2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულზე, ოქროს ბუცზე გადადის. გამოცემა The Football Faithful-მა იმ 5 მთავარი ფავორიტის სია შეადგინა, რომლებსაც ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების ყველაზე დიდი შანსი აქვთ:
კილიან მბაპე (საფრანგეთი)
ფრანგი ვარსკვლავი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უკვე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. 2018 წლის მუნდიალის მოგებისა და 2022 წლის ტურნირის ოქროს ბუცის (8 გოლი, მათ შორის ჰეთ-თრიქი ფინალში) დასაკუთრების შემდეგ, ის მიმდინარე გათამაშების მთავარი ფავორიტია.
ჰარი კეინი (ინგლისი)
ინგლისის ნაკრების კაპიტანი მიზნად ისახავს გახდეს პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც ორ სხვადასხვა მუნდიალზე მოიპოვებს ოქროს ბუცს (პირველი 2018 წელს მოიგო). კეინი ფენომენალურ ფორმაშია - მიმდინარე 2025/26 სეზონში მან მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში 51 მატჩში 61 გოლი გაიტანა.
მიკელ ოიარსაბალი (ესპანეთი)
ევროპის ჩემპიონთა შემადგენლობაში გამოკვეთილი, კლასიკური ცხრიანის არყოფნის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ესპანელთა შეტევას სწორედ რეალ სოსიედადის 29 წლის ფორვარდი უხელმძღვანელებს. მას ეროვნულ გუნდში 52 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი, აქედან 6 საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია)
ნორვეგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 1998 წლის შემდეგ პირველად ბრუნდება, ჰალანდისთვის კი ეს სადებიუტო მუნდიალია. ის დღეს მსოფლიოს საუკეთესო გოლეადორად ითვლება, რაც შესარჩევ ეტაპზეც დაამტკიცა, სადაც სულ რაღაც 8 შეხვედრაში 16 გოლი მიითვალა.
ლიონელ მესი (არგენტინა)
არგენტინის ნაკრების კაპიტანი მოქმედი ჩემპიონის ტიტულის დასაცავად გუნდს კარიერაში უპრეცედენტო, მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე გაუძღვება. 2022 წელს ყატარში მან 7 გოლი გაიტანა, თუმცა ბომბარდირთა რბოლაში მბაპეს ჩამორჩა. ოქროს ბუცი ერთ-ერთია იმ მცირე ჯილდოებიდან, რომელიც მის სარეკორდო კარიერაში ჯერ არ მოუგია.