ოქროს ბურთის მოლოდინში: ჰარი კეინის უკანასკნელი შანსი?
ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინი კარიერის, სავარაუდოდ, უკანასკნელ მუნდიალს საუკეთესო ფორმაში ხვდება. მიუნხენის ბაიერნში გატარებული ფენომენალური სეზონის შემდეგ, სადაც 61 გოლი გაიტანა და ევროპის ოქროს ბუცი მოიგო, ის ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი კანდიდატია. თუ ქეინი ინგლისს 60-წლიან ნატვრას აუსრულებს და მსოფლიო თასს მოაგებინებს, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული გარანტირებული ექნება.
ისტორიული რეკორდები და რევანშის წყურვილი
32 წლის ფორვარდს მუნდიალზე პირადი მოტივაციაც აქვს - მას მსოფლიო ჩემპიონატებზე 8 გოლი აქვს გატანილი და გარი ლინეკერის ინგლისურ რეკორდამდე (10 გოლი) სულ ცოტა აკლია. კეინი მიროსლავ კლოზეს ისტორიულ 16-გოლიან ნიშნულსაც უმიზნებს, თუმცა მანამდე ჯგუფში პანამასა და განას ბარიერია გადასალახი.
ეს ტურნირი ჰარისთვის 2022 წლის კოშმარული მუნდიალის რევანშიცაა, სადაც საფრანგეთთან მეოთხედფინალში გადამწყვეტი პენალტი ააცილა. „ეს ჩემს კარიერაში უმძიმესი მომენტი იყო, თუმცა ამან ფსიქოლოგიურად უფრო გამაძლიერა“, - აღიარა კაპიტანმა.
ტუხელის სკანდალური გადაწყვეტილება და გადაღლილობის შიში
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის სკანდალურმა გადაწყვეტილებამ, განაცხადს მიღმა დაეტოვებინა კოულ პალმერი, ფილ ფოდენი და მორგან გიბს-უაიტი, მთელი შეტევითი პასუხისმგებლობა ქეინსა და ჯუდ ბელინგემს დააკისრა.
მთავარი საფრთხე ახლა კაპიტნის ფიზიკური გადაღლილობაა. ბაიერნში ჩატარებული მძიმე სეზონის (51 მატჩი) შემდეგ, არსებობს რისკი, რომ ამერიკულ სიცხეში მას ევრო 2024-ის მსგავსად ენერგია გამოელიოს. მიუხედავად ამისა, ქეინი ოპტიმისტურადაა განწყობილი: „ბავშვობაში ამაზე ვოცნებობდით. კარიერა ხანმოკლეა, შიშის გამო დროს რატომ უნდა ვკარგავდეთ? ჩვენი მიზანი მხოლოდ მსოფლიო თასის მოგებაა“.