერნანდო ლორენტემ 2005 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა და არგენტინის ნაკრების, ნუტრიციოლოგიური კუთხით, განმასხვავებელ ნიშანზე გაამახვილა ყურადღება.
"მახსოვს, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მესის არგენტინის წინააღმდეგ ვითამაშეთ და ითქვა, რომ მათ საჭმელთან ერთად კოკა-კოლას დალევის უფლება ჰქონდათ, ჩვენ კი არა. ტურნირიდან სწორედ მათ გამოგვთიშეს, შემდეგ კი საერთოდ ტიტული მოიგეს.
არც ერთ იმ გუნდში, რომელშიც მითამაშია, მსგავსი სასმელების დალევის უფლება არასდროს გვქონია", - ამბობს ლორენტე.
2005 წელს გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინამ ესპანეთს 1/4 ფინალში 3:1 მოუგო, ფინალში კი ნიგერიის ნაკრებს აჯობა და აღნიშნული ტურნირი იმ მომენტისთვის მეხუთედ მოიგო - ამჟამად 6 ჩემპიონობა აქვთ (1979; 1995; 1997; 2001; 2005; 2007).