პორტუგალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუშმა, პირდაპირ უპასუხა ყველაზე მთავარ კითხვას და დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მისი გუნდის ფუნდამენტური ნაწილი იქნება.
71 წლის სპეციალისტმა, რომელმაც ეროვნულ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ალ-ნასრში რონალდუსთან ერთად მუშაობის წარმატებული გამოცდილება უკვე გაიხსენა და აღნიშნა, რომ 41 წლის ფორვარდს ნაკრებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამის მიცემა შეუძლია.
სანამ ის თამაშობს და სათანადო ფორმაშია, ნაკრებში ყოველთვის გამოვიძახებ, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფარგლებში და იმ პირობებით, რაც გუნდისთვის იქნება საუკეთესო
მან რონალდუს პორტუგალიური ფეხბურთის სიმბოლო უწოდა და დასძინა:
მასთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა კრიშტიანუ ნაკრებისთვის და ჩემთვის პრობლემა არასდროს იქნება. გასულ წელს მასთან მუშაობა დიდი სიამოვნება იყო, მასთან საერთო ენის გამონახვა ძალიან მარტივია
ჟეზუშმა პორტუგალიის ნაკრებში რობერტო მარტინესი შეცვალა, რომელიც პოსტიდან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, ესპანეთთან 0:1 მარცხის შემდეგ გადადგა. ახალი მწვრთნელის მთავარი და გრძელვადიანი მიზანი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატია, რომელსაც პორტუგალია ესპანეთთან და მაროკოსთან ერთად უმასპინძლებს. მანამდე კი ჟეზუშის დებიუტი სექტემბერში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ, ერთა ლიგაზე შედგება.