1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
“ჩემთვის ეროვნული ნაკრები დასრულდა. რაც შემეძლო გავაკეთე, ვცადე, ეს მეოთხე ფინალი იყო, რომელშიც დავმარცხდი. რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. ამას ჩემზე მერად არავინ განიცდის, მაგრამ ფაქტია ეს ჩემთვის არ არის. მე ყველაზე მეტად მინდოდა ამ ტიტულის მოგება გუნდთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. დიახ ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა, ამაზე ბევრი ვიფიქრე, ბევრი ვეცადე, რომ ტიტული მოგვეგო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ოთხ ფინალში დავმარცხდით.”
ეს განცხადება მესიმ ნიუ ჯერსიში, მეტლაიფ სთედიუმის პრეს ზონაში, 2016 წლის 27 ივნისს გააკეთა. არგენტინა კოპა ამერიკა სენტენარიოს ფინალში ჩილესთან პენალტების სერიაში დამარცხდა - ლეომ თავისი პენალტი ვერ გაიტანა. ეს მესისთვის მეოთხე, ხოლო ბოლო სამ ზაფხულში მესამე წაგებული ფინალი იყო. ალბათ 20 წლის ლეო 2007 წლის 15 ივლისს ბრაზილიასთან წაგებული კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ ვერ წარმოიდგენდა, რომ ნაკრებიდან ამ ტიტულის მოგების გარეშე წავიდოდა.
2014 წელს მესიმ მუნდიალის ფინალი დათმო, შემდეგ ზაფხულს კიდევ ერთი კოპა ამერიკა. როგორც ერთი წლის შემდეგ, მეტოქე ამ შემთხვევაშიც ჩილე იყო - ალბისელესტე პენალტების სერიაში დამარცხდა. მესის კიდევ ერთი შანსი მალევე მიეცა - ამერიკაში საიუბილეო კოპა გაიმართა. მეტლაიფ სთედიუმმა კი ფინალს უმასპინძლა. იგივე აფიშა - იგივე შედეგი.
არგენტინას ერთადერთი იმედი ხელიდან გამოეცალა. მუდამ დიეგოსთან შესადარი მესი ნაკრებიდან უსახელოდ წავიდა. “პენსიაზე გასვლა” მესისთვისაც მძიმე აღმოჩნდა და ქვეყნისთვისაც. ლეომ “ახალი ცხოვრების” დაწყება ახალ ვარცხნილობასთან ერთად გადაწყვიტა.
მე ეს ცვლილებები ყველაფრის ახლიდან დასაწყებად დამჭირდა, ბევრი პრობლემა მქონდა და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ამისგან თავის დაღწევა და ყველაფრის ახლიდან დაწყება მჭირდებოდა
სანამ 29 წლის მესი ახალი ცხოვრებისა და ახალი საკლუბო სეზონისთვის ემზადებოდა, არგენტინაში ხალხი ერთი მისიის ირგვლივ გაერთიანდა - “ლეო დაბრუნდი”, “ლეო არ მოგვატოვო”. იმართებოდა აქციები ბუენოს აირესის მთავარ მოედანზე თუ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, ეწყობოდა კამპანიები სოციალურ ქსელებსა თუ ბეჭდურ მედიაში - ყოფილი კაპიტნის მიმართ არც პირადი თხოვნები წყდებოდა.
" მესი, არ წახვიდე" ბუენოს აირესის ქუჩებში.
ურიცხვ გულშემატკივარს შორის იყვნენ ალბისელესტეს ახლანდელი თავკაცი ლიონელ სკალონი და მაშინ ჯერ კიდევ რივერ პლეიტის აკადემიის წევრი ენცო ფერნანდესი.
“ეს სურათი ყველაფერს ამბობს… არ წახვიდე ლეო.” - წერდა ტვიტერზე ლიონელ სკალონი.
საკმაოდ ემოციური წერილი მიუძღვნა 15 წლის ენცომ ნაკრების კაპიტანს:
“როგორ უნდა დაგარწმუნოთ, თუ ჩვენ თვითონაც არეულები ვართ? როგორ უნდა დაგარწმუნოთ, როცა ჩვენს ცხოვრებაში იმ წნეხის 1%-იც კი არასდროს გამოგვიცდია, რომელსაც შენ ყოველდღე ატარებ მხრებზე? როცა ყოველ დილით იღვიძებ, სარკეში იყურები და იცი, რომ 40 მილიონზე მეტი ადამიანი არა მხოლოდ სრულყოფილებას გთხოვს, არამედ ისე იქცევა, თითქოს ამის მოთხოვნის სრული უფლება ჰქონდეს.
როგორ უნდა დაგარწმუნოთ, თუ ვერ შევძელით გაგვეაზრებინა, რომ შენ, პირველ რიგში, ადამიანი ხარ — შეუდარებელი ნიჭის მქონე, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ მაინც ადამიანი. როგორ უნდა დაგარწმუნოთ, თუ ერთი წამითაც ვერ ვჩერდებით იმის გასააზრებლად, რომ ჩვენი მარცხით გამოწვეულ ბრაზზე პასუხისმგებელი შენ არ ხარ, რადგან ეს ბრაზი ხშირად უფრო ჩვენს საკუთარ იმედგაცრუებებს უკავშირდება.
მოდი, სარკეში ჩავიხედოთ და საკუთარ თავს ვკითხოთ: რა მოხდებოდა, საკუთარი თავისგან იმ მოთხოვნების მხოლოდ 1%-ს მაინც რომ ვითხოვდეთ, რასაც ამ ბიჭს ვთხოვთ, რომელსაც სინამდვილეში არც კი ვიცნობთ?
როგორ უნდა დაგარწმუნოთ, თუ გვიჭირს იმის დანახვა, რომ მთელი მსოფლიო გაფასებს? როცა შვებულებაში მშვიდად სანაპიროზე დასვენება შეგეძლო, შენ ამის ნაცვლად აქ ხარ — დარბიხარ და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავ, მაშინ როცა ზოგისთვის მთავარი მხოლოდ ისაა, დარბიხარ თუ არა, ან ჰიმნს მღერი თუ არა.
რაც გინდა, ის გააკეთე, ლიონელ, მაგრამ გთხოვ, დარჩენაზე იფიქრე. თუმცა დარჩი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისევ სიამოვნებას მიიღებ, რადგან სწორედ ეს წაგართვეს ამ ადამიანებმა. ამ აბსურდული წნეხის სამყაროში მათ ფეხბურთის ყველაზე კეთილშობილური ნაწილი წაგართვეს — თამაშისგან მიღებული სიხარული.
ალბათ, ბავშვობაში ოცნებობდი, რომ შენი ქვეყნის მაისურით გეთამაშა და ამით ბედნიერი ყოფილიყავი. შენი „ალბისელესტეს“ მაისურით თამაში ჩვენთვის მსოფლიოში უდიდესი სიამაყეა.
ითამაშე იმისთვის, რომ სიამოვნება მიიღო, რადგან როცა შენ ბედნიერი ხარ, წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენად ბედნიერები ვართ ჩვენ.
მადლობა და მაპატიე…”
არგენტინელთა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - ლეო ნაკრებში დაბრუნდა. წაგებული ფინალიდან ორ თვეში, მესიმ ალბისელესტეს ურუგვაის წინააღმდეგ უკაპიტნა. 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლი რთული გამოდგა - არგენტინას მუნდიალის საგზური ბოლო ტურის წინაც არ ჰქონდა გარანტირებული. 2017 წლის 11 ოქტომბერს ხორხე სამპაოლის გუნდი მაღალმთიან ეკუადორს ერთი მისიით ესტუმრა - მუნდიალზე მოსახვედრად არგენტინას მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.
მატჩი ალბისელესტესთვის კატასტროფულად დაიწყო - მასპინძლებმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნეს. მძიმე დღეში ჩავარდნილმა არგენტინელები თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში მალევე დარწმუნდნენ - ლეო მესის ჰეთ-თრიქით არგენტინამ მატჩი შემოატრიალა. 1-3 და ალბისელესტე რუსეთში მიემგზავრება.
2018 წლის მსოფლიო თასი არგენტინელთათვის საკმაოდ უფერული გამოვიდა - სამპაოლის გუნდი აშკარა ერთიანობის ნაკლებობას განიცდიდა, რასაც ლოგიკური დასასრული მოჰყვა. მესი და კომპანია ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა. კვლავ იგივე პრობლემა - კაპიტნის უხასიათობა.
მესისთვის და არგენტინისთვის გარდამტეხი ბრაზილიაში გამართული 2019 წლის კოპა ამერიკა აღმოჩნდა - დროებით მწვრთნელად დანიშნული ლიონელ სკალონი გუნდში დარჩა და კოპა ამერიკაზე მესამე ადგილიც დაიკავა, რა თქმა უნდა არგენტინელთათვის ეს წარმატებად არ მიიჩნეოდა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ახალი ერის დასაწყისი აღმოჩნდა.
