4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის, ალვარო არბელოას პრესკონფერენცია ვილიარეალთან მატჩის წინ.
იმედი მაქვს, მონაკოსთან მოგება გარდამტეხი იქნება
შეხვედრა ხვალ, 24 იანვარს, 23:55 საათზე სტადიონ ლა სერამიკაზე გაიმართება.
„ხვალინდელი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვილიარეალთან გამარჯვება თავდაჯერებას შეგვმატებს.
ვილიარეალი ძალიან კონკურენტუნარიანი მეტოქეა, ამიტომ რთული თამაში გველის. მაგრამ ვიცით, როგორი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ ხვალ, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ.
ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ მონაკოსთან დიდი გამარჯვება ჩვენთვის გარდამტეხი მომენტი გახდება. ვხედავ, როგორ მუშაობენ ფეხბურთელები დიდი მონდომებით. იმედი მაქვს, ამავე სულისკვეთებით გავაგრძელებთ. ჩემს განკარგულებაში ძალიან მოტივირებული მოთამაშეები არიან. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, ამიტომ ენთუზიაზმით ვარ სავსე.
ერთმანეთისთვის თავგანწირული ფეხბურთელების ხილვა მინდა
როგორი მინდა ვიხილო ჩემი რეალი მოედანზე? ტაქტიკისა და სქემის გარდა, მინდა ვიხილო შეკრული გუნდი, გამარჯვებულის მენტალიტეტით, შესანიშნავი დამოკიდებულებით და ფეხბურთელებით, რომლებიც ერთმანეთისთვის თავს სწირავენ — როგორც მონაკოსთან მატჩში. მინდა, გუნდმა რეალის ყველა ღირებულება ასახოს.
ზოგი ფეხბურთელი თავისთვის უცხო პოზიციაზე თამაშობს? ყველა ფეხბურთელს პირველ რიგში გუნდის დახმარება უნდა: კამავინგა, ვალვერდე… ისინი გასახდელში პრობლემებს არ ქმნიან. ედუარდო და ფედერიკო შესანიშნავი და უნივერსალური ფეხბურთელები არიან, რომლებიც ყოველთვის მზად არიან გუნდს დაეხმარონ და ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშონ.
პირველი დღიდანვე ფეხბურთელებმა მკაფიოდ დამანახეს, რომ გუნდის ინტერესებს პირადზე წინ აყენებენ.
ვიდეო, სადაც ლევანტესთან მატჩის წინ ბერნაბეუზე 15 ჩემპიონთა ლიგის თასის წინ შევჩერდი? ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო ბერნაბეუზე პირველი გუნდის მწვრთნელის რანგში. როცა ამ თასებს ჩაუვლი, რეალის მთელ ისტორიას გრძნობ. შევჩერდი, რომ პირველად მშვიდად დამეთვალიერებინა ისინი. სხვათა შორის, მონაკოსთან მატჩის შემდეგ ანჩელოტიმ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ისიც ამავე თასებთან დგას.
იანვრის ტრანსფერები? კმაყოფილი ვარ
ვინისიუსის კონტრაქტის გახანგრძლივება? ეს საკითხი ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს რეალის ხელმძღვანელობისა და ვინისიუსის საქმეა. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ვინისიუსი დარჩეს და კლუბის ისტორიაში საკუთარი სახელის წერას გააგრძელოს.
იანვრის ბოლომდე გავალთ თუ არა სატრანსფერო ბაზარზე? კმაყოფილი ვარ არსებული შემადგენლობით. საჭიროების შემთხვევაში აკადემიის ფეხბურთელებს გამოვიყენებთ.
ბელინგემი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, გამარჯვებულის მენტალიტეტით და ყველა საჭირო თვისებით რეალში სათამაშოდ. ჯუდი ჩვენი გუნდის ლიდერია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს.
ვერ ვიტყვი, რამდენად გახდნენ ფეხბურთელები ჩემი მოსვლის შემდეგ უფრო ბედნიერები
გაუმჯობესდა თუ არა ატმოსფერო გასახდელში ჩემი დანიშვნის შემდეგ? ვერ ვიტყვი, ფეხბურთელები უფრო ბედნიერები გახდნენ თუ არა, რადგან აქამდე გუნდს მე არ ვწვრთნიდი. რასაც ახლა ვხედავ, ის არის, რომ გასახდელმა ძალიან კარგად მიმიღო.
ძალიან მიხარია, რომ ბრაჰიმი დაბრუნდა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია გუნდისთვის საქმის გაკეთება. ბრაჰიმი მოტივირებულია და სურს გუნდის დახმარება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი პოტენციალი სრულად გამოვიყენოთ.
როდრიგო დაბრუნდა და ვილიარეალთან თამაშს შეძლებს.
ყველამ იცის, რას ნიშნავს მოურინიო ჩემთვის
მოურინიოს განცხადება? ყველამ იცით, რას ნიშნავს ჟოზე ჩემთვის. ყოველთვის ვცდილობ მოვუსმინო და გავაანალიზო ასეთი გამოცდილი და წარმატებული მწვრთნელის სიტყვები.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები