ტურინის იუვენტუსში ლუჩანო სპალეტის მომავალი კლუბში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
შაბათს კომოსთან განცდილი მარცხი გუნდისთვის ზედიზედ მესამე წაგება იყო, ხოლო მოუგებელი სერია უკვე ხუთ მატჩს ითვლის.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა სპალეტის მუშაობას გალათასარაისა და რომასთან მომავალი შეხვედრების შემდეგ შეაფასებს. გარდა ამისა, გადაწყდება გენერალური დირექტორის, დამიენ კომოლის ბედიც, რაზეც საბოლოო სიტყვას ჰოლდინგ Exor-ის ხელმძღვანელი ჯონ ელკანი იტყვის.
აღინიშნება, რომ იუვენტუსის მთავარი მიზანი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა, რაც კლუბს ბოლო ორი წლის განმავლობაში შერყეული ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაში დაეხმარება.
26 ტურის შემდეგ ბიანკონერი სერია A-ს ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს და ერთი ქულით ჩამორჩება რომას, რომელსაც ერთი გამოტოვებული მატჩი აქვს.
სპალეტიმ იუვენტუსი სეზონის მსვლელობისას, იგორ ტუდორისგან გადაიბარა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. თუმცა, ეს სეზონი მან ბოლომდე შესაძლოა ვერც ჩაამთავროს.
გალათასარაისთან მატჩში იუვენტუსს 2:5-დან მოუწევს სიტუაციის გამოსწორება.