ურუგვაის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატი სერიოზული ორგანიზაციული პრობლემებით იწყება.
საუდის არაბეთთან სადებიუტო მატჩამდე სულ რაღაც 24 საათით ადრე, მარსელო ბიელსას გუნდი საბუთების გამო მექსიკის აეროპორტში გაიჭედა.
გაუქმებული ფრენა და 16 წლის წინანდელი პროტესტი
ურუგვაელები მექსიკიდან მაიამიში უნდა გადაფრენილიყვნენ, თუმცა ადმინისტრაციული შეცდომების გამო მათი პირველი რეისი საერთოდ გაუქმდა. მეორე ჩარტერულ თვითმფრინავსაც პრობლემები შეექმნა, რის გამოც გუნდი ოფიციალურ მედიავალდებულებებზე რამდენიმე საათის დაგვიანებით მივიდა. ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციამ მომხდარში ფიფა დაადანაშაულა. ნაკრების სოციალურ ქსელებში კი ირონიულად გააზიარეს ლეგენდარული დიეგო ფორლანის 2010 წლის პოსტი, სადაც ის სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ზუსტად ანალოგიურ პრობლემებზე ჩიოდა.
მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ პრესკონფერენციაზე სიმშვიდე შეინარჩუნა და თქვა, რომ ფრენას გუნდისთვის პრობლემა არ შეუქმნია. თუმცა, სრულიად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა კაპიტან ხოსე მარია ხიმენესს. მადრიდის ატლეტიკოს მცველმა აღიარა, რომ სიტუაცია რთული იყო და მათ რიტმი დაუკარგა, თუმცა დრო სასტუმროში დასასვენებლად გამოიყენეს.
საუდის არაბეთის პრობლემები და მუნდიალის სატრანსპორტო კრიზისი
ესპანური მედია აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა ამერიკაში, მექსიკასა და კანადაში მიმდინარე მუნდიალის დიდ სატრანსპორტო კრიზისზე მიუთითებს. ირანის ნაკრები მკაცრი პოლიტიკური წესების გამო იძულებულია მექსიკაში იცხოვროს და აშშ-ში მხოლოდ მატჩის დღეებში ჩაფრინდეს. განელი თომას პარტი კი კანადამ ქვეყანაში ვიზის პრობლემების გამო საერთოდ არ შეუშვა.
ურუგვაის მეტოქე საუდის არაბეთსაც არ ჰქონია მშვიდი მოსამზადებელი პერიოდი. მათმა მწვრთნელმა, გეორგიოს დონისმა, რომელიც თანამდებობაზე სულ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, აღიარა, რომ გუნდთან ერთად მხოლოდ 12 ვარჯიშის ჩატარება მოასწრო. ბერძენი სპეციალისტის თქმით, დრო კატასტროფულად ცოტა იყო, თუმცა მას ფეხბურთელების სჯერა და მიიჩნევს, რომ მისი გუნდი კონკურენტუნარიანი იქნება.