მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე ტურში შვეიცარიის ნაკრებმა მეორე ტაიმში ნამდვილი შოუ მოაწყო და ბოსნია-ჰერცეგოვინა 4:1 გაანადგურა.
მურატ იაკინის გუნდს 70 წუთის განმავლობაში გაუჭირდა ბოსნიელთა დაცვის გარღვევა, თუმცა მწვრთნელის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა თამაშის ბედი სრულად შეცვალა.
მეკარეობის მსურველი ფორვარდის ბენეფისი
მატჩის მთავარი გმირი 20 წლის იოჰან მანზამბი გახდა. საინტერესოა, რომ ახალგაზრდობაში ის გერმანელი მეკარის, მანუელ ნოიერის ფანი იყო და თავადაც გოლკიპერობაზე ოცნებობდა, თუმცა დღეს შვეიცარიის ნაკრების ისტორიაში მუნდიალებზე მესამე ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.
მანზამბიმ 74-ე წუთზე ეფექტური ვოლით გახსნა ანგარიში, რასაც მალევე ბოსნიელი მუჰარემოვიჩის გაძევება მოჰყვა. ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ შვეიცარია იყო: რუბენ ვარგასმა სხვაობა ორამდე გაზარდა, შემდეგ კი ასისტი ისევ მანზამბის გაუკეთა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ბოსნიამ ერთი საპასუხო გოლი კი გაიტანა, თუმცა მატჩს წერტილი გრანიტ ჯაკამ პენალტით დაუსვა - 4:1.
შვეიცარია ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა და მომდევნო მატჩს ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელთან, კანადასთან გამართავს.