შონ ო’მალიმ UFC Freedom 250-ზე გამოსვლის შემდეგ საკუთარ ჰონორარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტიტულისთვის ბრძოლების შემდეგ მიღებულ ანაზღაურებასთან შედარებით, ამჟამად გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებს.
ყოფილმა ჩემპიონმა, რომელმაც ივენთზე აიმან ზახაბი დაანოკაუტა, განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია 600 000 დოლარის შესახებ სიმართლესთან ახლოსაა, თუმცა ეს თანხა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმ ჰონორარებს, რომლებსაც ის მარლონ ვერასა და მერაბ დვალიშვილთან სატიტულო დაპირისპირებებისას იღებდა.
ო’მალიმ ინტერვიუში აღიარა, რომ მსგავსი ფინანსური სხვაობა მისთვის ნამდვილად უსიამოვნოა. მან ასევე ეჭვი შეიტანა დანიელ კორმიეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იმის შესახებ, რომ ალექს პერეირა მძიმე წონით კატეგორიაში სატიტულო ბრძოლისთვის 10 მილიონ დოლარს იღებდა - მან განაცხადა, რომ მიუხედავად პერეირას დამსახურებისა, ამ ოდენობის თანხის გადახდა UFC-ის მხრიდან ნაკლებად სავარაუდოა.
ო’მალიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ UFC მას მომავალშიც ჩემპიონობის პრეტენდენტების ნაცვლად რეიტინგულ მებრძოლებთან დაპირისპირებას შესთავაზებს, ის სატიტულო ბრძოლების შესაბამის ანაზღაურებას მოითხოვს.