მასპინძლებთან ნახევარფინალში გამოვარდნის შემდეგ, მესიმ თავისი ის სახე გამოავლინა, რაც მას შემდეგ არაერთხელ ვნახეთ, თუმცა მანამდე ცოტას თუ ჰქონდა ნანახი. სამხრეთამერიკული ფეხბურთის ფედერაციის კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ მესიმ გარი მედელთან ჩხუბისთვის წითელი ბარათიც მიიღო - ლეო სადებიუტო მატჩის შემდეგ პირველად გააძევეს.
წლების განმავლობაში ყალიბდებოდა სკალონეტა. მენტალურად უძლიერეს გუნდთან ერთად იქმნებოდა მათი ლიდერის ის ხასიათი, რომელიც დღეს მესის განუყოფელი ნაწილია. ამის საუკეთესო მაგალითი 2021 წლის კოპა ამერიკის ფინალამდე, მარაკანას გასახდელში ნათქვამი ლეოს სიტყვაა, ფინალამდე რომელმაც საკლონის ნაკრების მთელი იდენტობა განსაზღვრა და კატარის მუნდიალის ტრიუმფისთვის ნიადაგი შეამზადა.
ბრაზილიასთან მატჩამდე ლეომ გუნდს მიმართა:
“ჩვენ ყველამ ვიცით რა არის არგენტინა, ჩვენ ყველამ ვიცით რა არის ბრაზილია, დღეს ამაზე არ ვისაუბრებ. დღეს მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, მინდა მადლობა გითხრათ ამ 45 დღისთვის. მე ჩემს დაბადების დღეზე გითხარით, ეს გუნდი საოცარია, ულამაზესი გუნდია და მე დიდი სიამოვნება მივიღე. 45 დღის განმავლობაში არანაირი უკმაყოფილება არ ყოფილა გადაადგილებასთან, საკვებთან, სასტუმროებთან თუ მოედნებთან დაკავშირებით ბიჭებო.
45 დღეა ოჯახები არ გინახავთ ბიჭებო, 45 დღეა! დიბუ (ემილიანო მარტინესი) მამა გახდა და ჯერ მისი ქალიშვილი არ უნახავს, ჯერ ის ხელში არ დაუჭერია… და ეს ყველაფერი რის გამო? ამ მომენტის გამო! იმიტომ რომ ჩვენ მიზანი გვაქვს ბიჭებო და ამ მიზნისგან ერთ ნაბიჯში ვართ. პატარა ნაბიჯში! და იცით რა არის ამ ამბავში საუკეთესო? ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზეა დამოკიდებული მოვიგებთ თუ არა ამ თასს. ამიტომ ახლა გავალთ, თასს ავწევთ და შემდეგ არგენტინაში წავიღებთ, რომ ჩვენს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად აღვნიშნოთ, ხალხთან, რომლებიც მუდამ გვერდში გვედგნენ. დამთხვევები არ არსებობს ბიჭებო. იცით რა? ეს ტურნირი არგენტინაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ღმერთმა აქ მოგვიყვანა. ღმერთმა აქ მოგვიყვანა, რომ თასი მარაკანაზე აღვმართოთ და ყველაფერი უფრო ლამაზი იყოს. ხოდა გავიდეთ ახლა თავდაჯერებულები და მშვიდები და შემდეგ ეს თასი სახლში წავიღოთ!”
სკალონეტამ მარაკანაზე ანხელ დი მარის გოლით მოიგო - მესი პირველ სანაკრებო ტიტულს შეეხო. შემდეგი გაჩერება კატარის მუნდიალი იყო.
მუნდიალამდე ლეომ კიდევ ერთი თასი აღმართა - სკალონეტამ უემბლიზე ჩატარებულ ფინალისიმაში ევროპის ჩემპიონი იტალია 3:0 გაანადგურა. მუნდიალზე მძიმე სტარტის შემდეგ კი გულშემატკივრებს მიმართა:
მოგიწოდებთ ამ ნაკრების რწმენა არ დაკარგოთ. ეს გუნდი თქვენი იმედების გაცრუებას არ აპირებს
კატარში ლეოს კიდევ ერთი, ახალი ვერსია ვნახეთ. 35 წლის ასაკში თამაშის უმაღლეს ხარისხთან ერთად გულშემატკივარმა მენტალური მონსტრი იხილა, რომელმაც გამოსავალი ყველა თითქოს და გამოუვალ სიტუაციაში იპოვა. იმედგადაწურულ არგენტინელებს მექსიკასთან გოლით იმედი ჩაუსახა და გასახდელში “მუჩაჩოს” გუნდთან ერთად იმღერა.
