ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ნიკო უილიამსი კვირას, ბილბაოს ატლეტიკისა და ვალენსიას შორის გამართულ მატჩში, რომელიც მასპინძლების 1:0 მარცხით დასრულდა, პირველი ტაიმის დასრულებამდე შეცვალეს, რამაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ შეშფოთება გამოიწვია.
როგორც ჩანს, უილიამსმა ბარძაყის უკანა მყესის ტრავმა მიიღო და 37-ე წუთზე ის მისმა ძმამ, ინიაკი უილიამსმა შეცვალა სან მამესზე.
„ის ძლიერ კოჭლობდა. მსგავსი ტიპის ტკივილი აქამდე არ უგრძნია,“ - განაცხადა ინიაკი უილიამსმა.
„ეს შემაშფოთებელია, განსაკუთრებით ახლა, როცა ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. დაველოდოთ და ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ დასრულდება.“
23 წლის ნიკო უილიამსი, რომლის ტრავმის სიმძიმე ჯერ-ჯერობით უცნობია, ესპანეთის ნაკრების მუდმივი წევრია და შეტევაში ლამინ იამალთან ერთად თამაშობს, რომელიც ასევე ტრავმირებულია.
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის 55-კაციანი გაფართოებული სია უნდა გამოაცხადოს. „ლა როხა“ H ჯგუფში მოხვდა კაბო-ვერდეს, საუდის არაბეთისა და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად.