მსოფლიო ჩემპიონატის J ჯგუფში უცნაური სიტუაცია შეიქმნა - კვირას, კანზას-სითიში გასამართ მატჩში, შესაძლოა, ავსტრიასა და ალჟირს ხელს აძლევდეთ, რომ შეხვედრა განზრახ წააგონ.
არგენტინამ ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გაინაღდა. შესაბამისად, ავსტრია და ალჟირი, რომელთაც თითო მოგება და წაგება აქვთ, მეორე და მესამე ადგილებს გაინაწილებენ. პარადოქსია, მაგრამ ამ მატჩში მეორე ადგილზე გასვლა ნამდვილი სასჯელია.
საქმე იმაშია, რომ J ჯგუფის მეორეადგილოსანი პლეი-ოფში H ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, სადაც, დიდი ალბათობით, მოქმედი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პირველი ნომერი - ესპანეთის ნაკრები დახვდება.
ხოლო თუ გუნდი მესამე ადგილს დაიკავებს და საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვდება, მისი მეტოქე 1/16 ფინალში, მიმდინარე მონაცემებით, აშშ-ის ნაკრები იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია და კარგ ფორმაშია, მათთან თამაში ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე უძლეველ ესპანეთთან.
ალჟირისთვის ყველაზე იდეალური სცენარი ფრეა, ეს მათ ჯგუფიდან გასვლასაც გაუნაღდებს და ესპანეთთან საშინელ შეხვედრასაც ააცილებს. ორივე ნაკრებისთვის კარგი ისაა, რომ კვირას, მატჩის დაწყებამდე, სხვა ყველა ჯგუფის თამაშები უკვე დასრულებული იქნება და მათ ზუსტად ეცოდინებათ, რა ანგარიში რა მეტოქეს მოუტანთ.