ბარსელონას ბრაზილიელი შემტევი, რაფინია კარიერის საუკეთესო ფორმაშია.
სევილიასთან შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, მას ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საწყის შვიდ ტურში უკვე 12 გოლი დაუგროვდა. Opta-ს სტატისტიკის მიხედვით, ამ მაჩვენებლით მან 21-ე საუკუნეში ლიონელ მესის რეკორდი გააუმჯობესა და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება, რომელმაც 2014-2015 წლების სეზონის სტარტზე მადრიდის რეალის მაისურით 13 გოლი გაიტანა.
რაფინიას რონალდუს რეკორდის გამეორება ან მოხსნაც შეეძლო, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ის 76-ე წუთზე შეცვალა. მიუხედავად ამისა, ბრაზილიელი მოედანზე ცრუ ცხრიანის ახალ პოზიციას იდეალურად მოერგო და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთ შეხვედრაში (ლევანტესთან) ვერ მოახერხა თავის გამოჩენა, ბოლო ორ მატჩში კი ზედიზედ ორი ჰეთ-თრიკი შეასრულა.
მოედანზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის პარალელურად, კლუბის სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ გენერალურ ასამბლეაზე დაადასტურა, რომ ბარსელონა და რაფინია ახალ კონტრაქტზე აქტიურად მუშაობენ, რომელიც ბრაზილიელს კლუბში 2030 წლამდე დატოვებს. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, რადგან ფეხბურთელი თავს ქალაქსა და გუნდში იდეალურად გრძნობს და კარიერის დასრულებაც სწორედ ბარსელონაში სურს. აღსანიშნავია, რომ კლუბი ახალ ხელშეკრულებებს ხავი ესპარტსა და მარკ ბერნალსაც უმზადებს.