-
Aa
+
ფონტის ზომა
ოთხეული, რომელთა შორის ფინალისტებიც გაირკვევა და მედლებსაც გაითამაშებენ, კლასიკური სამუნდიალე გრანდები არიან. წლევანდელ ტურნირზე ხომ არ მომხდარა, რაც არაერთ მსოფლიო პირველობაზე გვინახავს - ნახევარფინალში ე.წ. მეორე ეშელონის წარმომადგენელი ნაკრებისა თუ რომელიმე Dark Horse-გუნდის მოხვედრა.
ნახევარფინალური წყვილები, რომლებსაც ტურნირის ტოპ-4 ფავორიტად მიჩნეული ნაკრებები შეადგენენ, იმდენად ძლიერია, პროგნოზების გაკეთებას მგონი აზრი აღარც აქვს, თუმცა სპეციალისტები თუ უბრალო ქომაგები ნახევარფინალურ დაპირისპირებებში მაინც აყენებენ წინ საფრანგეთსა და ინგლისს, მათივე ნაჩვენები თამაშებისა და შედეგების გათვალისწინებით.
ფრანგების მეხუთე ფინალი თუ ესპანელთა მეორე?
დიდიე დეშანის დამოძღვრილი საფრანგეთი რომ საოცრად შედეგიან ტურნირს ატარებს, გულშემატკივრებს იმის საფუძველს აძლევს, სამფეროვანთა შანსები ესპანელებზე მაღლა დააყენონ, თანაც, ლუის დე ლა ფუენტეს კრებული, მიუხედავად თითქმის იგივე ძირითადი შემადგენლობისა, ორი წლის წინანდელ ევროპის ტრიუმფატორ გუნდს საკმაოდ ჩამოუვარდება: ოპტიმალური ფორმისგან შორსაა შეტევის ვარსკვლავი ლამინ იამალი, ფერან ტორესი ვერაფრით ახერხებს მეტოქის კარში ბურთის მოხვედრას, დამაჯერებელი არც ნახევარდაცვა და მეკარე უნაი სიმონია, რომლის თამაშმაც უკანასკნელ შეხვედრაში, წესითა და რიგით, ესპანელებს განგაშის სიგნალი აუნთო. არადა ყველამ იცის, რომ შესანიშნავ ფორმაში არიან ლონდონის არსენალის გოლკიპერი დავიდ რაია და ბარსელონელი ახალწვეული ჟოან გარსია.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავდასხმის მონსტრებად ქცეულ ფრანგებს, რომლის შემტევ ხუთეულს - კილიამ მბაპეს, მაიკლ ოლისეს, უსმან დემბელეს, ბრედლი ბარკოლასა და დეზირე დუეს მიმდინარე ტურნირზე ჯამში 16 გოლი და 12 საგოლე გადაცემა აქვთ, თუ ვინმე შეაჩერებთ, ისევ და ისევ ესპანეთია - თავისთვის ჩვეული სტილით, სათამაშო სქემითა და ბურთის კონტროლით. „ფურია როხას“ ისღა დარჩენია სივრცე და გასაქანი არ მისცეს გოლზე დაგეშილ ფრანგ შემტევებს, თავად კი Deus ex machina-დ ქცეულ მიკელ მერინოს მორიგ გადამრჩენელ გოლს დაელოდოს...
სათქმელია ისიც, რომ საფრანგეთის ნაკრები ესპანეთის დონის მეტოქეს ამ მუნდიალზე ჯერ არც შეხვედრია. დამეთანხმებით, შვედეთი, პარაგვაი, მაროკო თუ ჯგუფში არსებული მეტოქეები, შესაძლოა, დეშანის გუნდის ნამდვილი ძალის საზომად არ გამოდგებოდნენ და მისთვის რეალური გამოცდა სწორედ ევროპის მოქმედი ჩემპიონი იყოს. სხვა სანაკრებო ტურნირებზე ერთმანეთთან მრავალი შეხვედრის მიუხედავად, მეზობლებს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი გაუმართავთ: ოცი წლის წინ, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ზიდანმა და კომპანიამ ესპანეთს თამაში შემოუტრიალა და 3:1 დაამარცხა ლუის არაგონესის საკმაოდ სიმპათიური კოლექტივი.
გერმანია 2006: მერვედფინალი, ესპანეთი - საფრანგეთი 1:3
1:0 დ. ვილია (28 პ.) 1:1 რიბერი (41) 1:2 ვიეირა (83) 1:3 ზიდანი (90+2)
ფოლკლენდის ომის მორიგი გამოძახილი და უკანასკნელი ტანგო
არგენტინელთა თავკაცი ლიონელ სკალონი ირწმუნება, ინგლისელებთან დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ საფეხბურთო მატჩია და სხვა არაფერიო მაგრამ რას ნიშნავს ამ ორი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი არგენტინელებისთვის, ეს უაღრესად პრინციპული და ისტორიული ჯახი, თავად სკალონისაც კარგად მოეხსენება. თუკი ამ ორი ნაკრების წინა სამუნდიალე შეხვედრებს გავიხსენებთ, დაძაბულობა, სკანდალები, დრამა, ცრემლი, ტკივილი და სხვა მრავალი ემოცია, მათ ქვეყნებს შორის მომხდარ ომამდეც კი არ კლებიათ
გუნდებს...
„ალბისელესტემ“ რომ ნახევარფინალამდე საპალნედამძიმებული სახედარივით იფორხილა, რამდენიმე მიზეზი აქვს. მთავარი ალბათ, მოქმედი ჩემპიონისთვის ჩვეული უმოტივაციობა, სიზარმაცეშეპარული მიდგომა და მეტოქეების
უპატივცემულობაა. შვეიცარიამდე ხომ იგი აფრიკის წარმომადგენლებს შეხვდა, ჯგუფი კი საერთო მოსაზრებით, საკმაოდ სუსტი ერგო... მაგრამ არაფრის დათმობას რომ არ აპირებს ლიონელ მესი, ეს ყველა მატჩში გამოჩნდა. თანაგუნდელების სუსტი ასპარეზობის ფონზე, 39 წლის სუპერვარსკვლავი რეკორდებს აუმჯობესებს და კარიერაში მესამე მუნდიალის ფინალს უმიზნებს. არგენტინელთა ლიდერს თითქოს დასამტკიცებელი აღარც არაფერი აქვს, მაგრამ ლომის სეხნია ლეოს „სამი ლომის“ წინააღმდეგ არასოდეს უთამაშია, რაც ამ პრინციპულ მატჩს დამატებით ინტერესს სძენს.
თუ არგენტინის ნაკრებს ზედიზედ სურს მსოფლიო პირველობის გადამწყვეტ მატჩში ასპარეზობა, ყველას უნდა აჩვენოს, რომ კაბო ვერდესთან, ეგვიპტესა თუ შვეიცარიასთან დანის პირზე სიარულით მოგებული შეხვედრები შემთხვევითობა იყო და ნახევარფინალში თამაში გამოასწოროს. თითქოს გვიან გამოღვიძებული მსოფლიო ჩემპიონები, ალექსის მაკ ალისტერი, ენცო ფერნანდესი, ხულიან ალვარესი და ლაუტარო მარტინესი თუ მოქმედებას არ მოუმატებენ, მათ კაპიტანს უკანასკნელი ტანგოს ცეკვა ბრინჯაოს მედლებისთვისღა მოუწევს...
მთელი მსოფლიო რწმუნდება, რომ 1966 წლის საშინაო ჩემპიონობის შემდეგ, საოცნებო თასის მოგებასთან ყველაზე ახლოს ინგლისის ნაკრები სწორედ ახლა იმყოფება. 60-წლიანი პაუზის შემდეგ მუნდიალის ფინალში გასვლა ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ჰარი კეინისა და ეფექტურ დამხმარე ძალად ქცეულ ჯიუდ ბელინგემის გუნდისთვის მართლაც რეალურია. ინგლისმა უნდა გატეხოს წყევლად ქცეული ნავსი და წყალში არ ჩაყაროს ხსენებული დუეტის წლევანდელი გარჯა, თორემ ვინ იცის, რა იქნება თუნდაც ახლო მომავალში...
თავის მხრივ, გერმანელ თომას ტუხელს, რომელსაც ჩემპიონატის დაწყებამდე კრიტიკა არ აკლდა, ნამდვილად შესწევს ძალა და სამწვრთნელო უნარები, როგორც არგენტინის დასაჯაბნად, ისე ფინალში დამხვედრ ძლიერი ევროპული კონკურენტის დასამარცხებლად. მოტივირებულმა „სამმა ლომმა“ ტურნირის მსვლელობისას, მატჩიდან მატჩამდე დახვეწა გამარჯვების ფორმულა, რაც სრულ საფუძველს იძლევა იმის სათქმელად, რომ ფეხბურთის სამშობლო პლანეტის მთავარი გათამაშების ფინალში დამსახურებულად ვიხილოთ.
ინგლისი-არგენტინის ჯახი მუნდიალების ისტორიაში აქამდე ხუთ ურთიერთშეხვედრას ითვლის:
ჩილე 1962: ჯგუფური ეტაპის II ტური, ინგლისი - არგენტინა 3:1
1:0 რ. ფლაუერსი (17 პ.) 2:0 ბ. ჩარლტონი (42) 3:0 გრივზი (67) 3:1 სანფილიპო (81)
ინგლისი 1966: მეოთხედფინალი, ინგლისი - არგენტინა 1:0
ჰერსტი (78)
მექსიკა 1986: მეოთხედფინალი, არგენტინა - ინგლისი 2:1
1:0 მარადონა (51) 2:0 მარადონა (55) 2:1 ლინეკერი (81)
საფრანგეთი 1998: მერვედფინალი, არგენტინა - ინგლისი 2:2 (4:3 პ.ს.)
1:0 ბატისტუტა (5 პ.) 1:1 შირერი (9 პ.) 1:2 ოუენი (16) 2:2 ძანეტი (45+1)
კორეა/იაპონია 2002: ჯგუფური ეტაპის II ტური, არგენტინა - ინგლისი 0:1
ბექჰემი (44 პ.)

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები

