სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ფეხბურთში ორსულობის გამო დისკრიმინაციის საქმეზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
იტალიურ კლუბ ლაციოს შვედი ფეხბურთელის, მაია გოტბერგის სასარგებლოდ 70 000 ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა მას შემდეგ, რაც კლუბმა ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი მისი ორსულობის შესახებ შეტყობინებისთანავე განაცხადა.
საქმის დეტალების თანახმად, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გოტბერგმა კლუბს ორსულობის შესახებ აცნობა, ურთიერთობა მყისიერად შეწყდა. ლაციომ თავდაპირველად კონტრაქტის არსებობის ფაქტი უარყო, რის გამოც ფეხბურთელმა ფიფას ტრიბუნალზე დავა წააგო, თუმცა საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრების შედეგად გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ შეიცვალა.
მტკიცებულებად წარდგენილმა WhatsApp-ის მიმოწერამ დაადასტურა, რომ კლუბი ინფორმირებული იყო ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ.
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის ქალთა ფეხბურთში, რადგან ადასტურებს, რომ კლუბებს არ აქვთ უფლება, შეწყვიტონ შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ორსულობის გამო, მაშინაც კი, თუ კონტრაქტი სრულად ფორმალიზებული არ არის.
ფიფპრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქმე ასევე იცავს ორსულობასთან დაკავშირებული სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობას.