-
Aa
+
ფონტის ზომა
მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლო და 90-იანი წლების დასაწყისი კოლუმბიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს უკავშირდება - ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოკარტელის ხანაა. უდიდესი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის ძალაუფლების პიკი, მწვავე დაპირისპირება ხელისუფლებასთან და მისი საბოლოოდ ლიკვიდაცია - პაბლოს დამხობაში დიდი როლი მომავალი მუნდიალის მასპინძელმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ითამაშა.
ქვეყნისთვის რთულ პერიოდში ფეხბურთი მძიმე ყოფისგან გაქცევის საშუალებად იქცა - ატლეტიკო ნასიონალი გახდა პირველი კოლუმბიური გუნდი, რომელმაც კოპა ლიბერტადორესის (სამხრეთამერიკული ჩემპიონთა ლიგა) მოგება შეძლო. ფრანცისკო მატურანომ, რომელიც ერთდროულად ნასიონალსაც წვრთნიდა და კოლუმბიის ნაკრებსაც, ეროვნული გუნდი მედელინური კლუბის ფეხბურთელების გარშემო ააწყო.
1990 წელს მატურანომ ნაკრები დატოვა, სამ წელიწადში კი პოსტზე დაბრუნდა. “ლოს კაფატეროსის” აღმასვლა 1992 წლის ბოლოდან დაიწყო და 1993 წლის თებერვალში დაბრუნებულ მატურანოსთან ერთად გაგრძელდა - კოლუმბიის ნაკრები ამერიკის მუნდიალამდე 28 მატჩიანი წაუგებელი სერიით მივიდა. მათ შორის იყო მესამე ადგილი 1993 წლის კოპა ამერიკაზე ( კოლუმბიამ ნახევარფინალი პენალტების სერიაში არგენტინასთან დათმო).
ბრწყინვალედ ჩატარებული საკვალიფიკაციო ციკლის შემდეგ, კოლუმბიელების მოლოდინი ბოლო ტურის მატჩში, ბუენოს აირესში არგენტინის განადგურებამ გააასმაგა - ლოს კაფატეროსმა ბოლო ორი მუნდიალის გამარჯვებულსა და ფინალისტს მონუმენტალზე 0:5 სძლია. “სირცხვილი” - წაიკითხავდით არგენტინული “ელ გრაფიკოს” წინა გვერდზე.
არგენტინა 0:5 კოლუმბია. ბუენოს აირესი. 1993.
მიუხედავად კოლუმბიელთა საკულტო მეკარის, ცნობილი მორიელი-სეივის ავტორის, რენე იგიტას პაბლო ესკობართან კავშირის გამო პატიმრობისა, მატურანოს გუნდი მუნდიალზე დიდი იმედებით გაემგზავრა. 1994 წლის მსოფლიო თასის წინ, ბევრი კოლუმბიას არა უბრალო ფავორიტად, არამედ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებადაც მიიჩნევდა.
ჩემი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი კოლუმბიაა
პელე, 1994 წლის მუნდიალის წინ.
ერთიანობისა და ეროვნული აღმაფრენის ისეთი განცდა, როგორიც პერუსთან ომის შემდეგ აღარ გვინახავს - კარგად ასახავდა მუნდიალის წინა პერიოდის ოპტიმიზმს კოლუმბიური პრესის ეს შეფასებაც. მოლოდინების გასამართლებლად კარლოს ვალდერამას, ანდრეას ესკობარს, ფაუსტინო ასპრილისა და კომპანიას დასაწყისისთვის ჯგუფური ეტაპი უნდა გადაელახათ - ლოს კაფატეროსი A ჯგუფში მასპინძელ ამერიკასთან, რუმინეთსა და შვეიცარიასთან ერთად აღმოჩნდა.
კოლუმბიის ნაკრები რუმინეთთან მატჩის წინ. 1994 წლის მუნდიალი.
კოლუმბიის ამერიკული თავგადასავალი 18 ივნისს, პასადენაში დაიწყო. როუზ ბოულ სთედიუმზე შეკრებილმა 92 000 მაყურებელმა კარპატელ მარადონად წოდებული გრეგორი ჰაჯიმ ბენეფისი იხილა - რუმინელმა სამხრეთამერიკელებს 40 მეტრიდან გაუტანა, ხოლო ორჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. მატურანოს შეგირდები ზეციდან კალიფორნიის ცხელ მიწაზე დაეშვნენ.
ოთხ დღეში როუს ბოულზე კიდევ უფრო მეტი, 94 000 მაყურებელი შეიკრიბა - “სამკვდრო-სასიცოცხლო” მატჩში კოლუმბია მასპინძელ ამერიკას დაუპირისპირდა. სიტუაციას კიდევ უფრო კოლუმბიელი ხალხის ამერიკისადმი არც ისე თბილი დამოკიდებულება ძაბავდა - ბევრი კოლუმბიელის აზრით აშშ ეროვნულ საკითხებში ზედმეტად ჩარეულ ძალად აღიქმებოდა. ასევე შეერთებულ შტატებს უშუალო კავშირი ჰქონდა პაბლო ესკობარის დამხობასთან, რომელიც ქვეყნის ნაწილში საკმაო პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა.
მატჩის 35-ე წუთზე ჯონ ჰარკსის ჩაწოდების ჩაჭრა კოლუმბიელთა მცველმა, ანდრეს ესკობარმა სცადა - ბურთი ოსკარ კორდობას კარში აღმოჩნდა. “ავტოგოლი - რა ტრაგედიაა კოლუმბიის დაცვისთვის” - თქვა მატჩის კომენტატორმა.
ანდრეს ესკობარი საკუთარ კარში გატანილი გოლის შემდეგ.
ამერიკელებმა მეორე ტაიმში კიდევ გაიტანეს - ადოლფო ვალენსიამ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანაღა მოახერხა. ყვითლები მეორე მატჩშიც დამარცხდნენ - ამერიკული ოცნება სულ რაღაც ოთხ დღეში დასრულდა.
ამერიკის ნაკრები აღნიშნავს კოლუმბიის კარში გატანილ გოლს.
კოლუმბიელებს მუნდიალი გამარჯვების გარეშე მაინც არ დაუტოვებიათ - ჯგუფში ჩარჩენილმა ლოს კაფატეროსმა მესამე ტურის მატჩში შვეიცარიას 0:2 სძლია.
ალექსის მენდოზა და ლეონელ ალვარესი შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ.
იმისდა მიუხედავად, რომ ანდრეს ესკობარს ნაკრებთან ერთად სამშობლოში დაბრუნებისგან თავის შეკავება ურჩიეს, ატლეტიკო ნასიონალის ცენტრალური მცველი კალიფორნიიდან მაინც მედელინში გაემგზავრა და არც მუნდიალზე გამართული ბოლო მატჩიდან ხუთ დღეში მეგობრებთან ერთად გართობაზე თქვა უარი. გამთენიისას, კლუბის პარკინგზე მანქანაში მჯდომს სამი უცნობი მიუახლოვდა. ესკობარს 6-ჯერ ესროლეს - გადმოცემის თანახმად, მკვლელი ყოველი სროლის შემდეგ ყვიროდა “გოლ”, ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც მატჩის კომენტატორმა იყვირა ანდრესის გოლის დროს. ესკობარი სროლიდან 45 წუთში, საავადმყოფოში გარდაიცვალა - ანდრესი 27 წლის იყო.
ანდრეს ესკობარის გასვენება ქალაქ მედელინში, რომელსაც 120 000 ადამიანი დაესწრო.
"ფეხბურთი კუნძული არაა, ის სოციალურ-კულტურული კონტექსტის ნაწილია "- თქვა მატურანომ წლების შემდეგ.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