სკალონეტას მთავარი ღირსება ის გახლდათ, რომ გუნდს იდეალურად შეეძოლო კაპიტნის ხასიათის გათავისება და მისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლა. ლიონელ სკალონი და მისი სახელოვანი სამწვრთნელო შტაბი მესის საოცარ თამაშს იდეალურად უწყობდა ფეხს - სხვადასხვა ტაქტიკური გადაწყვეტილებები თუ სასტარტო შემადგენლობები სხვადასხვა მატჩში, სწორი აქცენტები და იდეალური ატმოსფერო. მატჩამდე დაწყებული ომი ნიდერლანდებთან და “que miras bobo” - ყველაფერი მესის სანატრელი თასისკენ მოგვანიშნებდა.
ბრძოლაში იდეალური ჯარისკაცი გამოდგა თითოეული ფეხბურთელი - ემი მარტინესის სიგიჟეები, დი მარიას ინდივიდუალური ოსტატობები თუ მოლინასა და სხვების სასიცოცხლო ჩარევები. გამონაკლისი არც ფინალი გამოდგა - მიუხედავად იმის, რომ არგენტინას საფრანგეთმა არაერთხელ დაუტრიალა თამაში, სკალონეტა არცერთხელ გატყდა - მეტიც არაერთხელ გაცოცხლდა და საბოლოოდ ყოველი არგენტინელის ოცნება რეალობად აქცია.
2026 წლის მუნდიალამდე არგენტინამ კიდევ ერთი კოპა ამერიკა მოიგო - ამერიკაში გამართული ტურნირის ფინალში სკალონეტამ კოლუმბია ლაუტარო მარტინესის გოლით დაამარცხა. ძირითადი დროის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ლეომ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო - სათადარიგოთა სკამზე გადამჯდარმა კაპიტანმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რას ნიშნავდა მესისთვის თეთრ-ცისფერი მაისურის ტარება. ცრემლიანმა ათიანმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა დახურა თუ არა ფეხბურთი წელიწადნახევრის წინ.
ცრემლები სიხარულით შეიცვალა - სკალონიმ მოედანზე ლაუტარო მარტინესი, ჯოვანი ლო ჩელსო და ლეანდრო პარედესი შეუშვა. სწორედ ამ სამეულის კომბინაციას მოჰყვა გამარჯვების გოლი. ლეომ კიდევ ერთხელ აღმართა გიგანტური თასი.
2026 წლის მსოფლიო თასზე ბევრი ლეოს არც ასეთ სათამაშო ფორმას ელოდა და არც ასეთ ემოციებს. გულშემატკივარმა მესის ბევრი ღიმილის შემდეგ, კაპიტნის გულამოსკვნილი ტირილიც იხილა - ეგვიპტესთან შემოტრიელებული საოცარი თამაშის შემდეგ ლეომ ცრემლები ვერ შეიკავა.
ცრემლები ვერ შევიკავე, რადგან ვიფიქრე რომ თანაგუნდელებს იმედები გავუცრუე
39 წლის ლეოს მუნდიალზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა უგროვდება - ბოლო ორი პასი მან ინგლისთან ნახევარფინალურ მატჩში იმ დროს შეასრულა, როდესაც დაბრუნება არგენტინისთვისაც კი ძალზედ რთული ჩანდა. ისტორიულ მატჩში გამათანაბრებელი გოლი სწორედ ენცო ფერნანდესმა გაიტანა, იმ ბიჭმა ვინც 10 წლის წინ მესის საჯარო წერილით მიმართა. ზედიზედ მეორე ფინალში გასვლა ლეომ მუხლებზე დავარდილმა აღნიშნა.
10 წლის შემდეგ მესი მეტლაიფზე ბრუნდება, ისევ ფინალში - ამჯერად მსოფლიო თასის. ათ წელიწადში ლეოსთვის უამრავი რამ შეიცვალა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ათიანი 80 000-იან არენაზე ფეხს მოგებული შედგამს. ფეხს შედგამს როგორც კონტინენტის ორ გზის და მსოფლიო ჩემპიონი, როგორც მენტალური მონსტრი, რომელსაც ზურგს ის ხალხი უმაგრებს, რომლებიც კაპიტნის გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

