-
Aa
+
ფონტის ზომა
გუშინ ნიდერლანდების ნაკრები მაროკოსთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა და 2026 წლის მსოფლიო თასს გამოეთიშა - დღევანდელ ბლოგში მუნდიალების ისტორიაში ყველაზე უიღბლო გუნდზე, ნიდერლანდების ნაკრებზე მოგიყვებით.
მართალია მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე მეტი ფინალი გერმანელებს აქვთ წაგებული, მაგრამ ბუნდესნაკრებმა ჩემპიონობაც არაერთხელ იზეიმა - არც მეტი, არც ნაკლები, ოთხჯერ. სამჯერ ფინალი არგენტინელებმაც წააგეს - მაგრამ კემპესის, მარადონასა და მესის წყალობით თასი მაინც აღმართეს, თან სამჯერ. ჩვენს სიაში შემდეგი ნაკრები ნიდერლანდებია, საფეხბურთო სამყაროში უფრო ცნობილი როგორც ჰოლანდია - ორანიეს ყველაზე ცნობილი შეძახილიც ხომ სწორედ “Hup Holland Hup” არის, რაც ქართულად წინ ჰოლანდიას ნიშნავს.
მუნდიალების სხვადასხვა წლებში ჰოლანდიამ სამი ფინალი წააგო - მფრინავ თუ არამფრინავ ჰოლანდიელებს სანუკვარი თასი არასდროს აღუმართავთ. ჰოლანდიელთა წარუმატებლობა მხოლოდ წაგებული ფინალებით არ შემოიფარგლება - რთული სათქმელია, რა უფრო მძიმეა, ზედიზედ წაგებული ორი ფინალი თუ ის რაც ნიდერლანდელებს მას შემდეგ ემართებათ.
მსოფლიო თასის ფინალი 1978. არგენტინა 3:1 ჰოლანდია.
1990 და 1994 წლის მუნდიალებზე ჰოლანდია მძიმე ბრძოლებში, მომავალ ჩემპიონებთან დამარცხდა - 2:1 და 3:2. 1998 წელს მეოთხედფინალში არგენტინის დამარცხების შემდეგ, ნიდერლანდელებს ისევ სელესაო გადაეყარა - რონალდოსა და კლუივერტის თითო გოლის შემდეგ, ბრაზილიამ თერთმეტმეტრინების სერიაში იმარჯვა. გუს ჰიდინკის შეგირდები მესამე ადგილისთვის მატჩშიც დამარცხდნენ.
მსოფლიო თასის ნახევარფინალი 1998. ბრაზილია 1:1 (4:2) ჰოლანდია.
2006 წელს ჰოლანდიელები ნიურბერგის ბრძოლაში პორტუგალიელებს დაუპირისპირდნენ - 16 ყვითელი და 4 წითელი ბარათი, მანიჩეს ერთადერთი გოლით პორტუგალია შემდეგ ეტაპზე გავიდა. 2010 წელს კი ნიდერლანდებმა მესამედ შეძლო ფინალში გასვლა - ბრძოლის კატეგორიიდან შორს არც იოჰანესბურგში გამართულ შეხვედრა იყო - 14 ყვითელი ბარათი, ერთი წითელი, არიენ რობენის გაფჭებული საოცარი მომენტი და 116-ე წუთზე გაშვებული გოლი. ანდრეს ინიესტამ ჰოლანდიელთა ოცნება კიდევ ერთხელ დაამსხვრია.
მსოფლიო თასის ფინალი 2010. ესპანეთი 1:0 ჰოლანდია.
ოთხი წლის შემდეგ ბრაზილიაში ჩასულმა ჰოლანდიელებმა იმედიანად დაიწყეს - ვან გაალის შეგირდებმა ნაცნობი მეტოქე, დელ ბოსკეს ესპანეთი პირველ ტურში 5:1 გაანადგურეს. მექსიკა, კოსტა რიკა და ნახევარფინალი - არგენტინა. კიდევ ერთი პენალტების სერია და კიდევ ერთი მწარე მარცხი. 1998 წლის მუნდიალისგან განსხვავებით, ნიდერლანდელებმა ბრაზილია მაჟორულ ნოტაზე დატოვეს - მესამე ადგილისთვის მატჩში ვან გაალის შეგირდებმა უკვე განადგურებულ ბრაზილიას კიდევ ერთი მწარე მარცხი აგემა - 3:0.
მსოფლიო თასისი ნახევარფინალი 2014. არგენტინა 0:0 (4:2) ჰოლანდია.
ჰოლანდიამ 2018 წლის მსოფლიო თასი გამოტოვა - 2022 წელს კატარში დაბრუნებულ ნიდერლანდელებს კი კიდევ არგენტინელებთან მოუწიათ გადაკვეთა, ამჯერად მეოთხედფინალში. ლუი ვან გაალი კიდევ ერთხელ დადგა ლიონელ მესის რვა წლის წინ ვერ დაწერილი ისტორიის წინააღმდეგ. საფეხბურთო სამყარომ კიდევ ერთი ბრძოლა იხილა მუნდიალზე და რა თქმა უნდა, ჰოლანდიის მონაწილეობით - ლუსაილში გამართული საოცრად დაძაბული დაპირისპირების გამარჯვებული 130 წუთში ვერ გამოვლინდა - 16 ყვითელი, ერთი წითელი და კიდევ ერთი პენალტების სერია, ისევ არგენტინა - ჰოლანდია. გამარჯვება ამჯერადაც ალბისელესტს დარჩა.
მსოფლიო თასის მეოთხედფინალი 2022. არგენტინა 2:2 (4:3) ჰოლანდია.
ორანიეში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის მთავარი მწვრთნელიც - მაგრამ ჰოლანდიელთა ბედისწერა არა. რონალდ კუმანის გუნდი ამჯერად მაროკოსთან დამარცხდა თერთმეტმეტრიანების სერიაში - ჰოლანდიელებმა გამათანაბრებელი გოლი 91-ე წუთზე გაუშვეს. ნიდერლანდელთაგან პენალტი სამმა ფეხბურთელმა გააფუჭა. ჰოლანდიის და მსოფლიო თასის ისტორია ისევ კლასიკურად დასრულდა.
მსოფლიო თასის 1/16 ფინალი 2026. ჰოლანდია 1:1 (2:3) მაროკო.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

