გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, მანუელ ნოიერმა დაადასტურა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე ეროვნულ გუნდს საბოლოოდ დაემშვიდობება.
ბაიერნის 40 წლის კაპიტანმა, რომელმაც ევრო 2024-ის შემდეგ სანაკრებო კარიერა ერთხელ უკვე დაასრულა, იულიან ნაგელსმანის თხოვნით გადაწყვეტილება შეცვალა, ახლა კი მიზნად კარიერის მეორე ოქროს თასით დასრულებას ისახავს.
„ეს ჩემი ბოლო ტურნირია“ - ნოიერი უკან აღარ მოიხედავს
პრესკონფერენციაზე ნოიერმა დეტალურად განმარტა, თუ რატომ დატოვა გუნდი თავდაპირველად და რატომ აღარ აპირებს აზრის შეცვლას ამერიკული მუნდიალის შემდეგ.
2024 წელს ნაკრებიდან კარგი მიზეზით წავედი, სახლში ჩატარებული შესანიშნავი ევროს შემდეგ. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში კლუბთან ერთად ნაკრებში თამაში ჩემთვის ზედმეტი სპორტული ტვირთი იქნებოდა. თუმცა, ახლა ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემი ბოლო ტურნირია. ორ წელიწადში, მომდევნო ევროზე, აქ ყოფნას აღარ ვგეგმავ. არ მინდა დამშვიდობებებზე ფიქრი, უბრალოდ თამაშით სიამოვნების მიღება მსურს
ნოიერის დაბრუნებამ ძირითადი შემადგენლობიდან ჰოფენჰაიმის მეკარე ოლივერ ბაუმანი გააყოლა, რომელიც მის არყოფნაში პირველ ნომრად მოიაზრებოდა. თუმცა, ვეტერანმა გოლკიპერმა აღნიშნა, რომ კოლეგასთან იდეალური ურთიერთობა აქვს და კურასაოსთან 7:1 მოგებულ მატჩშიც ერთმანეთს მაქსიმალურად უჭერდნენ მხარს.
გერმანიის ნაკრები, რომელმაც 2018 და 2022 წლების მუნდიალებზე ჯგუფში ჩარჩენის კოშმარი გამოიარა, მომდევნო მატჩს კოტ-დ'ივუარის წინააღმდეგ გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში გუნდი პლეი-ოფის საგზურს ვადაზე ადრე გაინაღდებს, ნოიერი კი ისტორიაში პირველი გერმანელი ფეხბურთელი გახდება, ვინც მსოფლიო ჩემპიონობას ორჯერ იზეიმებს.